ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრისთვის, რომელსაც ჩვენი გუნდი 8 მარტს 15 საათზე, „ავჭალაზე“ რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს, 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
მასში ერთი დებიუტანტია. ახალგაზრდა მესამეხაზელი მიხეილ შიოშვილი თამაშს მარქაფიდან იწყებს და მოედანზე გასვლის შემთხვევაში, პირველ სანაკრებო კეპს მოიხვეჭს.
ორი კვირის წინ ესპანეთთან 42:30 გამარჯვების შემდეგ, 23-კაციან განაცხადში 7 ცვლილება და ერთი გადაადგილებაა. ოთარ მეტრეველმა და დავით ნინიაშვილმა ადგილები გაცვალეს და მეტრეველი თამაშს ფულბეკად, ნინიაშვილი კი ფრთაზე დაიწყებს. 9 ნომრის პოზიციაზე ბრუნდება ვასილ ლობჟანიძე, რომელიც 103-ე სანაკრებო თამაშს ჩაატარებს და ამ მაჩვენებლით გაუტოლდება შალვა მამუკაშვილს, ხოლო ცენტრში გიორგი კვესელაძეს თორნიკე კახოიძე შეცვლის.
მგეზავად თამაშს კვლავ თედო აბჟანდაძე დაიწყებს. ცენტრში და ფრთაზე სასტარტოში არიან დემურ თაფლაძე და აკაკი ტაბუცაძე.
ორი ცვლილებაა შერკინების ხაზში. ბურჯის პოზიციაზე ბრუნდება გიორგი მელიქიძე, ხოლო მესამე ხაზში ილია სპანდერაშვილი. ექვსი მოთამაშე კვლავ დამწყებთა შორის არიან: ბურჯი გიორგი ახალაძე, კვაჭი ვანო კარკაძე, მეორეხაზელები - მიხეილ ბაბუნაშვილი და ლადო ჩაჩანიძე, გუნდის კაპტანი ბექა საღინაძე და შერკინების შემკვრელი თორნიკე ჯალაღონია.
მარქაფაში დებიუტანტი შიოშვილის გარდა გამოჩნდნენ მესამეხაზელი იოანე იაშაღაშვილი და 9 ნომერი მიხეილ ალანია, რომელიც მარკო ბორტოლამის რაზმში პირველადაა. რუმინეთთან მარქაფაში ექვსი მორკინალი გვეყოლება. კვლავ შეცვლაზე არიან კვაჭი ნიკოლოზ სუთიძე, ბურჯები ლუკა გოგინავა და ბაჩუკი ჭუმბაძე, მეორეხაზელი გიორგი ჯავახია და მგეზავი ლუკა მატკავა.

2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი
ნახევარფინალი. 8 მარტი (კვირა)
თბილისი. „ავჭალა“. 15:00 საათი
საქართველო - რუმინეთი
საქართველო
ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).
მარქაფა: 16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), 17. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 18. ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეთერი), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი), 20. იოანე იაშაღაშვილი (მონ დე მარსანი), 21. მიხეილ შიოშვილი (ტულონი); 22. მიხეილ ალანია (ორიაკი), 23. ლუკა მატკავა (ოიონა).
ნანახია: 39
მსგავსი სიახლეები
clickss