ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოში სამდღიანი ვიზიტი 20 დეკემბერს გამართული პრესკონფერენციით დაასრულა
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალან ბერსემ საქართველოში სამდღიანი ვიზიტი 20 დეკემბერს გამართული პრეს-კონფერენციით დაასრულა, სადაც განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან მიიღო დაპირება, რომ უცხოელი აგენტების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ვიზიტის ფარგლებში გენერალური მდივანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. მან ორი შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ასევე შეხვდა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებასა და სახალხო დამცველს.
„საქართველო კრიტიკულ ეტაპზეა. ქვეყანა ხასიათდება პოლიტიკური დაძაბულობით, პოლარიზებული საჯარო დებატებით და ძალადობის მაღალი დონით“, – განაცხადა მან. აღნიშნა რა, რომ ის საქართველოში იგი ხალხის მხარდასაჭერად ჩამოვიდა, ბერსემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირობა დადო, რომ ცვლილებებს შეიტანს “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონში. მისივე თქმით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ხელს შეუწყობს ცვლილებების განხორციელებას და რომელშიც „საქართველოსა და ევროპის საბჭოს, მათ შორის ვენეციის კომისიის წარმომადგენლები შევლენ. ეს ჯგუფი განსაზღვრავს კანონმდებლობაში საჭირო ცვლილებებს“.
გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ „ასეთი პროცესები“ სხვა სფეროებზეც გავრცელდება, მათ შორის თანასწორობაზე, ანტიდისკრიმინაციულ ზომებზე, საარჩევნო რეფორმებზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემებზე.
მან მმართველ პარტიასა და ოპოზიციას დიალოგის გამართვისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ევროპის საბჭო მზად არის ხელი შეუწყოს დიალოგს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხისა და ინსტიტუტების პასუხისმგებლობაა, რომ აღადგინონ და გააძლიერონ დემოკრატია.
გენერალურმა მდივანმა შეშფოთება გამოხატა ჟურნალისტების წინაშე არსებული საფრთხეების გამო და მათ „საგანგაშო“ უწოდა. მისი თქმით, მან მიმართა სახელმწიფო სტრუქტურებს, თავიდან აიცილონ არაპროპორციული ძალის გამოყენება და უზრუნველყონ ადმინისტრაციული ბრალდებით დაკავებული ყველა პირის გათავისუფლება. ბერსემ დასძინა, რომ გარკვეული გარანტიები მიიღო ხელისუფლებისგან ამ შეშფოთებასთან დაკავშირებით.
„მე აქ არჩევნების ლეგიტიმაციისთვის არ ჩამოვსულვარ, ეს სხვა კომპეტენტური ინსტიტუტების პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე. ბერსეს თქმით, მისი ვიზიტის მთავარი მიზეზი იყო ყველასთან შეხვედრა, რადგან „დიალოგი ნებისმიერი ფუნქციონალური დემოკრატიის ქვაკუთხედია“.
ალან ბერსეს ვიზიტს არაერთგვაროვანი რეაქციები მოყვა. „კოალიციამ ცვლილებისთვის“ განაცხადა, რომ ისინი გენერალურ მდივანს არ შეხვდებიან. კოალიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ „სწორედ პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული მიზნებით იყენებს ქართული ოცნება თბილისში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ბატონი ალან ბერსეს, ვიზიტს. სახელმწიფოს მიტაცების ავტორებს სურთ ამ ვიზიტის გამოყენებით შეცდომაში შეიყვანონ საქართველოს მოქალაქეები, თითქოს ვინმე ევროპაში აღიარებს მათ ლეგიტიმურობას“.
იმავე დღეს, როდესაც ვიზიტი ჯერ არ იყო დასრულებული, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა TVP World-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლელი პარტნიორების მაღალი დონის შეხვედრებს „ქართული ოცნება“ პროპაგანდისა და მანიპულირების საშუალებად გამოიყენებს. ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი „არ არის კარგად მომზადებული“ ასეთი პროპაგანდისთვის.
ნანახია: 104
მსგავსი სიახლეები
clickss