VIDEO: საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულმა (U21) ნაკრებმა ბათუმში მოლდოვა დაამარცხა
საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულმა (U21) ნაკრებმა, შემოდგომის სანაკრებო ციკლის პირველ მატჩში, ბათუმში მოლდოვას უმასპინძლა, მეტოქე დამაჯერებლად - 3:0 დაამარცხა და ჯგუფში 16 ქულით მეორე ადგილი განიმტკიცა.
ბათუმის აჭარაბეთ არენაზე გამართულ მატჩში, პირველი გოლი მატჩის მე-14 წუთზე გიზო მამაგეიშვილმა თავური დარტყმით გაიატანა, რომელმაც ლაშა ოდიშარიას გადაცემა ზუსტად გამოიყენა. მეორე გოლიც 49-ე წუთზე ოდიშარიას დაწყებულ შეტევას მოჰყვა, ამჯერად თავი გიორგი კვერნაძემ გამოიჩინა.
მატჩის მე-80 წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა გიორგი აბუაშვილმა სხვაობა სამამადე გაზარდა და 21-წლამდელთა რიგებში თავისი მეორე გოლის გატანა შეძლო - საგოლე პასი ამ ეპიზოდშიც, ლატვიური რფს რიგას შემტევს - ლაშა ოდიშარიას ეკუთვნოდა.
მოლდოვასთან გამარჯვების შემდეგ, ხვალ, რამაზ სვანაძის გუნდი ნიდერლანდებში გაემგზავრება, სადაც 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს, ვენლოში, ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ჩვენ გუნდს, გასული ექვსი ტურის შემდეგ, ჯგუფში 16 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. 10 ქულით შვედეთი მესამე ადგილს იკავებს, რომელიც ხვალ შინ გიბრალტარს მასპინძლობს. ჯგუფში პირველ ადგილს 21 ქულით ნიდერლანდები იკავებს.
2025 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე, საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპიდან (მასპინძელი სლოვაკეთის გარდა) პირდაპირ მოხვდება 9 ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი, ხოლო დარჩენილი ექვსი მეორეადგილოსანი გუნდი, ერთმანეთში, წყვილად 2-მატჩიან პლეი-ოფს ითამაშებს და ბოლო 3 საგზურიც ამ გზით გადანაწილდება.
ნანახია: 274
მსგავსი სიახლეები
clickss