ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ იორდანიაში ამერიკული სამხედრო ბაზების დასაცავად დრონები და ექსპერტები გაგზავნა
უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების სპეციალისტთა ჯგუფი და ამ აპარატების დამჭერი დრონები გაგზავნა იორდანიაში ამერიკული სამხედრო ბაზების დასაცავად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განუცხადა ამერიკულ გამოცემა The New York Times-ს.
ზელენსკის ინფორმაციით, შეერთებული შტატებისგან დახმარების თხოვნა 5 მარტს მიიღეს და მეორე დღეს უკრაინელი სპეციალისტების ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა.
თეთრმა სახლმა არ უპასუხა The New York Times-ის შეკითხვას უკრაინისთვის დახმარების თხოვნის შესახებ.
უკრაინას ირანული წარმოების დრონებთან ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვს, რადგან მათ რუსეთი აქტიურად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომში.
როგორც The New York Times-ი წერს, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის გამო არსებობს უკრაინაში მიმდინარე ომიდან მსოფლიოს ყურადღების გადატანის რისკი და ამასთან, კიევს აძლევს დაგროვილი გამოცდილებისა და მოწინავე ტექნოლოგიების ახალ ფრონტზე გამოყენების შესაძლებლობას.
ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ უკრაინამ აშშ-ს და მის მოკავშირეებს შესთავაზა ირანული დრონებისგან დაცვაში დახმარება. პრეზიდენტ ზელენსკის თანახმად, უკრაინას სურს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს დაეხმაროს, მაგრამ ეს დაბალანსებული უნდა იყოს თავადაც ომში მყოფი უკრაინის საჭიროებებთან.
The New York Times-ი წერს, რომ კიევს ქულების დაგროვების იმედი აქვს უკრაინაში ომის დასასრულებლად აშშ-ის მონაწილეობით რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებში. გასულ კვირაში პრეზიდენტმა ტრამპმა ისევ განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმებას ზელენსკი აფერხებს.
ნანახია: 100
მსგავსი სიახლეები
clickss