შალვა პაპუაშვილი - თუ ევროკავშირის ოფიციალურ პირებს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება სურთ, მათ უნდა შეწყვიტონ საქართველოს მიმართ აგრესიული რიტორიკა
ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის გუშინდელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მიმართ ბრიუსელის პოლიტიკა ჩიხშია შესული. ბრიუსელი იმ ჯარისკაცს ჰგავს, რომელმაც ომის დასრულება ვერ შეიტყო და კვლავ საომარ ოპერაციებს გეგმავს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს,
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, დროა, ბრიუსელი ილუზიების სამყაროდან გამოვიდეს. თუ ევროკავშირის ოფიციალურ პირებს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება სურთ, მათ უნდა შეწყვიტონ საქართველოს მიმართ აგრესიული რიტორიკა.
„შემაშფოთებელია გაეროში ევროკავშირის წარმომადგენლის მიერ, ჩვეული რიტორიკის გამეორებით, დეზინფორმაციის შემცველი მორიგი განცხადება, რომელიც „თვითნებური დაკავებებისა“ და „რეპრესიების“ შესახებ უკვე გაცვეთილ სიცრუეს იმეორებს.
დამაფიქრებელია, რომ ევროკავშირის ოფიციალური პირების განცხადებები, უკვე მერამდენედ, სრულ წინააღმდეგობაში მოდის არა მხოლოდ ფაქტებთან, არამედ ევროკავშირის მიერვე აღიარებულ ღირებულებებთან და პრინციპებთან, რაც პასუხს საჭიროებს.
უკვე ყველასთვის დიდი ხანია ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ძალადობრივი აქციები, ნაწილობრივ, ევროკავშირის ფულითაც ფინანსდებოდა, მათ შორის კამპანია, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენებას ამართლებდა და აქეზებდა. მეტიც, სწორედ ბრიუსელის ვირტუალური მწვანე შუქის შემდეგ იქნა წამოწყებული შარშან, 4 ოქტომბერს, ხელისუფლების დამხობის წარუმატებელი მცდელობა.
თუმცა, ქართველმა ხალხმა და საქართველოს მთავრობამ სათანადოდ დაიცვა ქვეყანა, მისი თავისუფლება, სუვერენიტეტი და ინტერესები. დღეს ყველასთვის ცხადია, რომ 2024 წელს უცხოეთიდან დაფინანსებული რევოლუციური პროცესი დამარცხდა. ყალბი რეალობა, რომლის თავსმოხვევითაც საქართველოში ხელისუფლება უნდა დაემხოთ, გაიფანტა, მაგრამ ამ სიყალბის დამფინანსებლები თავად აღმოჩნდნენ საკუთარი ყალბი ნარატივის ტყვეობაში, თანაც ისე, რომ მასთან განშორება დღემდე ვერ მოახერხეს.
“არჩევნების გაყალბების” და “მშვიდობიანი აქციების დარბევის” ცრუ ნარატივი დრომ და რეალობამ უარყო. ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები გამოძიებულია, განაჩენები - დამდგარი, ყველაფერი დოკუმენტირებული, აღრიცხული და, მეტიც, აღიარებულია თავად დამნაშავეების მიერ.
ფაქტებმა კიდევ ერთხელ სძლიეს აღქმებს. სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს, ხოლო დამნაშავე - მსხვერპლად, მხოლოდ იმიტომ, რომ ევროკავშირის რომელიმე მოხელეს ასე სურს.
ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის გუშინდელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მიმართ ბრიუსელის პოლიტიკა ჩიხშია შესული. ბრიუსელი იმ ჯარისკაცს ჰგავს, რომელმაც ომის დასრულება ვერ შეიტყო და კვლავ საომარ ოპერაციებს გეგმავს.
დროა, ბრიუსელი ილუზიების სამყაროდან გამოვიდეს. თუ ევროკავშირის ოფიციალურ პირებს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება სურთ, მათ უნდა შეწყვიტონ საქართველოს მიმართ აგრესიული რიტორიკა, უარი თქვან დამარცხებული რევოლუციური სცენარის საინფორმაციო მომსახურებაზე და დაუბრუნდნენ დიპლომატიის ელემენტარულ პრინციპებს: ფაქტების, საქართველოს სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის პატივისცემას“, - წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“.
შეგახსენებთ, გაეროში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, მიშელ სერვონე დ’ურსომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ სასამართლო სისტემის პოლიტიკურად მოტივირებული გამოყენებით და რეპრესიული ზომების მიღებით.
მისი თქმით, ევროკავშირი კვლავ იხსენებს საქართველოს ვალდებულებას, დაიცვას ფუნდამენტური თავისუფლებები და მოწოდებით გამოდის, გაუქმდეს ან არსებითად გადაიხედოს ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს.
„ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ სასამართლო სისტემის პოლიტიკურად მოტივირებული გამოყენებით და რეპრესიული ზომების მიღებით, რომლებიც მიზანში იღებენ ოპოზიციურ ფიგურებს, უფლებადამცველებსა და დამოუკიდებელ მედიას. ევროკავშირი მკაცრად გმობს უკანონო დაპატიმრებებსა და მზარდ რეპრესიებს, მათ შორის ოპოზიციური ლიდერების, დამოუკიდებელი ჟურნალისტების, მედია მუშაკებისა და სამოქალაქო საზოგადოების პირების დაპატიმრებას. ევროკავშირი ხაზს უსვამს საჭიროებას, რომ საქართველომ ეს საკითხები მოაგვაროს, თავისი პოლიტიკა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს და ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში, რათა აღდგეს ნდობა მისი დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ,” - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა.
ნანახია: 51
მსგავსი სიახლეები
clickss