2024-11-14

04:41

საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის მე-6 შეხვედრა ბრიუსელში გაიმართა

პოლიტიკა
26-01-2024 12:36

23 იანვარს ქ. ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის მე-6 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროებში შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებით მზაობის მაღალი დონე დაადასტურეს, რაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებასა და, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ 2023 წლის დეკემბერში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შედეგად, მხარეთა შორის ურთიერთობებში შექმნილ ახალ სტრატეგიულ ფაზას შეესაბამება.

მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა და შემდგომი პრიორიტეტები, მათ შორის, უსაფრთხოების სფეროში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მიზნით საქართველოს მედეგობის განვითარების მხარდაჭერა. მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები შავ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების ხელშეწყობის საკითხზე, [ევროკავშირის] სტრატეგიული კომპასის შესაბამისად. 

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს  რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგები და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ, მათ შორის, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის შერიგებისკენ მიმართული ძალისხმევის პოტენციალი. მიმოხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ, იურისდიქციის მიღმა მყოფ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება. ორივე მხრიდან ხაზი გაესვა ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის მიერ სრულად შესრულებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანი ფუნქციონირების აუცილებლობას. მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვანი როლი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელების მონიტორინგსა და საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობაში და ხაზი გაუსვეს მისიის მიერ მანდატის სრულად განხორციელების აუცილებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.

საქართველომ და ევროკავშირმა ასევე განიხილეს საგარეო პოლიტიკის საკითხები, მათ შორის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგები, სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ფართო რეგიონში, ასევე  უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები. არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საერთო ინტერესს სატრანსპორტო და ენერგო რესურსების მიწოდების ალტერნატიული მარშრუტების განვითარებისადმი, მათ შორის, შავ ზღვაში საქართველოს გავლით.

ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილემ, ენრიკე მორამ, რომელიც შეხვედრას ევროკავშირის მხრიდან თანათავმჯდოამრეობდა, აღნიშნა: „მიმდინარე რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში, ეს შეხვედრა ჩვენი მზაობის დასტურია, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში. ევროკავშირი საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის ერთგული რჩება და ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ევროკავშირის სურვილია, აქტიური წვლილი შეიტანოს რეგიონში ყველა კონფლიქტის მდგრად და ყოვლისმომცველ მოგვარებაში. მივესალმებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და ველით, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება [ევროკავშირს] საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის წევრობის მიმართულებით ქვეყნის სტრატეგიული არჩევანის გამოხატულების სახით.“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, რომელიც შეხვედრას საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობდა, აღნიშნა: „გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან ახალ სტრატეგიულ ეტაპზე გადავიდა. ევროკავშირს მივაწოდეთ კონკრეტული იდეები უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის გაზრდის კუთხით, რამდენადაც საქართველო უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის ერთგული პარტნიორი და მეკავშირე რჩება ფართო რეგიონში. ბუნებრივია, განვიხილეთ რუსეთის მხრიდან უკანონო ოკუპაცია, ორივე რეგიონის რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, სამართლებრივ, სოციალურ და სხვა სფეროებში ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები და ყოველდღიური პროვოკაციები, რაც კვლავ წარმოადგენს უსაფრთხოებისთვის მთავარ საფრთხეს, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ნეგატიური შედეგებით. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობა და ევროკავშირის მტკიცე ჩართულობის, ასევე ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის  გაზრდის მნიშვნელობა.“

უსაფრთხოების საკითხებში საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის შეხვედრები ყოველწლიურად ტარდება და განიხილება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის, მათ შორის, ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში არსებული საერთო ინტერესის საკითხები.

მსგავსი სიახლეები

2024-11-13 18:09
პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფიფას პრეზიდენტს შეხვდა

საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს, მათ შორის, დაგეგმილი ახალი, საერთაშორისო სტანდარტების სტადიონის მშენებლობის საკითხს, რომელიც

2024-11-13 15:32
სპორტი

ლევან კობიაშვილი - ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვისა

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ფიფა-ს პრეზიდენტს ვესაუბრეთ ისეთ პროექტზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დავაანონსეთ – 2029 წლის

2024-11-13 13:02
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლა COP29-ის ლიდერთა სამიტზე

კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედება, მათ შორის მყინვარების სწრაფი დნობა და ზღვის დონის

2024-11-12 18:18
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა COP29-ის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში - Energy:

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანა აფართოებს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას, აუმჯობესებს ენერგოეფექტურობას

2024-11-12 11:50
პოლიტიკა

ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა რუსთაველის გ

შეკრებილებს სიტყვით მიმართეს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა, ესტონეთის პარლამენტის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები