#SCIM2024, იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული (2024 წლის 16-22 ნოემბერი)
იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივით წელს უკვე მეცხრედ იმართება, 2024 წლის 16-22 ნოემბერს ტარდება და მისი მთავარი თემაა „ხმელთაშუა ზღვის დიეტა: ჯანმრთელობა და ტრადიციები“. წლევანდელი კვირეულის მიზანია, წარმოაჩინოს იტალიური სამზარეულოს ტრადიციები და იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ხმელთაშუა ზღვის უნიკალური დიეტის მნიშვნელობა ჯანსაღი, დაბალასებული და ეკოლოგიურად მდგრადი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის.
იტალიური სამზარეულოს - მემკვიდრეობის, რომელიც ცოდნასა და ტრადიციებს აერთიანებს და ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო სავიზიტო ბარათია - კვირეულის აღნიშვნა საქართველოში მიეძღვნება კამპანიის რეგიონის სამზარეულოს და წარმოადგენს კამპანიის რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების მესამე ნაწილს (ხელოვნებისა და საგანმანათლებლო სფეროს შემდეგ), რომელსაც იტალიის საელჩო ახორციელებს.
გთავაზობთ საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ICE-ITA) თბილისის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობითა და მრავალრიცხოვანი სპონსორისა თუ პარტნიორის დახმარებით ორგანიზებული ღონისძიებების პროგრამას:
17 ნოემბერი: იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის აღნიშვნა საქართველოში დაიწყება ღონისძიებით, რომელიც იტალიური სამზარეულოს სიმბოლოდ ქცეულ კერძს, პიცასა და იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში ჩართულ ნეაპოლური პიცის მომზადების ხელოვნებას მიეძღვნება. პიცის ფესტივალი, რომელიც ექსპოჯორჯიაში გაიმართება (დასაწყისი: 16:00სთ, დასწრება თავისუფალია), მოიცავს საქართველოში ღონისძიებისთვის სპეციალურად ჩამოსული იტალიელი მზარეულების მიერ ჩატარებულ პიცის ცომის მომზადების მასტერკლასს, შეჯიბრს საქართველოს დედაქალაქის პიცერიების პროფესიონალ მზარეულებს შორის და სხვადასხვა სახეობის პიცის დეგუსტაციას. სტუმრებს შესანიშნავი შესაძლებლობა ექნებათ, თვალყური ადევნონ პიცის მომზადების სრულ პროცესს, გასინჯონ ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებული, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი იტალიური კერძი და თბილისში საუკეთესო პიცა გამოავლინონ.
18 ნოემბერი: კამპანიის რეგიონის მრავალფეროვანი სამზარეულოსა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის გასაოცარი გემოების წარმოსაჩენად, გაიმართება საზეიმო ვახშამი, რომლის სტუმრებს მიშლენის ვარსკვლავით დაჯილდოებული რესტორნის „Mammà“ შეფ-მზარეული სალვატორე ლა რაჯონე, ახალგაზრდა იტალიელი შეფ-მზარეულთან, „მასტერშეფის“ ფინალისტ დიეგო ბუტილიონესთან თანამშრომლობით, მაღალი სამზარეულოს საკუთარ ხედვასა და სპეციალურად შექმნილ მენიუს შესთავაზებს. ღონისძიება, რომელიც გურმანებისთვის ნამდვილი საჩუქარი იქნება, კლასიკური მუსიკალური ნაწარმოებების თანხლებით გაიმართება, რომლებსაც მარიკა გულორდავა (სოპრანო), არმაზ დარაშვილი (ტენორი) და თემურ ელიავა (პიანისტი) შეასრულებენ.
19 ნოემბერი: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიულ აკადემიაში გაიმართება შეფ-მზარეულ დიეგო ბუტილიონესა და სახელგანთქმული ფქვილის მწარმოებელი იტალიური კომპანია Molino Casillo-ს წარმომადგენლების მასტერკლასი მომავალი მზარეულებისთვის.
20 ნოემბერი: Consorzio Tutela Mozzarella di Bufala Campana-ს (კამპანიის კამეჩის რძისგან დამზადებული მოცარელას კონსორციუმის) პრეზიდენტი დომენიკო რაიმონდო ჩაატარებს სემინარს ენოგასტრონომიული დარგის, კერძოდ, რესტორნებისა და საუპერმარკეტების ქსელების სპეციალისტებისთვის. გაიმართება კამპანიის რეგიონისთვის დამახასიათებელი დელიკატესების დეგუსტაცია. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდება (დასაწყისი: 16:00სთ) და მის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება იტალიის საელჩოსა და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის მიერ ორგანიზებული კონკურსის ,,მაკარონის ხელნაკეთობები“ ფარგლებში დანტეს ხელოვნების სკოლის მოსწავლეების მიერ მაკარონისგან შექმნილი სკულპტურების გამოფენა, რომელიც გამარჯვებული ნამუშევრის დაჯილდოებით დასრულდება.
ამავე დღეს გაიმართება შეფ-მზარეული სალვატორე ლა რაჯონესა და კომპანია Molino Casillo-ს კულინარიული შოუ და მასტერკლასი რესტორატორებისა და დარგის სპეციალისტებისთვის, რომლებსაც იტალიელი შეფ-მზარეული კულინარიული სამყაროს საკუთარ ხედვაზე მოუთხრობს.
გარდა ამისა, მთელი კვირეულის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქის მსხვილი სუპერმარკეტების ქსელები და სხვადასხვა იტალიური რესტორნები იტალიური სამზარეულოს მოყვარულებს ახალ კერძებს, მენიუსა და სხვადასხვა ღონისძიებას შესთავაზებენ.
დაბოლოს, მადლობას ვუხდით ჩვენს გენერალურ სპონსორს Goodwill, მრავალიცხოვან სპონსორ და პარტნიორ ორგანიზაციას, რომლებმაც იტალიური სამზარეულოს მე-9 მსოფლიო კვირეულის ღონისძიებების ორგანიზებაში წვლილი შეიტანეს.
ნანახია: 155
მსგავსი სიახლეები
clickss