ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ“. მიღებული რეზოლუცია ხუთი პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატების მიერ წარდგენილ პროექტებს აერთიანებს.
კენჭისყრაზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა 400-მა დეპუტატმა, 63 წინააღმდეგი იყო, 81-მა თავი შეიკავა.
„ევროპარლამენტარები: საქართველოს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ევროპარლამენტი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აღიარებს. მოუწოდებს ევროკავშირს, დააწესოს სანქციები წამყვანი ქართველი პოლიტიკოსების მიმართ, ასევე ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, რომელიც ერთადერთი გამოსავალია საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, შეუერთდნენ საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიმართ ბოიკოტს, რომელსაც ქვეყნის დემოკრატიის შესუსტებასა და დისიდენტების წინააღმდეგ რეპრესიებში ადანაშაულებენ. მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტი უარს აცხადებს, აღიაროს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული ხელისუფლება 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მათ შორის ახლად დანიშნული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, შეუერთდეს საქართველოს მმართველი ელიტის ბოიკოტს. ევროპარლამენტარები კვლავ აღიარებენ, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და მოუწოდებენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოსტას, მოიწვიოს იგი ქვეყნის წარმომადგენლად ევროპული საბჭოსა და ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მომავალ შეხვედრებზე. სადავო არჩევნების შემდეგ, რომელმაც საქართველო პოლიტიკურ და კონსტიტუციურ კრიზისში ჩააგდო, ქვეყანაში მიმდინარეობს მშვიდობიანი მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები, რომლებსაც პოლიციისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალადობრივი და რეპრესიული პასუხი მოჰყვა. შედეგად, ევროპარლამენტარები მოითხოვენ, ევროპულმა საბჭომ და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოს იმ თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური ლიდერების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიის უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე. ეს მათ შორის მოიცავს, გავლენიან ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, ასევე პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენების გამომტან მოსამართლეებსა და დეზინფორმაციის გამავრცელებელ მედიის წარმომადგენლებს. საჭიროა ახალი არჩევნები“, – ნათქვამია რეზოლუციასთან დაკავშირებულ პრესრელიზში, რომელიც ევროპარლამენტმა გაავრცელა.
ამასთან, პრესრელიზის მიხედვით, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საჭიროა ახალი არჩევნების ჩატარება.
„რეზოლუცია ასევე ადასტურებს, რომ საქართველოში არსებული კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რომელიც ევროპარლამენტარების აზრით, უნდა გაიმართოს მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში და ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, ზედამხედველობა გაუწიოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო დამკვირვებლების მონიტორინგით. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ევროინტეგრაციისა და ნატო-ში გაწევრიანების გზიდან გადახვევის გამო ღრმა მწუხარებით, პარლამენტი კვლავ ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების მიმართ“, – ნათქვამია პრესრელიზში.
წყარო: 1tv.ge
ნანახია: 329
მსგავსი სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვ
აღინიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური

პოდგორიცის ევროპის თასზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა
ვერცხლის მედლები მათე ბერუაშვილმა (-73 კგ) და საბა ქარდავამ (+100 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს მედალს

საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობი
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, იგივე დღის წესრიგია პარტნიორ

შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების სიხშირეზე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დასრულდა
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, განავითაროს
clickss