PSP-ში თანამშრომლებისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) ასისტენტი დაინერგა - კომპანიის ცოდნა ერთ ჩატში
„პასუხი იქვე, სადაც მუშაობთ“ - PSP AI ასისტენტი თანამშრომლებს ინფორმაციის წამებში მოძიებაში, სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციასა და პროფესიული ცოდნის განვითარებაში ეხმარება.
PSP-ში ხელოვნური ინტელექტი უკვე არა მომავლის ტექნოლოგია, არამედ თანამშრომლის ყოველდღიური სამუშაო ინსტრუმენტია.
ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვა PSP-ში გრძელდება. კომპანიამ თანამშრომლებისთვის PSP AI ასისტენტი დანერგა, რომელიც კომპანიის ცოდნას, ინსტრუქციებსა და სამუშაო სისტემებში არსებულ ინფორმაციას ერთ სივრცეში აერთიანებს და თანამშრომლებს საჭირო პასუხის მყისიერად მიღების შესაძლებლობას აძლევს.
PSP პირველი ფარმაცევტული კომპანიაა საქართველოში, რომელმაც მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და თანამშრომელთა სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვა წლების წინ დაიწყო და ამ მიმართულებით მსოფლიო სტანდარტების დანერგვას მუდმივად აგრძელებს.
წელს PSP-მ ციფრული ტრანსფორმაციის მორიგი ეტაპი წარმატებით განახორციელა - ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება კომპანიის ყოველდღიურ ოპერაციებში.
ახალი PSP AI ასისტენტი თანამშრომელს საშუალებას აძლევს, მისთვის საჭირო ინფორმაცია ბუნებრივი ენით, მარტივი კითხვით მოიძიოს - ისე, როგორც კოლეგას მიმართავდა. ასისტენტი პასუხს კომპანიის ინსტრუქციებში, პროდუქტების კატალოგსა და სამუშაო სისტემებში ეძებს. ის ქართულ ენაზე მუშაობს, ინგლისურენოვან კითხვებს კი ინგლისურად პასუხობს. პასუხები კომპანიის დაგროვილ ცოდნას, ინსტრუქციებსა და უკვე განხილულ შემთხვევებს ეფუძნება.
PSP AI ასისტენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დამხმარე ინსტრუმენტია ფარმაცევტებისთვის. მას შეუძლია წამებში მოიძიოს ინფორმაცია ათიათასობით მედიკამენტის შესახებ, მათ შორის ანოტაციები, დოზირების დეტალები, შემადგენლობა და ანალოგები.
მედიკამენტებთან დაკავშირებული პასუხები შესაბამის ანოტაციებს ეფუძნება და ფარმაცევტს პროფესიული გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო ინფორმაციის სწრაფად მოძიებაში ეხმარება.
ასისტენტი თანამშრომლებს ასევე მყისიერად აწვდის ინფორმაციას აფთიაქების ქსელში არსებული მედიკამენტებისა და პროდუქტების მარაგების, მიმდინარე აქციებისა და ლოიალობის პროგრამების, კოსმეტიკისა და თავის მოვლის პროდუქტების შესახებ, ERP ოპერაციებსა და სამუშაო პროგრამებზე, კოლეგებსა და მათ საკონტაქტო ინფორმაციაზე, HR საკითხებზე, შრომით რეგულაციებსა და კომპანიის ბენეფიტებზე.
PSP AI ასისტენტის შესაძლებლობები მხოლოდ ინფორმაციის მოძიებით არ შემოიფარგლება. მას შეუძლია კომპანიის სისტემებიდან ანგარიშების მომზადება, თანამშრომლის დასტურის მიღების შემდეგ SMS შეტყობინებების გაგზავნა, ინციდენტების რეგისტრაცია და ფარმაცევტების პროფესიული ცოდნის განვითარებაში მონაწილეობა.
PSP AI ასისტენტი აერთიანებს ინტერაქციულ საგანმანათლებლო მოდულს „პსპ აკადემიას“, რომელიც ფარმაცევტებს უსაფრთხო ციფრულ გარემოში რეალურ სამუშაო სიტუაციებზე დაფუძნებული სიმულაციებით, ინდივიდუალური სასწავლო ფორმატებითა და მყისიერი უკუკავშირით პროფესიული უნარებისა და ცოდნის განვითარების შესაძლებლობას აძლევს. სწავლების პროცესი სრულად მოქნილია - ფარმაცევტს შეუძლია თავად აირჩიოს სასურველი თემა, ფორმატი და მეცადინეობის დრო.
PSP AI ასისტენტი შიდა მოხმარების ინსტრუმენტია, მუშაობს კომპანიის სერვერებზე და მასზე წვდომა მკაცრად კონტროლდება. თანამშრომელთა პირადი ინფორმაცია ასისტენტისთვის მიუწვდომელია.
PSP AI ასისტენტის დანერგვის შედეგად, თანამშრომლებს ინფორმაციის მოძიებასა და დაზუსტებაზე დროის დახარჯვა აღარ უწევთ, შედეგად ფარმაცევტს მეტი დრო რჩება მომხმარებლისთვის, მენეჯერს - რთული საკითხების გადასაჭრელად, ხოლო ახალი თანამშრომელი სამუშაო პროცესებს უფრო სწრაფად ეუფლება.
PSP ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვას თანმიმდევრულად, ეტაპობრივად ახორციელებს. კომპანიამ ბიზნესპროცესების ოპტიმიზაცია პირველად SMART WMS-ის დანერგვით 2023 წელს დაიწყო, 2024 წელს კი Microsoft-ის თანამედროვე ERP ტექნოლოგიების გამოყენება გააფართოვა და ფინანსური, შესყიდვებისა და კორპორაციული გაყიდვების მოდულები დანერგა.
2025 წელს PSP გახდა პირველი ფარმაცევტული კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც Microsoft Dynamics 365 Business Central და LS Retail სრულად დანერგა. ამით კომპანიამ მომსახურების ხარისხის, ოპერაციული ეფექტიანობისა და ბიზნესპროცესების მართვის ახალი სტანდარტი დაამკვიდრა.
„PSP-მ, როგორც ფარმაცევტული ბაზრის ლიდერმა, ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვისთვის მზადება წლების წინ დაიწყო. კომპანიისთვის, რომელიც მომხმარებელსა და თანამშრომლებზე ზრუნვას საქმიანობის მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს, ტექნოლოგიების დანერგვა მხოლოდ პროცესების ავტომატიზაციას არ ნიშნავს - ეს არის შესაძლებლობა, თანამშრომლებს გავუმარტივოთ ყოველდღიური სამუშაო, გავზარდოთ ოპერაციული ეფექტიანობა და საბოლოოდ მომხმარებელს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ. PSP აგრძელებს ინოვაციების დანერგვას მომხმარებელზე ორიენტირებული მაღალი სტანდარტების დასამკვიდრებლად“ - აცხადებენ PSP-ში.
ნანახია: 10
მსგავსი სიახლეები
clickss