მიხეილ ყაველაშვილი - საქართველო განუხრელად ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების პროცესს, მზად ვართ, გავაღრმაოთ რეგიონული თანამშრომლობა ყველა მიმართულებით

საქართველო განუხრელად ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების პროცესს. მზად ვართ, გავაღრმაოთ რეგიონული თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან, ვაჰაგნ ხაჩატურიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსა და სომხეთს აქვთ სანიმუშო ორმხრივი თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით და სომხეთი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტის რანგში პირველად ვსტუმრობ სომხეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით. მსურს, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ გამორჩეული მასპინძლობისთვის. ჩემს კოლეგასთან შეხვედრისას კმაყოფილებით აღვნიშნე, რომ, მსოფლიოში მიმდინარე რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნების მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას.
საქართველოსა და სომხეთს აქვთ სანიმუშო ორმხრივი თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით. გასულ წელს ჩვენ გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, რაც მტკიცე მეგობრული ურთიერთობების კიდევ ერთი დასტურია და გზას უხსნის უფრო ღრმა და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას ყველა სფეროში. სომხეთი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენს ქვეყანას სომხეთიდან ყოველ წელს უამრავი ვიზიტორი სტუმრობს და ამ მაჩვენებლით ყოველთვის პირველ სამეულშია.
ჩემს კოლეგას კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს უპირობო მხარდაჭერა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია სომხეთის სტაბილურობა, წარმატება და წინსვლა. აქვე, მსურს პირადად ჩემი და ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისათვის. დღეს, პირისპირ შეხვედრისას ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და მიმოვიხილეთ საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები. ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაა. ჩვენ ერთგული ვართ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ, რომელიც ეყრდნობა რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციის და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ჩართულობის ამოცანებს“.
როგორც ყაველაშვილმა განაცხადა, იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს პერიოდში სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმებას ხელს მოაწერენ.
„სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარება სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. საქართველო ცალსახად მიესალმება 2025 წლის 13 მარტს სომხეთისა და აზერბაიჯანის განცხადებას სამშვიდობო შეთანხმების პირობებზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ. გვჯერა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისი, რომელიც საჭიროებს შემდგომ ერთობლივ ძალისხმევას, რათა ერთად შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო, სტაბილური და განვითარებული სამხრეთ კავკასიის რეგიონი. იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს პერიოდში სომხეთი და აზერბაიჯანი ხელს მოაწერენ სამშვიდობო შეთანხმებას, რითიც თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავა სამხრეთ კავკასიის პოზიტიური განვითარების დინამიკა და რეგიონის მიმზიდველობა.
შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ 2025 წლის 17 აპრილს თბილისში გამართული სამმხრივი შეხვედრის შესახებ, რომელიც წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების სამმხრივი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პროცესის დასაწყისს. საქართველო განუხრელად ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესს. ჩვენ მზად ვართ, გავაღრმაოთ რეგიონული თანამშრომლობა უკლებლივ ყველა მიმართულებით და ჩვენი წვლილი შევიტანოთ სამართლიანი და მშვიდობიანი მრავალპოლუსიანი საერთაშორისო წესრიგის ფორმირებაში. მოხარული ვარ, რომ მიმდინარე წლის 5-7 ივნისს ერევანში ქართული კულტურის დღეები გაიმართება. მოუთმენლად ველით მომავალ წელს თბილისში სომხური კულტურის დღეების გამართვას, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს სომხური კულტურის მდიდარ მემკვიდრეობას, ტრადიციებსა და თანამედროვე მიღწევებს.
ჩვენი ქვეყნების უნიკალური ტრადიციებისა და ისტორიის პატივისცემა და გაფრთხილება არის ის ძირითადი ფასეულობა, რომელიც აერთიანებს ჩვენს ხალხებს. სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი ქვეყნების მთავარი პრიორიტეტია. სამაგალითო მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა გვაძლევს მყარ საფუძველს, რომ ეს გამორჩეული ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ. ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო კოლეგავ, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ გულწრფელი მადლობა განსაკუთრებულად გულთბილი მასპინძლობისათვის. ვსარგებლობ რა ამ გამორჩეული შესაძლებლობით, მსურს თქვენთვის ხელსაყრელ დროს ოფიციალური ვიზიტით მოგიწვიოთ საქართველოში“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
წყარო: 1tv.ge
ნანახია: 162
მსგავსი სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვ
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა

მიხეილ ყაველაშვილი - საქართველო განუხრელად ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების პროცესს,
მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტის რანგში პირველად ვსტუმრობ სომხეთის რესპუბლიკას

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე დივიზიონის ჯგუფის ლიდერია
საქართველოს ნაკრები 30 აპრილს ბულგარეთს დაუპირისპირდება, 2 მაისს ტაივანთან, ხოლო 3 მაისს ტაილანდთან

სომხეთის რესპუბლიკაში მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი მაღალი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ხუთი მოპოვებული მედლით დაასრულა
ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის
clickss