2025-06-13

05:32

ბუდაპეშტში გაიხსნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა - „ქალი ხელოვანი - ეპოქის სახე“

კულტურა
31-05-2024 11:06
უნგრეთის დედაქალაქში, ცნობილ ხელოვნების ცენტრში „პეშტი ვიგადო“, საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და უნგრეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სახვითი ხელოვნების გამოფენა - „ქალი ხელოვანი - ეპოქის სახე“. გამოფენა წარმოაჩენს ქართველ ქალ მხატვართა ხელოვნებას ბოლო 100 წლის განმავლობაში.
გამოფენა ბუდაპეშტში დაგეგმილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავი ღონისძიებების ნაწილია, რომლის მთავარი საზეიმო დღეც, ივნისის თვეში, ამავე საგამოფენო სივრცეში უნდა აღინიშნოს.
გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ: თამარ ლილუაშვილი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში, ნიკა ახალბედაშვილი - საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, მუზეუმთა ჯგუფის დირექტორი, ზომბორ ნაგი - „პეშტი ვიგადოს“ დირექტორი, ალექსანდრა გაბუნია - საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფის საგამოფენო მიმართულების ხელმძღვანელი, გამოფენის კურატორები და ეროვნული გალერეისა და ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის წარმომადგენლები.
ხელოვნების ცენტრში მოწყობილმა ექსპოზიციამ გააერთიანა რამდენიმე თაობის მხატვარი ქალები: ქეთევან მაღალაშვილი, ელენე ახვლედიანი, თამარ აბაკელია, ესმა ონიანი, ლია შველიძე და სოფიო ჩერქეზიშვილი. წარმოდგენილი 45 ნამუშევარი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმის, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეისა და მხატვართა პირადი კოლექციების ნაწილია.
დამთვალიერებელი ნახავს ელენე ახვლედიანის ურბანულ პეიზაჟებს, ქეთევან მაღალაშვილისა და ესმა ონიანის პორტრეტებს, თამარ აბაკელიას გრაფიკის კოლექციას, მის ორ ქანდაკებას, ყოფილი „იმელის“ შენობის რელიეფური ფრიზის ესკიზებსა და ფოტომასალას. აღსანიშნავია, რომ თამარ აბაკელიას ნამუშევრები პირველად გამოიფინა, მათ შორის მისი ქანდაკებები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში იყო და ქართველი კურატორების ინიციატივითა და საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით ჩამოისხა პოლიესტერსა და ბრინჯაოში.
ასევე, გამოფენაზე წარმოდგენილია ლია შველიძის ფერწერული ტილოები, რომელთა მთავარი თემა ავტოპორტრეტია და სოფიო ჩერქეზიშვილის ფემინისტური შინაარსის ერთ-ერთი კონცეპტუალური სერია.
გამოფენის მთავარი მიზანია კონკრეტული ეპოქის ხელოვნების ფონზე წარმოაჩინოს ქალი ხელოვანები, მათი შემოქმედება და მათი მისწრაფება ემანსიპაციისაკენ. ქართველ მხატვართა შემოქმედებაში ასახულია ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება მოდერნიზმიდან სოციალისტურ რეალიზმამდე, ექსპრესიონიზმიდან ფემინისტურ ხელოვნებამდე, მოდერნისტული და პოსტმოდერნისტული ტენდენციები, რომლებიც თვალნათლივ წარმოაჩენს ევროპასთან საქართველოს მჭიდრო ისტორიულ კავშირს.
გამოფენის კურატორები არიან ალექსანდრა გაბუნია, მაია ჩიკვაიძე და მაკა ბეჟუაშვილი. მნიშვნელოვანია, რომ გამოფენასთან დაკავშირებით კატალოგიც გამოიცა ინგლისურ და უნგრულ ენებზე.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული გალერეის კურატორთა მიერ შექმნილი გამოფენის კონცეფცია და პროექტი უნგრეთის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საკონკურსო ჟიურიმ დაამტკიცა.
გამოფენა 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:36
კულტურა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურის დღეები აღ

ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით

2025-05-21 08:10
კულტურა

თბილისში ინგლისურენოვანი კატალოგის, „ოქროს საწმისი - ქართული ხელოვნება“ (GOlDEN FLEECE -ART OF GEORG

გამოცემა ისტორიას შემოუნახავს ფოტომასალას და სამეცნიერო სტატიებს კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში

2025-05-16 10:06
კულტურა

VIDEO: ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

საქართველო წლევანდელ ევროვიზიაზე მარიამ შენგელიამ, სიმღერით Freedom წარადგინა. სამწუხაროდ

2025-05-15 12:17
კულტურა

მარიამ შენგელია ევროვიზიის კონკურსზე დღეს მე-10 ნომრად წარდგება

მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას მას შემდეგ შეძლებენ, რაც სცენაზე ყველა კონკურსანტი

2025-05-14 17:01
კულტურა

ევროვიზია 2025-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები