2026-06-15

13:42

თენგიზ შარმანაშვილი - რატომ ხდება ქურდობა, იმიტომ ხდება, რომ დაუსჯელობის განცდა აქვს ვინმეს? არა უბრალოდ, ადამიანი ხანდახან სჩადის ხოლმე დანაშაულს

15-06-2026 11:47

შეიძლება რაღაც, მათ შორის საზარელი დანაშაული მოხდეს, მაგრამ სახელმწიფოს რეაგირება ექნება მხოლოდ მაშინ, თუ ამის ფაქტები ხელთ ექნება - როდესაც დიდ კოლექტივთან გვაქვს საქმე, რა თქმა უნდა, აღმოჩნდება ადამიანთა გარკვეული წრე, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც „ტვ პირველის“ ეთერში გასულ კადრებს გამოეხმაურა, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემენ პოლიციელები მოქალაქეებს.

შარმანაშვილის თქმით, როდესაც კადრები გავრცელდა, ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ სახელმწიფოს უკვე რეაქცია ჰქონდა.

„ეს არის უბრალოდ, ყოვლად წარმოუდგენელი პიარი. ერთ რამეს უნდა დავაკვირდეთ - როდესაც, თითქოსდა ურთიერთგამომრიცხავი ორგანიზაციები ერთი ნარატივით და მიმართულებით ლაპარაკობენ, უკვე აშკარაა, რომ ერთი ცენტრიდან წამოსული დირექტივაა ჩაშლილი - სიტყვები მაინც გადაანაცვლონ ერთმანეთში. რასთან გვაქვს საქმე? შეიძლება რაღაც, მათ შორის საზარელი დანაშაული მოხდეს, მაგრამ სახელმწიფოს რეაგირება ექნება მხოლოდ მაშინ, თუ ამის ფაქტები ხელთ ექნება. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ადრე თუ გვიან ეს ცნობილი ხდება ხოლმე საქართველოში და სასჯელი გარდაუვალია. არავის ჰქონდეს იმედი, რომ თუ მისი დანაშაულებრივი, მით უმეტეს ძალადობასთან დაკავშირებული საქმიანობა, რაღაც პერიოდის განმავლობაში სახელმწიფოსთვის შეიძლება ცნობილი არ იყოს, მათ უნდა იცოდნენ, რომ ადრე თუ გვიან, იმიტომ რომ პატარა ქვეყანაა, ეს ცნობილი გახდება და რეაქციაც არ დააყოვნებს. აქ მაშინ იქნებოდა კითხვები დასასაბუთებელი, თუ იმის შემდეგ, რაც ოფიციალურად ცნობილი გახდა ეს სახელმწიფოსთვის, რაღაცა წლების გასვლა დაიწყებოდა, ვიდრე რეაქცია იქნებოდა მიცემული ამ საქმისთვის, მაგრამ ეს ასე არ არის. როდესაც ამაზე ხმაური დაიწყო, ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ სახელმწიფოს უკვე რეაქცია ჰქონდა. ეს ადამიანები უკვე დაპატიმრებულები იყვნენ, საქმეც უკვე მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლომდე და ლოგიკურ დასასრულამდე მივა”, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილი.

დამაზუსტებელ კითხვაზე, რომელიც პოლიციელის მხრიდან ჩადენილო ძალადობის სისტემურობას შეეხებოდა, თენგიზ შარმანაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი დანაშაული სისტემური ხასიათის არ არის.

„არა, რა თქმა უნდა [არ არის სისტემური დანაშაული]. სისტემური დანაშაული არის, როდესაც პოლიტიკური ხელისუფლება მაგალითად, სამართალდამცავი ორგანოებისადმი იძლევა მესიჯს, რომ „ამ მიმართულებით, რაც არ უნდა რეპრესიები ჩაატარო, მე შენ პოლიტიკურად დაგიცავ“. ეს არის სისტემური დანაშაული, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო. როდესაც მათ გამოაცხადეს ნულოვანი ტოლერანტობა, და თავის სამართალდამცავ ორგანოებს უთხრეს, რომ „ქუჩაშიც შეგიძლიათ დახოცოთ ხალხი, ოღონდ საზოგადოება დაშინებული იყოს და ხმა არავინ ამოიღოს. ციხეშიც აუტანელი პირობები შექმენით - იმ საკანში, სადაც 10 კაცი უნდა იმყოფებოდეს, 40 კაცი შეყარეთ, რათა აუტანელი პირობები შეიქმნას თუნდაც ე.წ. რამე კეთილშობილი მიზნების მისაღწევად“.

ამერიკაში პოლიციელებს არ აკავებენ? როგორ არ აკავებენ - სისტემური დანაშაულია ეს? სისტემური დანაშაული არის მაშინ, როდესაც კარტ-ბლანში, როდესაც ამის ჩადენის კურთხევა ამ ორგანოებისადმი პოლიტიკური ხელისუფლების მიერ არის გარანტირებული და აქ პირიქით გვაქვს საქმე. როგორც კი ცნობილი ხდება ეს სახელმწიფოსთვის, მყისიერად იძლევა რეაქციას”, - განაცხადა შარმანაშვილმა.

კითხვაზე, რატომ შეიძლება ხდებოდეს პოლიციელის მხრიდან მსგავსი დანაშაულები და დაუსჯელობის განცდა ხომ არ აქვთ მათ, შარმანაშვილმა უპასუხა, რომ არა.

„კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც... არა [დაუსჯელობის განცდა არ აქვთ]. რატომ ხდება ქურდობა? იმიტომ ხდება, რომ დაუსჯელობის განცდა აქვს ვინმეს? არა, უბრალოდ ადამიანი ხანდახან ჩადის ხოლმე დანაშაულს. რატომ ხდება მკვლელობა? ის, ვინც მკვლელობას ჩადის, იმიტომ აკეთებს ამას, რომ დაუსჯელობის სინდრომი აქვს? რა თქმა უნდა, არა.

როდესაც დიდ კოლექტივთან გვაქვს საქმე, 40 000-იან კოლექტივში, რა თქმა უნდა, აღმოჩნდება ადამიანთა გარკვეული წრე, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს. საქმე ის არის, რომ სახელმწიფო ამის მიმართ არ იქნება არასდროს შემრიგებლური და დასჯას ვერ ასცდება ვერც ერთი ასეთი ადამიანი”, - განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, თენგიზ შარმანაშვილი გამოეხმაურა „ნაციონალურ მოძაობაში“ მიმდინარე პროცესებს.

„ოპოზიციური ალიანსი“ იმდენად დიდი უაზრო ერთობა იყო და გაერთიანებაში იმდენად შეუთავსებელი ადამიანები იყვნენ, ეს რომ დაიშლებოდა, ამის თქმას დიდი ნიჭი არ სჭირდებოდა, რადგან ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც არანაირი ღირებულებები არ გააჩნიათ. ხმამაღლა ყვირიან და რაღაცებს ამბობენ, მაგრამ მათი ღირებულებები ნულია. მთავარი ღირებულება რაც მათ არ გააჩნიათ, არის ის, რომ სამშობლოს სიყვარული და შეგრძნება, რომ სამშობლო აქვთ. ძალიან დიდი გადარჩენაა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი პარტიაში ეყოლებათ. ხანდახან მიკვირს, „ნაცმოძრაობა“ სწორ ნაბიჯებს როგორ მიაგნებს ხოლმე. მმართველი პარტიისთვის დიდი „დარტყმაა“, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის მსგავს „ძლიერ პოლიტიკურ“ ფიგურას მიაგნეს, ახლა ცოტა გაგვიჭირდება”, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები