2024-12-11

00:59

საქართველოს პრეზიდენტი: საზოგადოების სრული მობილიზაციაა საჭირო, რადგან არჩევნები არის საშუალება, შესრულდეს ,,ქართული ქარტია“, რათა მან დაგვაბრუნოს ევროპაში

პოლიტიკა
04-06-2024 10:59

მე ვიქნები ძალიან მკაცრი ამ დოკუმენტის ვალდებულებების შესრულების მიმართ, ამ როლში მე ვთვლი, რომ ვარ პასუხისმგებელი იმ ხალხის წინაშე, ვისგანაც ვიღებ გარკვეულ ნდობას, რადგან ეს დოკუმენტი მოეწონათ და ხედავენ გამოსავალს, შვებას და გზას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინდელი გამოსვლისას განაცხადა, რომლითაც „ქართული ქარტიის“ ხელმომწერ პოლიტიკოსებს მიმართა.

გთავაზობთ პრეზიდენტის გამოსვლის სრულ ტექსტს:

მოგესალმებით,

ტაში ბოლოსთვის, როცა ამ ოპროცესის ბოლოში  გავალთ, რომელიც დღეს მხოლოდ იწყება. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი მარტივი არ იქნება, იქნება ბევრი შეფერხებაც, რომ აღარაფერი ვთქვათ უსიამოვნო მომენტებზე, მაგრამ ეს ჩვენს წინ მდგომი ერთადერთი შესაძლებლობაა.

მინდა გაგახსენოთ, 6 თებერვალს პარლამენტში გამოვაცხადე, რომ შეიქმნებოდა ასეთი ერთობლივი დოკუმენტი და საჯაროდ ვთქვი, რომ ეს პროცესი და ეს კონსულტაციები ღია იქნებოდა ყველა იმ პროევროპული პარტიისთვის, (ცხადია, ვინც არ არის პროევროპული რა ესაქმება ამ პროცესში), რომელიც ამ პროცესში ჩართვის სურვილს გამოთქვამდა და ასეც მოხდა. 

ეს პროცესი ასევე ღია იყო არა მხოლოდ პარტიებისთვის, არამედ ცალკეული პირებისთვისაც. და არა ერთ ადამიანს შევხვდი რათა მათი მოსაზრებები მომესმინა. ამ პროცესის საწყისი ეტაპი იყო, დაგვენახა რა შეიძლება გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ ის გზა, რომელიც 15 დეკემბერს სტატუსის მიღებით დაიწყო, არ გაჩერებულიყო და ევროკომისიის 9 პუნქტიანი რეკომენდაციების ყველაზე დიდი ნაწილი შეგვესრულებინა, ყოველ შემთხვევაში, რათა ჩვენთვის, როგორც უკრაინისა და მოლოდვისთვის წლის ბოლოს გახსნილიყო მოლაპარაკებები. 

იმ დროს, როცა ამას პარლამენტში ვაცხადებდი, ჩემთვის უკვე ნათელი იყო, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების მიუხედავად, მმართველი პარტია არ აპირებდა და არ მუშაობდა თუნდაც ამ 9 ნაბიჯის ნაწილის შესრულების მიმართულებით. მაგრამ, როცა 7 თებერვალს კონსულტაციები დავიწყე, მე მაინც მიმვმართე მმართველ პარტიას და პირველ რიგში, მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, რათა სურვილის შემთხვევაში, ამ პროცესში ჩართულიყვნენ. რადგანაც პასუხი არ მიმიღია პირველისგან, ასევე მივმართე, პარტიის ახლადდანიშნულ თავმჯდომარეს, მას, რომელიც დღეს რაღაც შერბილებას თამაშობს და ვითომც რუსული კანონის წინააღმდეგი იყო და დღეს უცხოელებთან ამ როლში დგება, რომ მე ცოტა სხვებისგან განსხვავებული ვარ. მე არ ვიცი ეს რისთვისაა, უკავშირდება თუ არა სანქციების თემას, დიდად საინტერესო არ არის, მაგრამ მისგან არანაირი პასუხი არ მიმიღია. 

ეს კონსულტაციები ღია იყო ყველა მსურველისთვის, ამ პროცესის საწყისი იყო ის, რომ გვენახა რისი გაკეთება შეიძლება რეალისტურად მოკლე დროში იმისთვის, რომ დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები იმისათვის, რომ ჩვენ ღირსნი ვართ და პოლიტიკური ნება, რომელიც აქამდე არ გამოჩენილა, არსებობს და შეიძლება დაუბრუნდნენ იმ გეგმას, რომ ჩვენთვის გაიხსნას მოლაპარაკებები. ჩვენი არჩევნების კალენდრიდან გამომდინარე, ცხადია, ეს დეკემბრისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ  ევროპულ საბჭოში შემდეგი წლის, ანუ 2025 წლის ივნისის არსებობს ერთგვარი შესაძლებლობა. 

ჩვენი კალენდარი ამის ირგვლივაა აწყობილი. არავინ გვთხოვს, რომ 120 პროცენტიანად შევასრულოთ ყველაფერი, თუ იქნება პოლიტიკური ნება, რასაც ეხვეწებოდნენ ,,ქართულ ოცნებას“ რომ ამისი რაღაც სურვილი ეჩვენებინათ, რაც არ უჩვენებიათ. 

ეს იყო ამ პროცესის დასაწყისში. ამას მოჰყვა მმართველი გუნდიდან მკაცრად გაუარესებული პოზიციები, ეს ეხებოდა ერთი მხრივ, ძალიან პირდაპირ აგრესიულ, ანტიევროპულ და ანტიდასავლურ რიტორიკას და მეორე მხრივ, მთელ რიგ კანონებს. იმის მაგივრად, რომ ემუშავათ იმ კანონებზე, რომლებიც შეასრულებდა თუნდაც 9 ნაბიჯის რაღაც ნაწილს მაინც,  მიღებული იყო ისეთი კანონები, რომელიც ყველა ეწინააღმდეგებოდა ამ ევროპულ გზას. ერთი პატარა მაგალითისათვის, ქალების კვოტის ამოღებაც ეწინააღმდეგებოდა იმ სამი ნაიბიჯიდან ერთ-ერთს, რომელიც შესრულებულად ჩაგვეთვალა. 

დაბოლოს მივედით, სადაც უნდა მივსულიყავით, ანუ რუსული კანონის დაბრუნებაზე, ამომრჩეველს კობახიძისგან, ანუ დღევანდელი პრემიერისგან მიღებული ჰქონდა კანონის არდაბრუნების პირობა. მგონი საჭიროა, რომ ეს გავახსენოთ ამომრჩეველს: - ,,პირობას გაძლევთ, რომ არ დაბრუნდება“; დააბრუნა კი არა, იმავე დღეს მდინარაძემ თქვა, რომ ეს იყო იგივე, უცვლელი კანონი. ასე რომ, მერე ნუ გვიხსნიან რამდენად განსხვავებულნი არიან. 

ამ რუსული კანონის მიღებამ ძალიან შეცვალა და სხვა მასშტაბში გადაგვიყვანა იმ დღიდან, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი - ევროპელებმა თუ ამერიკელებმა, მთელმა დასავლეთმა და ყველა ორგანიზაციამ - ევროპულმა თუ საერთაშორისომ დაგმო ეს კანონი და თქვა, რომ  ამ კანონით ვერ მიგიღებდნე ევროპაში. არა მგონია, რომ ამაზე ნათელი გზავნილი საქართველოს ოდესმე მიეღოს, მაგრამ ესეც ვერ გაიგო მმართველმა გუნდმა და ეს პროცესი ამთავითვე სხვა განზომილებაში გადავიდა, რადგან უკვე ძალიან ნათელად გამოჩნდა, რომ ჩვენ წინაშე არჩევანის საკითხი დადგა - ან აღვადგენთ იმ ევროპულ გზას, რომლეზეც ვიდექით, ან ვერ დავაბრუნებთ და წავალთ სულ სხვა მიმართულებით, (გნებავთ კოლაბორაციონიზმი დაარქვით, გნებავთ რაც გინდათ) რომელიც გვაახლოებს იმ ოკუპანტ ქვეყანასთან, რომელიც სხვათაშორის ძალიან აფასებს მმართველი გუნდის მიერ მიღებულ ყველა განცხადებასა და ყველა ნაბიჯს. ევროპელები და ამერიკელები ამბობენ, რომ ეს არანაირად არ არის ჩვენთან დაახლოების გზა  და პირიქით, ეწინააღდმეგება მას, რუსეთი კი, ამბობს, რომ კარგად იქცევით ბიჭებოო. ასე რომ, არჩევანი ნათელია, ესაა ევროპული გზის გადარჩენის არჩევანი. ზოგჯერ მესმის პოლიტიკური პარტიების წუხილი, მაგრამ ეს ვერ იქნება ცალკეულად, პოლიტიკური პარტიების გამარჯვების არჩევნები.

მე ვთქვი ერთხელ და კიდევ ვიმეორებ: - არჩევნებში რა ფორმატებით მიიღებთ მონაწილეობას, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ეს თქვენი და თქვენი ამომრჩევლის საქმეა. მე ერთადერთი გთავაზობთ ამ ერთობის ფორმულას, რაც ამ პროცესში, ამ დოკუმენტისა და ამ ვალდებულებების ირგვლივ ერთიანობას გულისხმობს და მე ვიქნები ძალიან მკაცრი ამ ვალდებულებების შესრულების მიმართ. მიმაჩნია, რომ ამ როლში პასუხისმგებელი ვარ იმ ხალხის წინაშე, რომლისგანაც ვღებულობ გარკვეულ ნდობას, იმიტომ რომ ეს დოკუმენტი მოეწონათ, რომ ამ დოკუმენტში ხედავენ გამოსავალს, შვებას და ხედავენ წინ მიმავალ გზას.   

ამ დოკუმენტით თქვენ და ყველამ ერთად, საზოგადოებისგან და ჩვენი პარტნიორებისგან გარკვეული ნდობა დავიმსახურეთ, რადგან ხედავენ, რომ ეს სწორედ ის ნაბიჯები, ის ზომები და კანონმდებლობაა (რაც ამ დოკუმენტში დევს), რომელზედაც თვითონ ფიქრობდნენ და რომელიც მათ მოთხოვნებში პირდაპირ ჯდება. 

აქ გაუარესებული მდგომარეობაა, დღეს პარლამეტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა რუსულ კანონს, ანუ მან ბოლო წერტილი დასვა და ძალიან სიმბოლურია და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ სწორედ დღეს ვაწერთ ხელს ამ დოკუმენტს და ბოლო წერტილს ვუსვამთ ამ კანონს და ბოლო პერიოდში გამოხატულ ამ მიმართულებას. ჩვენ ნაკლებად გვაქვს დრო და საშუალება, რომ ყურადღება მივაქციოთ დანარჩენ კანონებს, რაც სასწრაფო ტემპითა და ზოგი დაჩქარებული პროცედურებითა მიღებული, რადგან მთელი ფოკუსი რუსულ კანონზეა გადატანილი, ჩვენ არ მივაქციეთ საჭირო ყურადღება ოფშორების კანონს, რომელიც ყველაფერია, გარდა გამჭვირვალეობისა, (რომელი სიტყვაც ძალიან მოსწონთ ხოლმე). ამ შემთხვევაში, ეს ტოტალურად არაგამჭვირვალე კანონია, რომელიც ქვეყანას ყველასთვის უცნობი, სხვადასხვა კაპიტალისათვის ხსნის. 

ასევე ,,საარჩევნო კოდექსში“ მიღებული იქნება ცვლილებები, რომელიც  აუარესებს მას, თუმცა ამასაც გავუმკლავდებით. მზადდება ძალიან მავნებლური კანონი საპენსიო ფონდზე. ეს ცოტა უფრო ტექნიკური და რთული საკითხია, მაგრამ ეს საპენსიო ფონდის შექმნა ერთ-ერთი ალბათ, ყველაზე დიდი მიღწევაა, რითაც შეიძლებოდა, „ოცნებას“ რაღაცნაირად თავი მოეწონებინა, მაგრამ ის, რაც ახლა მიმდინაროებს, ამ საპენსიო ფონდის მთავრობის ხელში გადასვლა, ძალიან საშიში მიმართულებაა. არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ანაკლიაში, ამ დოზით ჩინელების შემოყვანა ჩვენს ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობებისათვის დანის ჩარტმაა.

ამიტომ, ვუბრუნდებით ამ პროცესს. ეს ერთადერთი შესაძლებლობა და შანსია იმისათვის, რომ მოვიგოთ ეს არჩევნები, რათა ეს ქარტია შესრულდეს. ეს არის მიზანი. მიზანი, ამ შემთხვევაში, თვითონ არჩევნები არ არის. არჩევნები არის საშუალება, რომ შესრულდეს ეს ქარტია და რომ ამ ქარტიამ დაგვაბრუნოს ევროპაში. ეს არის ის, რაც ჩვენმა საზოგადებამ უნდა გაიგოს და მე მგონი, ძალიან კარგადაც გაიგო. ამისთვის საჭიროა ამომარჩეველთა დიდი მობილიზაცია და ეს მე მგონი ყველამ კარგად იცის. ჩვენს ქვეყანაში არჩევნებს ძალიან რთულ პირობებში იგებენ. ჩვენ ადვილი არჩევნები პრაქტიკულად არ გვქონია თუ არ ჩავთვლით სულ დასაწყისში, ,,მრგვალი მაგიდის“ პირობებში, ან 1918 წელს. ყოველთვის ძალიან რთულია არჩევნები, მაგრამ არჩევნების მოგება ყოველთვის შეიძლება, თუ იქნება საზოგადოების სრული მობილიზაცია,  ეს ყველას პასუხისმგებლობაა და მიმაჩნია, რომ ამაში მეც მაქვს პასუხისმგებლობა, მაქსიმალურად მივმართოთ ყველას, რათა ჩაერთონ პროცესში. ეს მათი მომავალია, მათი შვილების მომავალი და არ შეიძლება, ამ შემთხვევაში, რამენაირი ინდიფერენტულობა. ეს უკვე დანაშაულია ამ ქვეყნის მიმართ, რომელიც ამის ღირსი ნამდვილად არ არის. 

ცხადია, ეს მობილიზაცია, პირველ რიგში, აქაურ საზოგადოებას ეხება, მაგრამ ეხება დიასპორასაც, რომელიც ყოველთვის აქამდე ძალიან ინერტული იყო. მას არც არავინ უწყობდა ხელს, რომ უფრო აქტიურად ჩართულიყო არჩევნებში და გასაგებიცაა. როცა არჩევნები ეხება იმას, თუ რომელი პოლიტიკური პარტია გირჩევია, ამაში ნაკლებად ჩართულია უცხოეთში მცხოვრები ქართველი. დღეს სულ სხვა რამ წყდება მათთვისაც,  წყდება ამ ქვეყნის მომავალი და რაც არ უნდა შორს იყო (და ეს მე კარგად ვიცი), ან რაც არ უნდა დიდხანს იყო, შენ შენი ქვეყნის ბედი გაინტერესებს და გაინტერესებს, რომ შენი ქვეყანა არ ჩაუვარდეს ოკუპანტს ხელში. რატომ?! და ამიტომ, რომ მე უკვე ვღებულობ (და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ღებულობთ) დიასპორიდან ბევრ გზავნილს - როგორ  და რა უნდა გავაკეთონ.  ბოლო ინფორმაცია, რაც მივიღეთ ისაა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც არ არის ხელისუფლების მომხრე და იდგა აღრიცხვაზე, მოხსნილია საკონსულო აღრიცხვიდან, ამიტომ მინდა ყველა გავაფრთხიულო დღეს, ვინც ცხოვრობთ საზღვარგარეთ ყველას მოვალეობაა, რომ გადაამოწმოთ ხართ თუ არა აღრიცხვაზე და ჩაეწეროთ სიებში. (ამისათვის ყველა საიტი იქნება მითითებული, Facebook-ით და სხვა სოციალური ქსელების საშუალებებით), ასევე იქნება არჩევნების დროსაც. ასე რომ, ეს თქვენი პასუხისმგებლობაა. ამას ვერავინ ვერ გააკეთებს თქვენს გარეშე და ამას უთუოდ თქვენ უნდა მიხედოთ.

მეორე, საზოგადოების ძალიან აქტიური ნაწილი, რომელიც ყველამ ვნხეთ - ახალგზარდები არიან. მათი როლი გადამწყვეტია, არა მხოლოდ პროტესტის ფორმით, არამედ მთელი აქტიურობით ამ 4 თუ 5 თვის განმავლობაში, რამდენი ხანიც გვაშორებს ამ არჩევნებს.

მათზე იქნება ძალიან დიდი პასუხისსმგებლობა, რომ ჩართულნი იყვნენ ყველაფერში, ამიტომ, ვაპირებ, რომ ერთ კვირაში, 11 ივნისს, 20:00 საათზე შევხვდე ახალგაზრდებს და ვუპასუხო მათ კითხვებს, იმიტომ რომ, ალბათ საჭიროა უფრო კარგად ავუხსნა ის პროცესი, რაშიც თავად არ იყვნენ ჩართულნი. კონსულტაციები მათთან არ ყოფილა, ესენი სულ სხვა რამით იყვნენ დაკავებულნი და მათი როლი, რომ ქართული პროტესტი საზღვარგარეთ გასულიყო უმნიშვნელოვანესი და ბოლომდე შეუფასებელია. ეს არის ის, რაც არჩევნებამდე მიგვიყვანს და რამაც უკვე, ჩვენი პარტნიორების ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოიწვია. ეს რომ არ ყოფილიყო, ნაკლები ყურადღება და ნაკლები ინტერესი და ვიქნებოდით უფრო იზოლაციაში, რაც არ მოხდა - პირიქით, ძალიან ბევრი დელეგაცია ჩამოდის და ერთგავარად ფოკუსში ვართ, იმის მიუხედავად, რომ დღეს მსოფლიოში რამდენი და უფრო დიდი მასშტაბის კრიზისებია. 

დიასპორა და ახლაგაზრდები ერთად ეს მილიონნახევარი ხმაა, ახლა თქვენ და ყველამ დაითვალეთ, პირველ რიგში, დაითვალონ მათ, რომლებიც ამბობენ: ვერ გავიმარჯვებთ... რა იქნება... გააყალბებენ... როგორ შევძლებთ ამის დაცვას.... მილიონნახევარი, რომელიც პრაქტიკულად არ იღებდა მონაწილეობას არჩევნებში და დღეს ჩართულია პროცესში და ჩვენი მოვალეობაა, ამ ადამიანებს ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ არ დავუკარგოთ ნდობა და იმედი, რათა მათ არ ჩაიქნიონ ხელი. ესაა ჩვენი პასუხისმგებლობა, ისინი თვითონ მოიტანენ იმ გამარჯვებას, რასაც ევროპაში დაბრუნება ჰქვია და ამისთვის, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ და არ უნდა დავუშვათ რამე შეცდომა.

მსგავსი სიახლეები

2024-12-10 17:05
პოლიტიკა

საქართველოში საპროტესტო აქციები მე-12 დღეა გრძელდება!

აქციის მონაწილეები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე დემონსტრაციებში დაკავებულების გათავისუფლებას და საპარლამენტო არჩევნების

2024-12-10 15:53
პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: "სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ჟურნალისტების საქმიანობა იყოს უსაფრთ

მისი თქმით, აქციების გაშუქებაში ჟურნალისტების როლი განუსაზღვრელად დიდია. „გუშინ იყო უფლებადამცველთა საერთაშორისო დღე

2024-12-10 12:07
პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებები მთავრობის სხდომაზე

მისივე თქმით, შსს-ს დასჭირდა ზუსტად 5 დღე იმისათვის, რომ გაენეიტრალებინა რადიკალური ოპოზიციის ძალადობის რესურსი.

2024-12-09 14:32
პოლიტიკა

საქართველოში საპროტესტო აქციები გრეძლდება!

დემონსტრანტებმა საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში მერიის მიერ დაყენებული ნაძვის ხის ფოლადის ღეროზე გამოაკრეს

2024-12-09 12:48
სპორტი

საფეხბურთო კლუბი „იბერია 1999“ საქართველოს ჩემპიონია

კლუბმა საჩემპიონო თასი მატჩის დასრულების შემდეგ მიიღო. გამარჯვებულებს მედლები საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები