2024-12-02

00:15

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლა COP29-ის ლიდერთა სამიტზე

პოლიტიკა
13-11-2024 13:02

ბატონო პრეზიდენტო, ქალბატონებო და ბატონებო,


ჩემთვის დიდი პატივია, მოგმართოთ საქართველოს სახელით.

თავდაპირველად, მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ილჰამ ალიევს, ასევე კონფერენციის პრეზიდენტს, ბატონ მუხტარ ბაბაევს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას, გულითადი მასპინძლობისა და ბაქოში კონფერენციის გამორჩეულად წარმატებული ორგანიზებისთვის.

ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენაა, რადგან სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყანა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მონაწილეთა კონფერენციას პირველად მასპინძლობს. მსურს, წარმატებები ვუსურვო აზერბაიჯანს ამ მიმართულებით ნაყოფიერი და ამბიციური შედეგების მიღწევაში, მოლაპარაკებების პროცესში თანამშრომლობის სულისკვეთებისა და კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობაში.

ეს კონფერენცია კრიტიკულ დროს ტარდება, რადგან კლიმატის ცვლილება ჩვენს ეპოქაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევად ყალიბდება, რაც საჭიროებს გლობალურ, გადაუდებელ ქმედებას და თანამშრომლობას, მისი მრავალმხრივი შედეგების დასაძლევად. სამწუხაროდ, ამ გზაზე შეიარაღებული კონფლიქტები არა მხოლოდ სერიოზულ ჰუმანიტარულ კრიზისებს იწვევს, არამედ ხელს უშლის და ანელებს მსოფლიო ძალისხმევას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.

კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედება, მათ შორის მყინვარების სწრაფი დნობა და ზღვის დონის აწევა, სერიოზულად არღვევს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის განსაკუთრებით მოწყვლადი ქვეყნების და ადგილობრივი თემების საარსებო პირობებს. სამწუხაროდ, საქართველოც არ წარმოადგენს გამონაკლისს და დგას კლიმატის ცვლილების მკაცრი შედეგების წინაშე. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად ამაღლდა ცნობიერება ადამიანის უფლებებსა და ეკოლოგიას შორის არსებული კავშირების შესახებ.

2019-2020 წლებში, როდესაც ევროსაბჭოს საქართველო თავმჯდომარეობდა, ოთხი პრიორიტეტიდან ორი მთავარი იყო - ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის დასკვნით დეკლარაციაში ხაზი გაესვა ევროსაბჭოს როლს, როგორც ჩვენი საერთო ევროპული სამართლებრივი ჩარჩოს გარანტს, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების ინიციატივებში გარემოს განზომილების ინტეგრირებაზე, ხოლო გარემოს დაცვის სფეროში ადამიანის უფლებების ასპექტების პოპულარიზაციაზე. ეს დეკლარაცია საფუძვლად დაედო გარემოს დაცვის მიმართულებით ევროსაბჭოს მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან პროგრესს. საქართველოს კონსტიტუცია გარემოს დაცვის უფლებას ადამიანის ძირითად უფლებებს შორის აღიარებს, მაშინ, როდესაც წამყვანი ქვეყნების კონსტიტუციებში სიცოცხლის უფლება აღიქმება გარემოს დაცვის უფლებად; ასეთი მიდგომა აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც.

ამ გადაუდებელი გამოწვევების საპასუხოდ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მტკიცედ ერთგული დავრჩეთ გლობალური სათბური აირების ემისიის განახევრების ვალდებულებისადმი, რაც 2030 წლისთვის არის ნავარაუდევი. ამ მიზნის მიღწევა აუცილებელია, თუ გვსურს, შევზღუდოთ გლობალური დათბობა 1.5 გრადუსამდე, რაც პარიზის შეთანხმებით არის განსაზღვრული.

საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, შეასრულოს ეროვნული ვალდებულებები პარიზის შეთანხმების განხორციელებისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით. ამ მიზნით, საქართველო მზადაა, 2025 წლისთვის წარადგინოს ახალი - მესამე თაობის ეროვნული სამოქმედო გეგმა, რაც მიზნად ისახავს გლობალური დათბობის შენარჩუნებას 1.5 ზღვრული გრადუსის ფარგლებში და ხედვის განხორციელების ხელშეწყობას, რომლის თანახმად ევროპა იქნება პირველი კონტინენტი, რომელიც ნულოვან ემისიას მიაღწევს. ამ პროცესში საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან, რაც მთელი საზოგადოების ჩართულობას გულისხმობს. სამწუხაროდ, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე უკანონო ოკუპაციის გამო, მთავრობას არ აქვს შესაძლებლობა, აღნიშნულ რეგიონებში, რაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტს შეადგენს, განახორციელოს ღონისძიებები, რომელთა მიზანია კლიმატის ცვლილების მავნე ზემოქმედების შემცირება და მისი შედეგების შემსუბუქება.

კლიმატის ცვლილებთან გამკლავების ზომების დაფინანსება ახალი კოლექტიური ინიციატივის ფარგლებში განსაზღვრავს, ჩაითვლება თუ არა ეს კონფერენცია წარმატებულად. ახალი მიზანი უნდა იყოს ამჟამინდელი 100 მილიარდი დოლარის ნიშნულის მნიშვნელოვანი ზრდა და გლობალური ფინანსური ნაკადების უზრუნველყოფა პარიზის შეთანხმების მიზნებთან თანხვედრის მიზნით. ამ კონტექსტში უნდა გავიხსენოთ, რომ წინა კონფერენციაზე აღიარებულ იქნა, რომ განვითარებად ქვეყნებს მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე დაახლოებით 6 ტრილიონი დოლარი დასჭირდებათ კლიმატის ცვლილების ეფექტური დაძლევის მიზნით. წლევანდელი კონფერენციის შედეგად განვითარებადი ქვეყნების წვდომაც უნდა გაუმჯობესდეს კლიმატის ცვლილების გამკლავების ზომების დაფინანსებაზე და შეიქმნას აუცილებელი უნარები, რათა ამ ქვეყნებმა გაზრდილი დაფინანსების ეფექტური გამოყენება შეძლონ.

საქართველოში ჩვენ სერიოზულად ვუდგებით კლიმატური კრიზისის დაძლევის პასუხისმგებლობას და უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა არსებითი გავლენა მოვახდინოთ. საქართველო აქტიურად აგრძელებს კლიმატთან დაკავშირებული ქმედებების ინტეგრირებას ეროვნულ ბიუჯეტში წლიური შეფასებების საშუალებით, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, გავზომოთ კლიმატის ცვლილების ზემოქმედება ჩვენს ხარჯებსა და ეკონომიკურ განვითარებაზე. ეს განსაზღვრავს შერბილების და ადაპტაციის ხარჯებს, ხელს უწყობს პარტნიორებთან თანამშრომლობას და საფუძველს ქმნის დაფინანსების კოორდინაციისათვის, რათა გავაძლიეროთ გამძლეობა და მივაღწიოთ ეროვნული სამოქმედო გეგმის მიზნებს.

კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების პოლიტიკის ეფექტური განვითარება, ტრანსფორმაციული პროგრამები და ეკონომიკური ზრდის ინიციატივები განვითარებად ქვეყნებში დიდწილად არის დამოკიდებული პარიზის შეთანხმების მიზნებთან გლობალური ფინანსური ნაკადების წარმატებულ თანხვედრაზე. არსებითი ფინანსური მხარდაჭერა, ტექნიკური დახმარება და ტექნოლოგიურ სფეროში ცოდნის გადაცემის პროცესი მნიშვნელოვანია განვითარებადი ქვეყნებისთვის, კლიმატის ცვლილებებთან მათი გამკლავების ამბიციური მიზნების ეფექტური განხორციელების თვალსაზრისით. დასასრულს, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საქართველოსთვის პატივია მონაწილეობა კლიმატის ცვლილების შესახებ კონფერენციაში, რომელიც ჩვენს რეგიონში ტარდება. მოდით, მივყვეთ გზას, რომლითაც ჩვენი კოლექტიური მიზნები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან შედეგებად გარდაიქმნება. ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი მეზობელი და მეგობარი აზერბაიჯანის მხარდასაჭერად, რათა ეს კონფერენცია წარმატებული შედეგებით დასრულდეს. ჩვენ ერთად ვაქცევთ სამხრეთ კავკასიის რეგიონს შესაძლებლობებისა და წარმატებების რეგიონად!

 მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

მსგავსი სიახლეები

2024-11-29 15:42
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - მოლაპარაკების გახსნა თუ უნდათ, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოვაწერ ხელს

კატასტროფა იყო, რაც ხდებოდა ჩვენი ქვეყნის თავზე, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა სიმშვიდე

2024-11-29 12:06
პოლიტიკა

პაველ ჰერჩინსკი - სამწუხაროდ, ყველაფერმა ერთად, მიგვიყვანა იმ წერტილამდე, რომ ევროკავშირმა საქართველ

„ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ 27 წევრი ქვეყნისგან შემდგარი კავშირი. ჩვენი ძალა ჩვენს ერთიანობაშია, მაგრამ, ასევე, ჩვენს

2024-11-28 22:06
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი - დიპლომატიურ კორპუსს ვთხოვე, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ამდენ ხა

ამასთან, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს წერტილი დაესვა იმ საკონსტიტუციო გადატრიალებას, რომელიც უკვე

2024-11-28 21:48
პოლიტიკა

თბილისში, პარლამენტის წინ მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ხალხის რაოდენობა

2024-11-28 20:54
პოლიტიკა

რატი ამაღლობელმა არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით განცხადება გააკეთა - მალე საზოგადოებიდან, სამო

საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს უხეშად ლახავს. აღნიშნული





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები