თბილისში აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთისა და საქართველოს ჟურნალისტების პირველი შეხვედრა ჩატარდა
29 აპრილს თბილისში, სასტუმრო „ჰილტონში“ აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოსა და სომხეთის ჟურნალისტების პირველი შეხვედრა გაიმართა. ერთობლივი სემინარი თემაზე - „მშვიდობა და მედიის როლი სამხრეთ კავკასიაში“ მრგვალი მაგიდის ფორმატში ჩატარდა. გლობალური ჟურნალისტური საბჭოს (GJC) ეგიდით გამართულ სემინარზე განიხილეს სხვადასხვა საკითხები და მათ შორის „მასმედიის როლი რეგიონული კონფლიქტების მოგვარებაში“.
გლობალური ჟურნალისტურისაბჭოს საქართველოს წარმომადგენელმა, სააგენტო „ნიუს დეი საქართველოს“ მთავარმა რედაქტორმა ავთანდილ ოთანაშვილმა მიულოცა დამსწრე ჟურნალისტებს შეკრება და ყურადღება გაამახვილა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე. ასევე მან ხაზი გაუსვა კონფლიქტების მოგვარების საქმეში მასმედიის როლის მნიშვნელობას.
შემდეგ სიტყვით გამოვიდა გლობალური ჟურნალისტურისაბჭოს პრეზიდენტი მეჰმეთ ალი დიმი, რომელმაც მსოფლიოში ომებით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა. მისივე თქმით, მასმედია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყველა ომის, კონფლიქტის და სხვა პრობლემების გადაწყვეტაში. „ამ ღონისძიების გამართვის მიზანია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების როლის გაზრდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, თითქმის 40 წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის მოგვარებაში“, აღნიშნა მან.
აზერბაიჯანის თანამედროვე მედია ჯგუფის ხელმძღვანელმა ელშად ეივაზლიმ ისაუბრა ჟურნალისტების როლის მნიშვნელობაზე კონფლიქტების მოგვარების საქმეში. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მსოფლიო ომების დროს ბევრი ჟურნალისტიც დაიღუპა. მისი წინადადებით, კონფლიქტურ რეგიონებში დაღუპული ჟურნალისტების ხსოვნას, სემინარის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
სომხეთის სააგენტო „არმინფოს“ დირექტორმა ემანუელ მკრტჩიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეთანხმება შეკრებილი ჟურნალისტების მოსაზრებებს და ძალიან აფასებს ჟურნალისტთა ასეთი შეხვედრების გამართვას.
ღონისძიების მნიშვნელობაზე ასევე ისაუბრეს გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტის“ თანამშრომელმა მირანდა ოგანეზოვამ, პორტალ apsny.ge-ს დირექტორმა, პოლიტიკურმა მიმომხილველმა გოჩა გვარამიამ,
თურქეთის „ჰაბერ გლობალის“ წამყვანმა რედაქტორმა ბენან კეფსუტლუმ, აზერბაიჯანის პრესის საბჭოს წევრმა იეგანე ჰაჯიევამ. მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიიღო AZERTAC-ის საქართველო ბიუროს ხელმძღვანელმა ხატაი აზიზოვმა და პორტალ 24news.ge-ს რედაქტორმა აზერ მამედოვმა.
შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებების გამართვა ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი სამუშაოების განხორციელებას და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნებას. ასევე ითქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუკი მსგავსი სახის ჟურნალისტთა ოთხმხრივი შეხვედრები სამომავლოდ სტამბულში, ბაქოსა და ერევანშიც გაიმართება.
აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოსა და სომხეთის ჟურნალისტების პირველი შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას.
ნანახია: 153
მსგავსი სიახლეები
clickss