2026-09-14

18:28

საპენსიო ფონდში დავალიანების გამო დაკისრებული და გადაუხდელი ჯარიმები ამნისტიას დაექვემდებარება - ამასთან, ჯარიმის ჩამოწერა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დამსაქმებელი საპენსიო დავალიანებას და საურავს წლის ბოლომდე დაფარავს

14-09-2026 17:25

საპენსიო ფონდში საპენსიო დავალიანების გამო დაკისრებული და გადაუხდელი ჯარიმები ამნისტიას დაექვემდებარება. ამასთან, ჯარიმის ჩამოწერა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დამსაქმებელი საპენსიო დავალიანებას და საურავს მიმდინარე წლის ბოლომდე დაფარავს.

შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს წარედგინა. მის შინაარსზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.

პაპუაშვილის ინფორმაციით, საკანონმდებლო პაკეტი დაახლოებით 13 500 დამსაქმებელს შეეხება და ჯამში, 43 მილიონი ლარის ამნისტია მოხდება.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებით, ჯარიმების ოდენობის შემცირება მოხდება - პირველ და განმეორებით შემთხვევაში აქამდე გათვალისწინებული 500 ლარის და 1000 ლარის ნაცვლად, ჯარიმა 300 ლარი იქნება.

გარდა ამისა, საპენსიო ფონდში დავების განხილვის სამსახური შეიქმნება, რაც პაპუაშვილის განმარტებით, საკითხის სასამართლომდე განხილვას უზრუნველყოფს.

პროექტის გათვალისწინებით, იქმნება შესაძლებლობა, რომ საპენსიო შენატანების ეტაპობრივი გადახდა მოხდეს, 18 თვემდე ვადით. ასევე იცვლება ჯარიმის ჩაბარებისა და გასაჩივრების წესი. კერძოდ, შენატანის 10 დღეში დაფარვის შემთხვევაში ჯარიმა გაუქმდება, ხოლო გასაჩივრებისას, აღსრულება შეჩერდება.

“საკითხი შევისწავლეთ. საუბარია იმაზე, რომ დამსაქმებელი დასაქმებულს საპენსიო შენატანს არ უხდიდა - თავის დასაქმებულს აზარალებდა. ჩვენი ინტერესია, რომ დამსაქმებელმა საკუთარი დასაქმებული არ დააზიანოს და საპენსიო დანაზოგის თანხა დროულად და სრულად შეიტანოს, რაშიც თავისი წილით სახელმწიფოც მონაწილეობს. თუ დაიფარება ძირი თანხა და საურავები, ჯარიმის ნაწილი მოიხსნება “, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები