ვოლკერ ტურკი საქართველოს ხელისუფლებას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვისკენ მოუწოდებს მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე
დღეს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ ტურკმა საქართველოს ხელისუფლებას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვისა და პატივისცემისკენ მოუწოდა, რომელთა განხორციელებას ზიანი მიადგა ოთხი ღამის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მსვლელობისას ზეძალადობის, პოლიციის მხრიდან არაპროპორციული, ზოგ შემთხვევაში კი სრულიად არასაჭირო ძალის გამოყენებით დაშლის გამო საქართველოს დედაქალაქ თბილისში.
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ათობით დემონსტრანტი და მედიის წარმომადგენელი დაშავდა აქციების მიმდინარეობისას, რომლებიც პრემიერ-მინისტრის მიერ ევროკავშირში გაწევრების თაობაზე მოლაპარაკების გადადების შესახებ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების და ჟურნალისტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ქიმიური გამაღიზიანებელი საშუალებები გამოიყენეს. აქციის ზოგიერთ მონაწილეს, მიღებული ინფორმაციის თანახმად, ასევე არაიდენტიფიცირებული პირები დევნიდნენ და სცემდნენ.
„დემონსტრანტების და მასმედიის წარმომადგენლების მიმართ არასაჭირო ან არაპროპორციული ძალის გამოყენება უკიდურესად შემაშფოთებელია,“-განაცხადა ტურკმა. „ყველა ქართველს, ნებისმიერი პოლიტიკური სპექტრიდან უნდა შეეძლოს, საკუთარი ქვეყნის მომავალზე, თავისი შეხედულების თავისუფლად და მშვიდობიანად გამოხატვა.“
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილია, რომ სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ ისეთი გარემოს შექმნას, სადაც შესაძლებელი იქნება მშვიდობიანი შეკრების უფლების რეალიზება, დისკრიმინაციის გარეშე. უსაფრთხოების თანამშრომლების მხრიდან ნებისმიერი სახის ძალის გამოყენება უნდა წარმოადგენდეს გამონაკლისს და უნდა შეესაბამებოდეს კანონიერების, აუცილებლობის, პროპორციულობის, სიფრთხილისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპებს“.
უმაღლესმა კომისარმა ასევე აქციის მონაწილეებს თავიანთი უფლებების მშვიდობიანად რეალიზებისკენ მოუწოდა. მიღებული ინფორმაციის თანახმად, ზოგიერთმა მათგანმა ქვები, ფოიერვერკები და ბოთლები ესროლა უსაფრთხოების ძალებს, ასევე, პარლამენტის შენობაც დააზიანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა, რომ მათი თანამშრომლებიდან სულ მცირე, 113 პირი დაშავდა.
„საქართველოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა“, რომელიც პარლამენტის მიმართ ანგარიშვალდებული დამოუკიდებელი უწყებაა და სამართალდამცავების მიმართ წაყენებულ ბრალდებებს იძიებს, განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება პოლიციის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.
„ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც სამართალდარღვევაზე იქნება პასუხისმგებელი. ასევე გამოძიებული უნდა იქნას დაკავებულებთა არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული ბრალდებები,“ - განაცხადა უმაღლესმა კომისარმა.
ამგვარი საქმეების გამოძიებისას ერთ-ერთი გამოწვევა სწრაფი რეაგირების და სპეცდანიშნულების სამსახურის თანამშრომლების ფორმებზე ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომრები ან სახელების არარსებობაა. „ეს შემთხვევები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რომ უნდა გადაიჭრას დიდი ხნის განმავლობაში არსებული შემაშფოთებელი საკითხის რომელიც ეხება სამართალდამცავების ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დადგენას საქართველოში,“ - აღნიშნა უმაღლესმა კომისარმა. გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ 2020 წელს გამოცემული სახელმძღვანელოს ნაკლებად ლეტალური იარაღების შესახებ სამართალდამცავ ორგანოებში, შესაბამისად, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს „სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ამოცნობის შესაძლებლობა, მაგალითად, ფორმაზე მიმაგრებული გვარის ნიშნის, ან ინდივიდუალურად მინიჭებული სამსახურებრივი ნომრების მეშვეობით“.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს უახლესი მონაცემებით, ოთხი ღამის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე, 224 პირი იქნა დაკავებული. მათ ბრალი წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ედებათ. „განსაკუთრებით შემაშფოთებელია ცნობები, რომ დაკავებულთა შორის რამდენიმე ბავშვია,“ - აღნიშნა ტურკმა. „მათი ყველა უფლება სრულად უნდა იქნას დაცული.“
,,გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების ლეგიტიმური გამოყენების გამო დაკავებული ყველა პირი დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს,”- განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა. „იმ პირებისთვის, ვისაც სხვა ბრალდებები აქვთ წაყენებული, გარანტირებული უნდა იქნას ყველა ისეთი უფლებით სარგებლობა, როგორიცაა: სამართლიანი სასამართლო, უდანაშაულობის პრეზუმფცია, ადვოკატის მომსახურება, აგრეთვე წინასწარი პატიმრობის კანონიერების გასაჩივრების უფლება და,საჭიროების შემთხვევაში, სათანადო სამედიცინო მომსახურება“.
„საზოგადოების ყველა სეგმენტს მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი გარემო შეინარჩუნონ და ნებისმიერი უთანხმოება გამჭვირვალე და ინკლუზიური დიალოგის მეშვეობით გადაჭრან; ამასთან, გამოიყენონ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სამართლებრივი პროცედურები,“ - განაცხადა უმაღლესმა კომისარმა.
ნანახია: 124
მსგავსი სიახლეები
clickss