აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს სანქციები დაუწესა
ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს სანქციები დაუწესა.
როგორც სახაზინო დეპარტამენტის გვერდზე გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა სანქციები დაუწესა პირებს, რომლებიც „ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში“.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, სანქციები დაუწესდა საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირს, რომლებიც „დაკავშირებული არიან მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკ დარბევასთან“, ასევე, საქართველოს ორ კერძო მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელი ან თანამონაწილე არიან, ან პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობდნენ დემოკრატიულ პროცესში ჩართული ქართველების მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის ძალადობრივ ჩახშობაში“.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის გვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, ოთხივე პირის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა აღმასრულებელი ბრძანების, 13818-ის საფუძველზე, რომელიც ეფუძნება გლობალურ მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ანგარიშვალდებულების აქტს და მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების ჩამდენი პირების წინაააღმდეგაა მიმართული.
სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე საუბარია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზეც.
„კანონი ეწინააღმდეგება ღირებულებებს, რომლებიც საქართველოს აკავშირებს ევროპასა და ევროკავშირთან. ეს კანონი ავალდებულებს არასამთავრობო და სხვა ორგანიზაციებს, მათ შორის მედიაორგანიზაციებს, რომლებიც იღებენ თავიანთი დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს უცხოური წყაროებიდან, დარეგისტრირდნენ როგორც ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ უცხო ძალის ინტერესებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, კანონის მიღებამდე, მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის უშიშროების ძალების მხრიდან ძალადობის სამიზნეები გახდნენ საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები, ჟურნალისტები და ახალგაზრდული აქტივისტები, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავდნენ თავიანთ მოსაზრებებს. მათივე განმარტებით, ამ ძალადობას ზედამხედველობდნენ სპეცდანიშნულების დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური.
„ხარაზიშვილი ცნობილია თავისი სადამსჯელო ქმედებებით პოლიტიკური ოპონენტების მიმართ და პირადად იყო ჩართული მომიტინგეთა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში. ხარაზიშვილი და ლაზაგაური არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლების წინააღმდეგ დაწესდა სანქციები, რადგან ისინი იყვნენ ან არიან თანამდებობის პირები უწყებაში, მათ შორის სამთავრობო უწყებაში და ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში სერიოზულად დაარღვიეს ადამიანის უფლებები“, – აღნიშნულია სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციები შეეხო ალტ-ინფოს დამფუძნებელს, კონსტანტინე მორგოშიას. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ მედიაკომპანიას კონსტანტინე მორგოშია დეზინფორმაციის გაძლიერებისთვის, ასევე მარგინალიზებული თემების მიმართ სიძულვილის ენისა და მუქარის გავრცელებისთვის იყენებდა.
„2021 და 2023 წლების ივლისში იგი მხარს უჭერდა ძალადობრივ თავდასხმებს მარგინალიზებულ პირებზე, რომლებიც მშვიდობიანად ახორციელებდნენ გამოხატვისა და შეკრების ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ხელმძღვანელობდა ასობით მიმდევრის შეჭრას არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისებში, თავდასხმას შემთხვევის ადგილზე მყოფ ჟურნალისტებსა და პოლიციელებზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სანქციები შეეხო ზურაბ მახარაძეს, რომელიც, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მტკიცებით, არის ალტ-ინფოსთან ასოცირებული პირი და „მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მარგინალიზებული ქართველების მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერი“.
„მან პირდაპირ წაახალისა ძალადობა უმცირესობათა ჯგუფებისა და ჟურნალისტების მიმართ ონლაინრეჟიმში მარგინალიზებულ თემებზე ძალადობრივი თავდასხმების წინ და დაეხმარა 2021 და 2023 წლებში ადამიანის უფლებათა საწინააღმდეგო ძალადობის ხელმძღვანელობას, ორგანიზებას და სახსრების შეგროვებას“, – აღნიშნულია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, მორგოშია და მახარაძე არიან უცხოელი პირები, რომლებიც „პასუხისმგებელი ან თანამონაწილენი არიან, ან უშუალოდ, ან ირიბად მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში“.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, დღევანდელი ქმედების შედეგად, ზემოთ აღნიშნული პირების საკუთრებაში არსებული ყველა ქონება, რომელიც არის შეერთებულ შტატებში, ან აშშ-ის პირების მფლობელობაში, ან კონტროლში, დაბლოკილია და უნდა ეცნობოს სახაზინო სამსახურის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტს. გარდა ამისა, ფინანსური ინსტიტუტები და სხვა პირები, რომლებიც ეწევიან გარკვეულ ტრანზაქციას ან საქმიანობას სანქცირებულ სუბიექტებთან და ფიზიკურ პირებთან, შეიძლება დაექვემდებარონ სანქციებს ან დაექვემდებარონ სააღსრულებო მოქმედებას.
წყარო: 1tv.ge
ნანახია: 227
მსგავსი სიახლეები
clickss