აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა!

ამერიკის შეერთებული შტატების /აშშ/ კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარ აქტს“ მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის მომხრე 349 კონგრესმენი იყო, მათგან 168 რესპუბლიკელი, ხოლო 181 დემოკრატი. წინააღმდეგ წავიდა 42 კონგრესმენი, ხოლო 42-ს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
„მეგობარი აქტის“ სახელით ცნობილი კანონპროექტის სრული სახელწოდებაა „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“. ასევე, მისი ოფიციალური სახელწოდებაა „ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“.
„მეგობარი აქტი“ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. კერძოდ, მოიცავს შემდეგ დებულებებს:
„დაიწყოს აშშ-საქართველოს ურთიერთობების სრული გადახედვა, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის;
აღიარებული იქნეს ქართველი ხალხის მხარდაჭერა ქვეყნის კონსტიტუციით განმტკიცებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი ვალდებულების მიმართ;
მოითხოვს აშშ-ის პრეზიდენტისგან სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებსა და მათ ხელშემწყობებზე, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართულნი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევის მიზნით, ძირს უთხრიდნენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართულნი იყვნენ სხვა კორუფციულ ქმედებებში, რაც ზიანს აყენებს საქართველოს სტაბილურობას;
გააძლიერებს ხალხთა შორის კავშირებსა და თავდაცვით თანამშრომლობას, როდესაც საქართველო კვლავ იმოქმედებს საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნების მიხედვით;
გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის უკანონო ოკუპაციის პირობებში;
მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც იცავს ქართველ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას „ქართული ოცნების“ მთავრობის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან“.
„მეგობარი აქტის“ განხილვაზე სიტყვით გამოვიდნენ: რესპუბლიკელი კონგრესმენი ფლორიდიდან ბრაიან მასტი, დემოკრატი კონგრესმენი მერილენდიდან ჯონი ოშესკი, დემოკრატი კონგრესმენი ტენესიდან სტივ კოენი, რესპუბლიკელი კონგრესმენი სამხრეთ კაროლინიდან ჯო უილსონი და რესპუბლიკელი კონგრესმენი ოჰაიოდან უორენ დევიდსონი.
მანამდე, მიმდინარე წლის 27 მარტს დოკუმენტს მხარი დაუჭირა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა. აქტი გასულ წელს კონგრესმენმა, ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა წარადგინა კონგრესმენ სტივ კოენთან, კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან და კონგრესმენ მარკ უიზისთან ერთად.
წარმომადგენელთა პალატის შემდეგ კანონპროექტი სენატში უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ. ორივე პალატაში მხარდაჭერის შემთხვევაში კი აშშ-ის პრეზიდენტს გაეგზავნება ხელმოსაწერად.
წყარო: 1tv.ge
ნანახია: 126
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი: მრავალი ათეული წლის განმავლობაში საქართველოსა და სომხეთს შორის მეგო
ლევან დავითაშვილმა საქართველოსა და სომხეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების რამდენიმე მნიშვნელოვან

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფეხბურთელთა ნაკრები "ევროპის მედიათასის" ვიცე-ჩემპიონია!
ტურნირის სასტარტო შეხვედრაშივე ჩემპიონთან მოგვიწია დაპირისპირება და პირველი რევანშიც შედგა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა!
მეგობარი აქტის“ განხილვაზე სიტყვით გამოვიდნენ: რესპუბლიკელი კონგრესმენი ფლორიდიდან ბრაიან მასტი

საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის შეთ
სასესხო შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის

"გურთიადის" თავმჯდომარემ, ბატონმა ოქტაი ოზთურქმა ანკარაში, ვეტერანთა შორის გამართულ მაგიდი
თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" სახელით ვულოცავთ ბატონ ოქტაი ოზთურქს
clickss