2024-07-16

20:05

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

ჩინეთი
17-05-2024 15:11

შეხვედრის მთავარი თემა: სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის პატივისცემა და სტრატეგიული პარტნიორობა საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის ერთობლივად შესანარჩუნებლად.

ჩინეთის ელჩმა ისაუბრა ტაივანის საკითხზე, ჭარბი წარმოების საკითხზე, ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინფინგის ვიზიტზე ევროპაში და სხვა საკითხებზე.

ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა ასევე ისაუბრა საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხზე, ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლაზე და უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს.

ელჩის მიმართვის ტექსტი მედია ბრიფინგზე

ჭოუ ციენი - ჩინეთის ელჩი საქართველოში

იმედია, თქვენი მეშვეობით შევძლებთ, რომ ქართულ საზოგადოებას მკაფიოდ და სწორად მივაწვდინოთ ჩინეთის ხმა და ჩინეთის ობიექტური და სამართლიანი იმიჯი შევქმნათ, - ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისთვის პოზიტიური სტიმულის მისაცემად.

-         ტაივანის საკითხი

როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, უდავოდ, ყველაზე ფუნდამენტური და საკვანძო საკითხია. ჩინეთი, როგორც პასუხისმგებელი დიდი ქვეყანა და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ყოველთვის პატივს სცემს ყველა სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩინეთი განუხრელად იცავს გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებს. ამის საპირისპიროდ, დასავლეთში ზოგი სახელმწიფო ე.წ. „წესებზე დაფუძნებული წესრიგის“ აფიშირებას ახდენს, მაგრამ ფეხქვეშ თელავს საერთაშორისო სამართალსა და ნორმებს, სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში ორმაგ სტანდარტებს იყენებს, კონფლიქტების პროვოცირებას ახდენს და „პროქსი ომებსაც“ კი აწარმოებს.

ტაივანის საკითხი ამის კლასიკური შემთხვევაა. 20 მაისს ჩინეთის რეგიონის - ტაივანის ლიდერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის - ლაი ცინგდეს ე.წ. „ინაუგურაციის ცერემონია“ გაიმართება, რომელზე დასწრებაც რამდენიმე ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებმა დაადასტურეს. ამასთან დაკავშირებით მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთი არსებობს და ტაივანი მისი ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა მთელი ჩინეთის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია. ტაივანი არასოდეს ყოფილა სახელმწიფო და „პრეზიდენტიც“ ვერ ეყოლება. ჩინეთი მოუწოდებს შესაბამის ქვეყნებს, დაიცვან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ დოკუმენტების პრინციპები და სულისკვეთება, პრაქტიკული ქმედებებით აჩვენონ „ერთი ჩინეთის“ პრინციპისადმი თავიანთი ერთგულება, თავი შეიკავონ „ტაივანის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტული ძალების ნებისმიერი ფორმით მხარდაჭერისგან, რეალურად დაიცვან ტაივანის სრუტეში მშვიდობა და სტაბილურობა. აქვე ვაფრთხილებთ დემოკრატიულ-პროგრესული პარტიის ხელმძღვანელობას, რომ გარე ძალებთან გარიგებით „დამოუკიდებლობის“ პროვოკაციების ყველა მცდელობა კრახით დამთავრდება. ქვეყნისა და ერის ინტერესების მოღალატეებს პასუხი ისტორიის წინაშე მოეკითხებათ.

ლაი ცინგდეს ე.წ. „ინაუგურაციის ცერემონიის“ გარდა, შეერთებული შტატები არაფრად აგდებს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს და საერთაშორისო თანამეგობრობის კონსენსუსს. რამდენიმე დღის წინ, გერმანიის მარშალის ფონდის მიერ გამართულ სემინარზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ - მარკ ლამბერტმა უხეშად განაცხადა, რომ გაეროს 2758-ე რეზოლუცია „არ ადასტურებს, არ უტოლდება და არ ასახავს „ერთი ჩინეთის“ პრინციპზე საერთაშორისო კონსენსუსს; [რეზოლუციას] არ აქვს არანაირი გავლენა ქვეყნების სუვერენულ არჩევანზე, რომ ჰქონდეთ ტაივანთან ურთიერთობა, [იგი] არ გამორიცხავს ტაივანის არსებით მონაწილეობას გაეროს სისტემასა და სხვა მრავალმხრივ ფორუმებში, არ წარმოადგენს გაეროს ინსტიტუციურ პოზიციას ტაივანის საბოლოო პოლიტიკურ სტატუსზე “. ეს განცხადება თავიდან ბოლომდე ამახინჯებს ფაქტებს და თეთრს შავად ასაღებს. გაეროს გენერალური ასამბლეის 2758-ე რეზოლუცია სრულად ასახავს და ადასტურებს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს. „ერთი ჩინეთის“ პრინციპი გარკვევით ნიშნავს, რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია და ტაივანი მისი ნაწილია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა მთელი ჩინეთის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია.

-         ჭარბი წარმოების საკითხი

ჩინეთის განვითარების შეკავების მიზნით, ზოგი ქვეყანა შეერთებული შტატების მეთაურობით, აგრძელებს ტაივანის კოზირით“ პოლიტიკურ მანიპულირებას, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება ამას კარგად ხედავს. ეს ქვეყნების უმრავლესობის კონსენსუსს ვერ აზიანებს. ამიტომ ბოლო დროს შეერთებული შტატები, ზოგიერთ მოკავშირესთან ერთად, ჩინეთის ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებზე, განსაკუთრებით ე.წ. „ჭარბი წარმოების“ პრობლემაზე სპეკულირებას ცდილობს. ბოლო დროს ჩინეთში განხორციელებული ვიზიტების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა ალტერნატიული ენერგიის ინდუსტრიაში ჩინეთის „ჭარბი წარმოების“ საკითხზე აქცენტის გაკეთება დაიწყეს. მათ ჩინეთი „ჭარბი ნაწარმის“ ექსპორტსა და „არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში“ დაადანაშაულეს.

თუმცა რეალობა ისაა, რომ საერთაშორისო ბაზარზე ჩინური ელექტრომობილების დეფიციტია (მოთხოვნა უფრო მეტია, ვიდრე მიწოდება). ინდუსტრიის ამ დარგში წარმოებული პროდუქცია ძირითადად ჩინეთის შიდა ბაზარს მიეწოდება და ექსპორტზე დიდი მასშტაბით არ გადის. 2023 წელს ჩინეთმა ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე 9.587 მილიონი ავტომობილი აწარმოვა. აქედან, 9.495 მილიონი ერთეული გაიყიდა. გაყიდვების 87.3% შიდა ბაზარზე მოდიოდა, ხოლო ექსპორტზე მხოლოდ 12.7% გავიდა. 2023 წელს ევროპაში ჩინური ელექტრომობილების საშუალო გასაყიდი ფასი 31,000 ევროს აჭარბებდა, რაც შიდა ფასზე გაცილებით მაღალია, ამიტომ „ფასების დამახინჯების“ პრობლემა რეალობას საერთოდ არ წარმოადგენს.

