საქართველომ პარალიმპიადაზე მეხუთე მედალი მოიპოვა - პარაძიუდოისტი ზურაბ ზურაბიანი ვიცე-ჩემპიონია
სპორტი
06-09-2024 12:21
პარიზის პარალიმპიური თამაშების მერვე დღეს საქართველომ მეხუთე მედალი მოიპოვა. ქართველი პარაძიუდოისტი ზურაბ ზურაბიანი (60კგ, კატეგორია J2) პარიზის პარალიმპიადის ვიცე-ჩემპიონია. მან ფინალი უზბეკ შერზოდ ნამოზოვთან დათმო და საქართველოს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე მეორე ვერცხლის მედალი მოუტანა.
ქართველი პარასპორტსმენის ასპარეზობას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია დაესწრო.
ზურაბ ზურაბიანის ჯილდო საქართველოსთვის პარალიმპიური თამაშების მეცხრე მედალია, რომელთაგან ოთხი მედალი სწორედ პარაძიუდოისტების ანგარიშზეა. ამ დროისთვის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ხუთი მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ვერცხლის მედალი პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მოიპოვა, ბრინჯაოსმედალოსნები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.
6 სექტემბერს საქართველოს ღირსებას პარაძიუდოისტები - ინა და გიორგი ქალდანები დაიცავენ.
ინფორმაციისთვის: საქართველოს მთავრობა პარალიმპიური თამაშების ჩემპიონს - 1 000 000 ლარს, ვერცხლისმედალოსანს - 500 000 ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორს - 250 000 ლარს გადასცემს.
ნანახია: 184
მსგავსი სიახლეები
clickss