საქართველომ პარალიმპიადაზე მეშვიდე მედალი მოიპოვა - პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი ვიცე-ჩემპიონია, ინა ქალდანი კი - ბრინჯაოს პრიზიორი
სპორტი
07-09-2024 16:50
პარიზის პარალიმპიური თამაშების მეცხრე საშეჯიბრო დღეს საქართველომ ორი მედალი მოიპოვა. ქართველმა პარაძიუდოისტებმა გიორგი ქალდანმა (73 კგ, კატეგორია J2) ვერცხლი, ინა ქალდანმა (70 კგ, კატეგორია J2) კი ბრინჯაოს მედალი მიიღეს.
გიორგი ქალდანმა ფინალი იაპონელ პარასპორტსმენთან, ტოკიოს პარალიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორ იუჯირო სეტოსთან დათმო.
ინა ქალდანმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ყაზახი აიალა მერეკე დაამარცხა.
ქართველი პარასპორტსმენების ასპარეზობას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ ინა ქალდანმა მედლის მოპოვება პარაოლიმპიადაზე ზედიზედ მეორედ შეძლო. ტოკიოს პარალიმპიადაზე მან ვერცხლის მედალი მიიღო.
ამ დროისთვის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს შვიდი მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა და პარაძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა მოიპოვეს, ბრინჯაოსმედალოსნები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.
7 სექტემბერს საქართველოს ღირსებას პარაძიუდოისტები - ლაშა ყიზილაშვილი და რევაზ ჩიკოიძე - დაიცავენ.
ინფორმაციისთვის: საქართველოს მთავრობა პარალიმპიური თამაშების ჩემპიონს - 1 000 000 ლარს, ვერცხლისმედალოსანს - 500 000 ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორს - 250 000 ლარს გადასცემს.
ნანახია: 253
მსგავსი სიახლეები
clickss