საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი საშინაო მატჩი გამართა
სპორტი
11-11-2024 11:05
,,თბილისი არენაზე" საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი საშინაო მატჩი გამართა. ქართველი ხელბურთელები ისლანდიელებს დაუპირისპირდნენ და შეხვედრა ანგარიშით 25:30 დათმეს.
შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმრების მინიმალური უპირატესობით 14:13 დასრულდა, მეორე ტაიმი კი ისლანდიელების უპირატესობით წარიმართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ შალვა გოგოლაძე ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა და მათ მომავალ მატჩებში წარმატებები უსურვა.
ეროვნულმა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი საბერძნეთთან გამართა და შეხვედრა ერთი ქულის სხვაობით 26:27 დათმო. მომდევნო მატჩში ქართველი ხელბურთელები ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად იასპარეზა. ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა გუნდმა E ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ქართველმა სპორტსმენებმა ბოლო ტურის მატჩი ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამართეს და მეტოქე ანგარიშით 22:19 დაამარცხეს.
ინფორმაციისთვის: 2026 წლის ევროპის ჩემპიონატს სამი ქვეყანა - დანია, ნორვეგია და შვედეთი - უმასპინძლებს.
ნანახია: 135
მსგავსი სიახლეები
clickss