ალტერნატიული ენერგიის ინდუსტრიაში ჩინეთის წარმატება ტექნოლოგიებში, ბაზარსა და სამრეწველო ჯაჭვებში მისი უპირატესობით არის განპირობებული. ერთი მხრივ, გლობალურ მომხმარებლებს შესაძლებლობა უჩნდებათ, ისარგებლონ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი პროდუქციით. მეორე მხრივ, ჩინეთს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მწვანე ტრანსფორმაციის პროცესში, რაც ქვეყნების უმრავლესობისთვის მისასალმებელია. შემიძლია მოვიყვანო ჩინური ბრენდის BYD-ის მაგალითი, რომელმაც გასული წლის მეოთხე კვარტალში ახალ ენერგიაზე მომუშავე ავტომობილების გლობალურ გაყიდვებში ტესლას გადაასწრო. ჩინელ მომხმარებელს შეუძლია 11,000 დოლარად შეიძინოს BYD-ის კომპაქტური ელექტრო მანქანა. ამავე ფასში ხელმისაწვდომია უფრო დიდი ზომის ჰიბრიდული ავტომობილებიც. ვფიქრობ, ასეთ ფასში ასეთი მაღალი ხარისხის პროდუქტი - ნებისმიერ ქვეყანაში უაღრესად პოპულარული იქნება. მზად ვართ ხელი შევუწყოთ, რომ ელექტრომანქანების ჩინური ბრენდები ქართულ ბაზარზეც მალე შემოვიდნენ, რათა ქართველ მომხმარებლებსაც გავუზიაროთ „ჩინური სტილის მოდერნიზაციის“ მნიშვნელოვანი მიღწევები.

-         სი ძინფინგის ვიზიტი ევროპაში

ჩინეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ეკონომიკურ გლობალიზაციასა და მრავალპოლუსიან მსოფლიოს. ევროპა ერთ-ერთ პოლუსს წარმოადგენს მულტიპოლარულ სტრუქტურაში. მასთან ურთიერთობა „ჩინური სპეციფიკით დიდი ქვეყნის დიპლომატიის“ ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ამასთან, ევროპა ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია „ჩინური სტილის მოდერნიზაციის“ პროცესში. 5-10 მაისს, პრეზიდენტი სი ძინფინგი სახელმწიფო ვიზიტით საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვია. ამ ვიზიტით კიდევ უფრო განმტკიცდა ჩინეთ-საფრანგეთის ურთიერთობები, გაძლიერდა ჩინეთ-სერბეთის ურთიერთობები, ამაღლდა ჩინეთ-უნგრეთის ურთიერთობები და განახლდა ჩინეთ-ევროპის თანამშრომლობა. ეს იყო მეგობრობის, ურთიერთნდობის და რწმენის განმტკიცების ვიზიტი, რომელმაც სრულიად წარმატებით ჩაიარა და სამომავლო პერსპექტივებს საფუძველი ჩაუყარა.

საფრანგეთი პირველი დასავლური ქვეყანა იყო, რომელმაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და „ყოველმხრივ სტრატეგიული პარტნიორობა“ დაამყარა. სი ძინფინგის საფრანგეთში ვიზიტის დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მე-60 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება იყო. ორი სახელმწიფოს მეთაურებს შორის ხანგრძლივი და მაღალი დონის სტრატეგიული კომუნიკაცია შედგა. ჩინეთის პრეზიდენტმა შეაჯამა დიპლომატიური ურთიერთობების 60 წლიანი ისტორია, მნიშვნელოვანი ღირებულებები და მისია. მან ხაზი გაუსვა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისას დასახული მიზანსწრაფვის - სუვერენიტეტის დაცვის, ურთიერთგაგების, წინდახედულობის და ურთიერთსარგებლიანობის მნიშვნელობას, - მათში ახალი ეპოქის შესაბამისი კონოტაციის შეტანას და ისტორიული ჩირაღდნის ცეცხლით განათებულ გზაზე წინსვლას. სი ძინფინგმა ისაუბრა ე.წ. „ოთხი აუცილებლობის“ და „ოთხი მიმართულებით ერთობლივად მოქმედების“ მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია: სუვერენიტეტის დაცვა, „ახალი ცივი ომის“ ან ბანაკებად დაპირისპირების ერთობლივად აღკვეთა, ურთიერთგაგების შენარჩუნება, ჰარმონიული თანაარსებობა, წინდახედულობა, თანასწორი და მოწესრიგებული მულტიპოლარულობის ხელშეწყობა, ურთიერთსარგებლიანობა, „კავშირების გაწყვეტის“ წინააღმდეგ ბრძოლა. პრეზიდენტი მაკრონი პოზიტიურად გამოეხმაურა ჩინეთის პრეზიდენტის ღრმააზროვან ხედვებს. მან აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიო კრიტიკული გამოწვევების წინაშე დგას. ჩინეთი და საფრანგეთი წინამორბედთა საქმეს აგრძელებენ, ერთმანეთს პატივს სცემენ, სამომავლო პერსპექტივებზე მუშაობენ, თანამშრომლობას აძლიერებენ, აქტიურ როლს ასრულებენ გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად და ბლოკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად.

სერბეთი ჩინეთის მტკიცე მეგობარია. იგი პირველი ქვეყანა იყო აღმოსავლეთ ევროპაში, რომელთანაც „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა“ დამყარდა. ჩინეთ-სერბეთის მეგობრობამ გასულ საუკუნეში ომების გამოცდას გაუძლო და კოვიდ-19-თან ერთობლივი ბრძოლით კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდა. პრეზიდენტ ვუჩიჩის მიწვევით, პრეზიდენტი სი ძინფინგი კიდევ ერთხელ ესტუმრა სერბეთს. ორი სახელმწიფოს მეთაურები „ახალ ეპოქაში ჩინეთ-სერბეთის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ ფორმირებაზე შეთანხმდნენ. პრეზიდენტ სი ძინფინგის თქმით, ჩინეთ-სერბეთის მტკიცე მეგობრობამ საერთაშორისო ვითარების კალეიდოსკოპურ ცვლილებას გაუძლო. ამ მეგობრობას ღრმა ისტორიული და პოლიტიკური საფუძვლები აქვს. იგი საერთო ინტერესებსა და ხალხის ნებას ემყარება. ჩინეთი მზადაა, ქარსა თუ წვიმაში - სერბეთთან ერთ ნავში იყოს - მისი ბედ-იღბალი გაიზიაროს, ორივე ქვეყნის გასავითარებლად და ეროვნული აღორძინების მისაღწევად - მხარდამხარ იმუშაოს. პრეზიდენტმა სი ძინფინგმა „ჩინეთ-სერბეთის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ ფორმირების მიზნით პირველ ეტაპზე გასატარებელი პრაქტიკული ზომებიც გამოაცხადა. ეს აჩვენებს, რომ ჩინეთს მტკიცედ და გულწრფელად აქვს გადაწყვეტილი ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება. პრეზიდენტმა ვუჩიჩმა რამდენჯერმე ემოციურად აღნიშნა, რომ ჩინეთის თანასწორი დამოკიდებულება სერბეთისნაირ მცირე ზომის ქვეყანასთან სერბი ხალხის განწყობაზე აისახება; რომ სერბეთის ყველაზე გულითადი მეგობარი ჩინეთია. სერბი ხალხი მადლობას უხდის და პატივს სცემს ჩინეთსა და მის პრეზიდენტს და განსაკუთრებით ამაყია, რომ ჩინეთისნაირი დიდი ქვეყნის მტკიცე მეგობარია. სერბეთი მხარს დაუჭერს ჩინეთს მისი ძირითადი ინტერესების დაცვაში, მჭიდროდ ითანამშრომლებს მასთან სტრატეგიულ კოორდინაციაში, მასთან ერთად დაუპირისპირდება ჰეგემონიზმსა და ძალადობას, საერთაშორისო სამართალსა და მიუკერძოებლობას დაიცავს.

უნგრეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. წელს ამ თარიღიდან 75 წელი შესრულდა. 75 წლის მანძილზე ჩინეთსა და უნგრეთს შორის ურთიერთობები სტაბილურად და ჯანსაღად განვითარდა, პოლიტიკური ნდობა გაიზარდა, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობამ ნაყოფიერი შედეგები გამოიღო, ორმხრივ ურთიერთობებში საუკეთესო პერიოდი დგას. ეს „ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების“ სანიმუშო მაგალითია. 2023 წელს უნგრეთის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმსხვილესი წყარო კვლავ ჩინეთი იყო. ჩინური ინვესტიციების შედეგად, უნგრეთი ევროკავშირის ლიდერია ელექტრომობილების ინდუსტრიის განვითარებაში და მომავალში შესაძლოა ელექტრომობილების ერთ-ერთი კომერციული ცენტრიც გახდეს ევროპაში.

უნგრულმა მხარემ მაღალ დონეზე შეაფასა ეს ვიზიტი. პრეზიდენტმა შუიოკმა და პრემიერმა ორბანმა ჩინეთის პრეზიდენტს ერთობლივი მოწვევა გაუგზავნეს და დახვედრის ცერემონიაც ერთად გამართეს. სი ძინფინგს აეროპორტში დახვდნენ და გააცილეს პრემიერ-მინისტრი ორბანი და საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო. მხარეებს შორის ხანგრძლივი შეხვედრა და ჩინეთ-უნგრეთის სამომავლო ურთიერთობებზე სიღრმისეული დიალოგი შედგა. პრეზიდენტმა სი ძინფინგმა მაღალ დონეზე შეაფასა პრემიერ-მინისტრ ორბანის ჩინეთისადმი მტკიცე მხარდაჭერა მისი ძირითადი ინტერესების დაცვაში. მან მზადყოფნა გამოთქვა, რომ ჩინეთსა და უნგრეთს შორის „ახალ ეპოქაში საყველაამინდო და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ დამყარების საფუძველზე გაგრძელდება თანასწორობა, ურთიერთნდობა, ურთიერთმხარდაჭერა, ურთიერთსარბელიანი თანამშრომლობა, სამართლისა და მიუკერძოებლობის დაცვა. მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორობა ახალ იმპულსს შესძენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას. ჩინეთი მიესალმება უნგრეთის თანამონაწილეობას „ჩინური სტილის მოდერნიზაციის“ პროცესში. ჩინური მხარე უნგრეთთან ერთად გააგრძელებს სტრატეგიულ კოორდინაციას, თანაბარი და მოწესრიგებული მულტიპოლარული სამყაროს და ინკლუზიური ეკონომიკური გლობალიზაციის მხარდაჭერას, გლობალური მმართველობის უფრო სამართლიანი და გონივრული მიმართულებით განვითარებას. პრეზიდენტმა შუიოკმა და პრემიერ მინისტრმა ორბანმა პოზიტიურად შეაფასეს სი ძინფინგის გლობალური ინიციატივები. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ უნგრეთი არის ჩინეთის მტკიცე მეგობარი. ჩინეთს მისი ძირითადი ინტერესებისა და ლეგიტიმური უფლებების დაცვაში ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადეს. უნგრულმა მხარემ ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთი მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. იგი გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, რათა ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების ჯანსაღად და სტაბილურად განვითარებას და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჩინეთთან თანამშრომლობას შეუწყოს ხელი. პარიზში ყოფნისას, პრეზიდენტმა სი ძინფინგმა საფრანგეთის და ევროსაბჭოს პრეზიდენტებთან სამმხრივი შეხვედრაც გამართა. ჩინეთის პრეზიდენტმა ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობების მამოძრავებელი ძალა და თანამშრომლობის არსი გაანალიზა. მან აღნიშნა, რომ ჩინეთისა და ევროკავშირის, როგორც ორი დიდი ძალის, ბაზრისა და ცივილიზაციის ურთიერთობებს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარებისა და კეთილდღეობისთვის მსოფლიოში. ჩინეთსა და ევროკავშირს შორის გეოპოლიტიკურ დაპირისპირებას და ფუნდამენტურ დონეზე ინტერესთა კონფლიქტს ადგილი არ აქვს. ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არ არის მიმართული მესამე მხარის წინააღმდეგ და არც ვისიმე გავლენას ან კონტროლს არ ექვემდებარება. მათ უნდა შეინარჩუნონ პარტნიორობა, განაგრძონ დიალოგი და თანამშრომლობა, გააღრმაონ სტრატეგიული კომუნიკაცია, განამტკიცონ სტრატეგიული კონსენსუსი და კოორდინაცია - ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობების სტაბილურად და ჯანსაღად განვითარების ხელშეწყობის და მსოფლიო მშვიდობასა და განვითარებაში ახალი ძალისხმევის შეტანის მიზნით.

მე ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას არაერთხელ მითქვამს, რომ ჩინეთი ყოველთვის მზად არის პარტნიორობის გასაღრმავებლად, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ურთიერთპატივისცემას, ურთიერთსასარგებელსა და თანამშრომლობას ეფუძნება. ჩინეთი ყოველთვის მზად არის პრაქტიკული ქმედებებისთვის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელს შეუწყობს საერთაშორისო სამართლის და მიუკერძოებლობის დაცვას, მშვიდობას, განვითარებასა და კეთილდღეობას. მას შემდეგ, რაც გასულ წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დამყარდა, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ნდობა და პრაქტიკული თანამშრომლობის შედეგები კიდევ უფრო გაიზარდა. ჩემი და ჩემი ქართველი კოლეგების ერთობლივი ძალისხმევით, ჩინეთსა და საქართველოს შორის უვიზო შეთანხმება თვის ბოლოს ოფიციალურად ამოქმედდება. სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები გახშირდება. ჩინური კომპანიების მიერ ბოლო დროს  განხორციელებული პროექტები - საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩინეთი მზადაა ქართულ მხარესთან ერთად კიდევ უფრო გაამდიდროს სტრატეგიული პარტნიორობის შინაარსი - ამ ორი უძველესი ცივილიზაციის კეთილდღეობისა და აღორძინებისთვის ახალ ეპოქაში.

მსგავსი სიახლეები

2024-07-15 14:35
ჩინეთი

VIDEO: ოლიმპიური ცეცხლი პარიზში ჩავიდა და ესტაფეტაში სამი ჩინელი მონაწილეობდა

პირველ დღეს ესტაფეტაში სამი ჩინელი მონაწილეობდა, რომლებსაც ჩირაღდანი მორიგეობით მოჰქონდათ.

2024-07-07 18:52
ჩინეთი

ჩინელი ჟურნალისტები აგრძელებენ მოგზაურობას აბრეშუმის გზის ისტორიული მარშრუტის გასწვრივ

როგორც მოგზაურობის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, მედია-ჯგუფმა მოგზაურობა ჩინეთის უძველესი დედაქალაქიდან, სიანიდან (შანსის პროვინცია

2024-07-01 17:28
ჩინეთი

VIDEO: "დამზადებულია ჩინეთში" რობოტები აძლიერებენ წარმოების მრეწველობის განახლებას

დამზადებული რობოტები ხელს უწყობენ წარმოების ინდუსტრიის განახლებას სახლში და მის ფარგლებს გარეთ. Აი როგორ?

2024-06-13 15:26
ჩინეთი

ჩინურ ელექტრომობილებზე მაღალი ტარიფები ევროკავშირის ინდუსტრიას არ დაეხმარება: ხორვატი ექსპერტი

ხორვატიის ელექტრო მანქანების მძღოლების ასოციაციის პრეზიდენტმა, თქვა, რომ ევროკავშირის ტარიფები ჩინურ ელექტრომობილებზე ვერ დაეხმარება

2024-06-12 19:29
ჩინეთი

VIDEO: GLOBALink | კორეის რესპუბლიკაში დაბადებული გიგანტური პანდა მიესალმება საზოგადოებას ჩინეთის სი

კორეის რესპუბლიკაში (ROK) დაბადებული პირველი გიგანტური პანდა, საზოგადოებას შეხვდა ოთხშაბათს, ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში,





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები