გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებს ახლად დანიშნული მინისტრი მკურნალობის დაფინანსების საკითხის განხილვას დაჰპირდა
როდის ამოქმედდება პროგრამა რეგიონებში?!
გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები რეგიონებში მკურნალობის ხელმისაწვდომობისა და სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების მოთხოვნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს შეხვდნენ.
2022 წელს, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რეგიონში მცხოვრები გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების მკურნალობის დაფინანსებაზე, თუმცა პროცესი დღემდე არ დაძრულა და ადამიანები კვლავ დაფინანსების მოლოდინში არიან. მკურნალობასთან დაკავშირებული დანაპირების შეხსენებისა და მინისტრთან პირისპირ გასაუბრების მოთხოვნით, 13 მაისს მრავლობითი სკლეროზის ფონდის - მს საქართველოს წარმომდგენლებმა სამინისტროში წერილი შეიტანეს. შეხვედრა ამავე დღეს, სპონტანურად განხორციელდა და პაციენტებს მიხეილ სარჯველაძე შესაბამის უწყებებთან ერთად საკითხის უმოკლეს ვადაში, განხილვას დაჰპირდა.
" ჩვენ შევხვდით მინისტრს, ბატონ მიხეილ სარჯველაძეს, რომელსაც წარვუდგინეთ ჩვენი ძირითადი პრობლემები და საკითხები. მთავარი თემა რეგიონში მცხოვრები პაციენტების დაფინანსება იყო. თბილისსა და აჭარაში გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების მკურნალობა სრულიად ფინანსდება და ჩვენი მიზანია, რომ რეგიონებში მცხოვრები პაციენტებიც იღებდნენ ადეკვატურ მკურნალობას. აუცილებელია, რომ მათი მხარდაჭერა სწრაფად განხორციელდეს, რადგან დაავადება ყოველდღე პროგრესირებს და ადამიანებს ქმედით უნარებს აკარგვინებს. მინისტრი დაგვპირდა, რომ უახლოს პერიოდში დაგვიბრუნებს უკუკავშირს. ვიმედოვნებთ, რომ რეგიონების პაციენტებიც შეძლებენ მშვიდ და სრულფასოვან ცხოვრებას", - განმარტავს “მრავლობითი სკლეროზის საქართველოს ფონდის“ დირექტორი ქეთევან ვარსიმაშვილი და აღნიშნავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, პაციენტები აქციის გამართვას არ გამორიცხავენ.
"მინისტრი გულისხმიერად მოეკიდა რეგიონებში მცხოვრები პაციენტების დაფინანსების საკითხს. მე გამიმართლა, რომ ვარ თბილისის პაციენტი და თბილისის მერია უზრუნველყოფს მკურნალობის დაფინანსებას. თუმცა, მიჭირს თვალებში შევხედო რეგიონში მცხვორებ პაციენტებს, რომლებიც საკუთარი თავის იმედად არიან დარჩენილები. მინისტრმა მოისმინა ჩვენი პრობლემები და დაგვპირდა, რომ რეგიონებში მცხოვრები პაციენტების დაფინანსების საკითხს მაქსიმალურად შეისწავლის. 30 მაისი გაფანტული სკლეროზის მსოფლიო დღეა და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ დროისთვის გაცემული ბრძანება აღსრულებაში მოვა“, - აღნიშნავს გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტი, მაია მგელაძე.
საქართველოში, წლების განმავლობაში გაფანტული სკლეროზის მკურნალობის მიმართულებით, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა: 2021 წლიდან დედაქალაქის მერიამ და აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პაციენტებისთვის მკურნალობა ხელმისაწვდომი გახადა. 2022 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოიცა ბრძანება საქართველოს სხვა რეგიონებში მკურნალობის დაფინანსების შესახებ, თუმცა, ამ დრომდე, პროგრამა ამოქმედებული არ არის და საქართველოს რეგიონებში მცხოვრები პაციენტები, თბილისისა და აჭარის გარდა, მკურნალობის გარეშე, ყოველდღიურად კარგავენ ქმედით უნარებს.
#ნუგანგვასხვავებთ, - დაუშვებელია პაციენტების დისკრიმინაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გაფანტული სკლეროზის მქონე პირი არ უნდა გახდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მხოლოდ იმის გამო, რომ არ ცხოვრობს თბილისსა და აჭარაში. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს თანაბარი ხელმისაწვდომობა ქვეყანაში და მსოფლიოში დამკვიდრებულ მკურნალობის სტანდარტებზე“ - ნათქვამია მინისტრის სახელზე გავრცელებულ წერილში.
30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა
ყოველწლიურად, 30 მაისს, მთელს მსოფლიოში, აღინიშნება, გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღე, რომლის მიზანს, ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა, დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, მისი დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. საქართველო, 2018 წლიდან შეუერთდა და აღნიშნავს გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეს.
https://worldmsday.org/
ნანახია: 436
მსგავსი სიახლეები
clickss