ილია მეორემ უპოვრებისთვის საგანგებო ვახშამი გამართა და ყველა მათგანი გულში ჩაიხუტა - უცნობი ამბები პატრიარქის შესახებ
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე ამ ქვეყნიდან ისე წავიდა, რომ უპოვრებისთვის საგანგებო ვახშამი გამართა და ყველა მათგანი გულში ჩაიხუტა - უცნობ ამბებს საქართველოს პატრიარქის შესახებ "ტვ პირველს" თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა უყვება.
მამა შალვა ამბობს, რომ ამ ვახშამზე პატრიარქმა საგანგებოდ დაიბარა მომღერლები და მათ საზეიმო ტანისამოსში გამოწყობა მოსთხოვა.
სასულიერო პირი ამბობს, რომ ილია მეორე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ერთნაირად ზრუნავდა.
"ის ყველას პატრიარქი და ყველას მამა იყო" - ამბობს გადაცემა "დღის ამბებში" მამა შალვა.
როცა გახსნილდა შობის შემდეგ, მთელი თბილისის მათხოვრები შემოგვაკრებინა, საპატრიარქოში თქვა, ძალიან ძვირფასი სტუმრები მომდისო, მომსახურე პერსონალი დაიბარა სტუმრების მოსამსახურებლად და სასწაული სუფრა გააწყო. ერთი ჩვენი მეგობარია გიორგი წამალაშვილი ოპერის მომღერალი, დედა ბარბარეს მასთან დაარეკინა, უთხრა ძალიან ძვირფასი სტუმრები მყავს და რომ მოხვიდეთ და იმღეროთო. ოღონდ ძალიან კარგად ჩაიცვიო, რომ შემოვიდა ძაან ცუდი სუნი იდგაო და მეგონა კანალიზაცია გასკდა საპატრიარქოშიო, რომ შევიდა ნახე ეს, ჩვენც იქ ვიყავით. პატრიარქი შუაში იჯდა. საოცარი რა იყო, რაც თვალში ძალიან მომხვდა იმ დღეს, ეს ხალხი რომ მოვიდა და დავსვით ამ სუფრასთან. პატრიარქი ჯერ ჩამოსული არ იყო, არავის არ დაუკარებია საჭმელზე ხელი, ხო ძალიან მოშიებულები იყვნენ, არავინ არ გაკარებია საკვებს. მოწესრიგებულად ისხდნენ, პატრიარქი შემოვიდა, დალოცა ყველანი, აკურთხა სუფრა და მერე დაიწყეს ჭამა, ოღონდ სწრაფად კი არ ჭამდნენ, მოწიწებით, ნელა. მერე იცეკვეს იმღერეს, მომღერლები ჰყავდა უწმინდესს. საოცარი განცდა იყო. ამას პატრიარქი არასდროს არ აშუქებდა, ვინმეს ოდესმე მოგისმენიათ მსგავსი რამე? მერე ყველას ჩაეხუტა, 100-100 დოლარი დაურიგა ყველას, მე მეჭირა ეს ფული ხელში, მე ვიცინოდი, სათითაოდ ურიგებდა და ყველა გულში ჩაიკრა. იმიტომ, რომ პატრიარქი ყველას პატრიარქი იყო, ყველას მამა იყო. ჯერ ჩვენ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ, რა დანაკლისი გვაქვს", - ამბობს მამა შალვა კეკელია.
სასულიერო პირი ასევე საუბრობს პატრიარქის ყვავილებისადმი დიდი სიყვარულზე. იხსენებს ერთ ისტორიას, როცა ილია მეორემ ყვავილები ქართველებს შეადარა.
პატრიარქს ძალიან უყვარდა ყვავილების გადალაგება-მონაცვლეობა, ერთ დღეს მოინდომა ეს ძალიან ლამაზი ყვავილები წინ ყოფილიყო, დაგვალაგებინა ეს ყვავილები. საათნახევარი ვალაგებდით, მერე უწმიდნესი სავარძელში ჩაჯდა, უყურებს ამ ყვავილებს და ამბობს - შეხედეთ ამ ყვავილებს, როგორ ქართველებივით არიან, ყველა ერთმანეთზე ლამაზიო, უნიჭიერესიო და არავის, არავისზე უკან დგომა არ უნდაო, ყველას უნდა წინ იდგესო, არადა როგორ უნდა დააყენო ყველა წინ. ვიღაცა ვიღაცის უკან ხომ უნდა იდგესო. ვერ ეგუებიან, ვიღაცა ვიღაცის უკან რომ არისო. მთელი ქვეყანა ერთ წამში უცებ შეაფასა ამით. ძალიან გამორჩეული იყო", - ამბობს მამა შალვა.
თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი ასევე "ტვ პირველს" უყვება პატრიარქის ბოლო დაბადების დღეზე, როცა მან და მამა ნათანაევმა ილია მეორეს ხალხის წერილები გადასცეს - "ერთ-ერთი იყო 8 წლის ბავშის წერილი, ეუბნებოდა, "თქვენო უწმიდესობავ, მე რომ გავიზრდები, თქვენთან უნდა მოვიდეო".
მამა შალვას თქმით, უწმინდესს და უნეტარესს ძალიან უხაროდა ყველა წერილის მოსმენა და ბედნიერი იყო, რომ ხალხისგან ასეთ სიყვარულს იღებდა.
დაბადების დღეს მე და უზმინდესის მეგობარმა მოვიფიქრეთ, რომ რაიმე საჩუქარი გავუკეთოთ პატრიარქსო, ჩვენთან ტაძარში დავდგით დიდი ყულაბა, ხალხი მოდიოდა და ყველა თავის სურვილს პატრიარქს უწერდა. ეს წერილები დიდ ყულაბაში მოვათავსეთ. მერე, 5 იანვარს, დაბადების დღის მეორე დღეს უწმინდესთან მივედით მე და მამა ნათანაევი. ვფიქრობდით, ერთ-ორ წერილს წავუკითხავდით. მაგრამ არ გაგვაჩერა, ძალიან დიდხანს ვკითხულობდით ამ წერილებს. ისმენდა და ძალიან გახარებული იყო. თან ისეთი წერილები ამოვიდა სულ, ერთი იყო 8 წლის ბავშვის წერილი, ეუბნებოდა, "თქვენო უწმიდესობავ, მე რომ გავიზრდები, თქვენთან უნდა მოვიდეო. მიყვარხართო და მინდა გრიგოლ ხანძთელის ასაკამდე იცხოვრეოთ" - რაღაც ასეთი წერილი იყო. ერთს ჰქონდა ასევე ასეთი წერილი - თქვენო უზმინდესობავ, თქვენ ხართ ჩემი საქართველოო და მინდა ჩემი საქართველო დიდხანს მყავდესო. აი ისეთი განცდა გვქონდა მაგ დღეს და იმდენი ხანი ვიყავით", - ამბობს მამა შალვა.
ნანახია: 100
მსგავსი სიახლეები
clickss