2026-02-03

15:12

„კიბოს მართვა საქართველოში დღეს – მიღწევები, გამოწვევები და მომდევნო ნაბიჯები“

03-02-2026 13:01

4 თებერვალს, 12:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“  (მის: შ.რუსთაველის გამზირი  #13), კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გაიმართება პრესკონფერენცია, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება პეტიცია, რომლითაც ონკოლოგიური პაციენტები და მათი მხარდამჭერები მოითხოვენ ადრეული დიაგნოსტიკის დაფინანსების დაწყებასა და ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების დროულ ჩართვას სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მედიკამენტთა ნუსხაში.

 

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი გზავნილია, რომ ადრეული დიაგნოსტიკის დაფინანსების პროექტი უკვე მომზადებულია სამუშაო ჯგუფის მიერ. პროექტზე მუშაობაში ჩართული იყვნენ წამყვანი სპეციალისტები, პაციენტთა ორგანიზაციები, ასევე თბილისის მერიისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი საჭირო კვლევები, ეტაპები და შესაბამისი ბიუჯეტი.

 

ამავე დროს, პრესკონფერენციაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემაზე. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე პრეპარატები ქვეყანაში რეგისტრირებულია და მედიცინა სწრაფად ვითარდება, მათი სახელმწიფო დაფინანსების ნუსხაში ჩართვა ხშირად წლობით იგვიანებს, რის შედეგადაც პაციენტები რჩებიან თანამედროვე მკურნალობის გარეშე.

 

ღონისძიების მონაწილეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ინოვაციური მედიკამენტების დროული დაფინანსება კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პაციენტის სიცოცხლისა და ცხოვრების ხარისხისთვის, არამედ სისტემის ეფექტიანობისთვისაც, რადგან დროული და მიზნობრივი მკურნალობა ამცირებს გართულებებს და გრძელვადიან პერსპექტივაში ამსუბუქებს ფინანსურ ტვირთს სახელმწიფოსთვის.

 

პრესკონფერენციის ფარგლებში გაჟღერდება, რომ ონკოლოგიური დაავადებების მართვა სახელმწიფოსთვის რეალური პრიორიტეტია, რაც გამოიხატა როგორც ადრეული დიაგნოსტიკის პროექტის მომზადებაში სახელმწიფო უწყებების აქტიური ჩართულობით, ისე ონკოლოგიური პაკეტის შექმნითა და მედიკამენტების დაფინანსების არსებული მექანიზმებით. ამ ეტაპზე მთავარი მოთხოვნაა პროცესების დაჩქარება და უკვე მომზადებული გადაწყვეტილებების დროული განხორციელება.

 

პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ:

ანა მაზანაშვილი – კავკასიის ონკოსაზოგადოება „ჰოუფის“ დამფუძნებელი, „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი

არმაზ მარიამიძე – პათომორფოლოგი

მაკა მაღლაკელიძე – კლინიკური ონკოლოგი

 

ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან თბილისის მერიის, საკრებულოს, პარლამენტისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, პაციენტები, მხარდამჭერები და მედიის წარმომადგენლები.

 

პრესკონფერენცია იმართება კამპანიის „სრულფასოვანი მკურნალობა – უწყვეტი ზრუნვა“ ფარგლებში და ორგანიზებულია კავკასიის ონკოსაზოგადოება H.O.P.E-ის და პაციენტთა ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს“ მიერ.

 

4 თებერვალს მთელ მსოფლიოში კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს არის გლობალური ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს კიბოსაგან გამოწვეული ზიანის შემცირებას, ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას თითოეული პაციენტისათვის.  შეხვედრის მიზანს, სწორედ, კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლება, კიბოს მართვის მიმართულებით  ხარვეზების გამოვლენა, არსებული ხარვეზების გაზიარება  და სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობით  მათი გადაჭრის გზების მოძიება წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები