2026-11-10

17:09

თბილისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციას უმასპინძლებს

10-11-2026 16:15

„ახალი სამიზნეები და თერაპიული სტრატეგიები “- საერთაშორისო ექსპერტებს, მკვლევრებსა და ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს გაართიანებს

13-15 ნოემბერს,  სასტუმრო „პულმანი თბილისში“  (მის: ი. ჭავჭაავაძის გამზ. #37) გაფანტული სკლეროზის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება თემაზე: „ახალი სამიზნეები და თერაპიული სტრატეგიები “. კონფერენცია „გაფანტული სკლეროზისა და მონათესავე დაავადებების საქართველოს საზოგადოების“ ორგანიზებით ეწყობა, რომელიც საერთაშორისო ექსპერტებს, მკვლევრებსა და ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს გაართიანებს.  

სამდღიანი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაფანტული სკლეროზის კვლევის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიღწევებსა და სამომავლო პერსპექტივებს განიხილავენ. ასევე დაგეგმილია თემატური სესიები, სამეცნიერო მოხსენებები, დისკუსიები და პრაქტიკული ვორქშოფები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დაავადების ეპიდემიოლოგიას, გენეტიკურ ფაქტორებს, ადრეულ დიაგნოსტიკას, ნეიროვიზუალიზაციის თანამედროვე შესაძლებლობებს, ბიომარკერებსა და მკურნალობის ინოვაციურ მეთოდებს.

კონფერენციის სამეცნიერო პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ  სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები, ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის, პროფესორები ალექსანდრე ცისკარიძე, მარინა ჯანელიძე, მიხეილ ოკუჯავა, ზაალ კოკაია (შვედეთი), ამით ბარ-ორი (აშშ), ჯივონ ოჰი (კანადა), ალექს როვირა (ეპანეთი), ეოინ ფლანაგანი (აშშ), აქსელ სივა (თურქეთი) და სხვა სპეციალისტები.

კონფერენციის ფარგლებში მომხსენებლები ისაუბრებენ 2026 წელს გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ახალ თერაპიულ სამიზნეებსა და სტრატეგიებზე, სამეცნიერო სიახლეებსა და თანამედროვე სამედიცინო მიდგომებზე. კონფერენციის მონაწილეები ასევე განიხილავენ გაფანტული სკლეროზის გლობალურ ეპიდემიოლოგიას, დაავადების გენეტიკურ და გარემო რისკფაქტორებს, მაღალი რისკის მქონე პირთა ადრეულ იდენტიფიცირებასა და დაავადების პრევენციის შესაძლებლობებს.

კონფერენციის სამეცნიერო პროგრამა ასევე მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა გაფანტული სკლეროზის დიაგნოსტიკის განახლებული კრიტერიუმები, მაღალეფექტური თერაპია, დაავადების პროგრესირების მექანიზმები და მკურნალობის პერსონალიზებული მიდგომები.

კონფერენციის მიზანია საერთაშორისო სამეცნიერო გამოცდილების გაზიარება, პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავება და გაფანტული სკლეროზის მართვის სფეროში უახლესი ცოდნისა და პრაქტიკის გაცნობა.

გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა, რომლითაც მსოფლიოში დაახლოებით 3.1 მილიონი ადამიანია დაავადებული. პირველი სიმპტომები უპირატესად 20-დან 40 წლის ასაკში ვლინდება, რის გამოც გაფანტული სკლეროზი არატრამვული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდებში. გაფანტული  სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება ადრეულ ეტაპზევე, რათა შეფერხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ გამოიყენება დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირებას.

 

(R)

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები