ლევან რატიანი - გორში, პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, კლინიკური გამოვლინებების არარსებობის შემთხვევაში, პაციენტი ბინაზე 72 საათში გაეწერება
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
კლინიკის ხელმძღვანელის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.მისივე თქმით, კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევის შედეგად, კეროვანი დაზიანება პაციენტთან არ გამოვლენილა და ის შემდგომი დაკვირვებისთვის ნევროლოგიურ განყოფილებაში იმყოფება.„პაციენტი შემოყვანილია ჩვენს კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ.
ჩვენთვის ანამნეზი ცნობილია. კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევის შედეგად, კეროვანი დაზიანება პაციენტთან არ გამოვლენილა. ამ ეტაპზე, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ჩაუტარდა ყველა ბიოქიმიური კვლევა, ასევე, ყველა დარგის სპეციალისტთან კონსულტაცია. შემდგომი მონიტორინგისათვის, დინამიკაში დაკვირვებისთვის, დაყოვნდა პაციენტი ნევროლოგიურ განყოფილებაში.
თუ კლინიკური მდგომარეობა როგორც არის ისე გაგრძელდა, ჩივილი არ დაფიქსირდა, არ დაფიქსირდა ის კლინიკური გამოვლინება, რაც დამახასიათებელია ამა თუ იმ მდგომარეობისათვის, პაციენტი 72 საათში გაეწერება ბინაზე", - განაცხადა ლევან რატიანმა.ცნობისთვის, გორში, კომბინატის დასახლებაში, დაკავებისას პოლიციელები მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პოლიციელი დააკავა. თავად დაზარალებულმა პაპუნა ლოცულაშვილმა იზოლატორი უკვე დატოვა, თუმცა მის წინააღმდეგ გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით მიმდინარეობს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, პაციენტს თავბრუსხვევა აღენიშნებოდა და მან გონება ორჯერ დაკარგა.
ნანახია: 33
მსგავსი სიახლეები
clickss