საქართველოს მთავრობამ ახალი შემადგენლობით პირველი სხდომა გამართა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არჩევნების შემდეგ მთავრობა ახალი შემადგენლობით დღეს პირველად შეიკრიბა.
„დღეს, როგორც მოგეხსენებათ, იმართება პირველი სხდომა ახალი შემადგენლობით. პირველ რიგში, მინდა, ყველას მოგილოცოთ ქართველი ხალხისა და საქართველოს პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადება, რაც გვაკისრებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას შემდეგი 4 წლის განმავლობაში, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა და პროგრამა, რომელიც წარვადგინეთ პარლამენტისა და ქართული საზოგადოების წინაშე. ჩვენი ვალია, ეს გეგმა, პროგრამა პირნათლად შევასრულოთ შემდეგი 4 წლის განმავლობაში. ეს გეგმა არის ძალიან ამბიციური - ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გვაქვს ძალიან ამბიციური ამოცანები, ჩვენი მიზანია, 4 წელიწადში 130 მლრდ ლარამდე გავზარდოთ ქვეყნის ეკონომიკა. ტენდენციები არის ძალიან კარგი, საქსტატის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის მონაცემები და ოქტომბერში, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო საარჩევნო თვე და, როგორც მოგეხსენებათ, არჩევნებთან დაკავშირებულია ხოლმე გარკვეული შიშები, ამის მიუხედავად, ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 11%, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი დაუბრუნდა ორნიშნა ნიშნულს, ჩვენ გვაქვს ზუსტად 10 %-იანი ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წლის პირველი 10 თვის მონაცემებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, ვინარჩუნებთ არსებულ ტემპს, ტენდენციას და ამის შენარჩუნება ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. სწორედ ამ ტემპით ჩვენ შევძლებთ, მივაღწიოთ დასახულ მიზანს და სულ მცირე 130 მლრდ ლარამდე გავზარდოთ ქვეყნის ეკონომიკა შემდეგი 4 წლის განმავლობაში. შესაბამისად, გაიზრდება ქვეყნის ბიუჯეტიც. შარშანდელი ბიუჯეტი თუ იყო 28 მლრდ ლარი, 4 წელიწადში ის იქნება 40 მლრდ ლარზე მეტი და ეს ყველაფერი მოგვცემს ბევრად უფრო მეტი პროექტის განხორციელების, მოსახლეობაზე ზრუნვის საშუალებას, ესეც არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი," - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროგრამის მიხედვით დაგეგმილია 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, რაც არის სავსებით რეალური.
მისივე თქმით, გასული 2.5 წელიწადის განმავლობაში შეიქმნა 170 000 ახალი სამუშაო ადგილი.
„შესაბამისად, უკვე გაკეთებული საქმე გვაძლევს ამ მიზნის თამამად დასახვის საშუალებას და აბსოლუტურად რეალურია, რომ 4 წელიწადში შეიქმნება 200 000 ახალი სამუშაო ადგილი. შესაბამისად, 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში, რაც არის საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელი. ესეც არის, მართალია, ამბიციური მიზანი, მაგრამ აბსოლუტურად განხორციელებადი და შესრულებადი. დღევანდელი მონაცემებით, საშუალო ხელფასი არის 2000 ლარზე მეტი, თუმცა ჩვენი პროგრამის თანახმად, 4 წლის თავზე ზრდა ამ კუთხით 3 500 ლარს გადააჭარბებს", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა ასევე ისაუბრა სიღარიბის შემცირებაზე.
„რა თქმა უნდა, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად შემცირდება სიღარიბეც და ჩვენი ამბიციური და შესრულებადი მიზანია, სიღარიბე ჩამოსცდეს 4%-ს 4 წლის თავზე, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ. ამისთვის მნიშვნელოვანია მთელი რიგი პროექტის განხორციელება, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერება. ამ კუთხით გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი, განსაკუთრებით იმ მოვლენების ფონზე, რომლებიც ვითარდება მსოფლიოსა და რეგიონში, ამისთვის საკმაოდ დიდი ინვესტიციები იდება, მათ შორის, ინფრასტრუქტურის განვითარებაში. თქვენ იცით, რომ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, აეროპორტების მშენებლობა-გაფართოებასთან დაკავშირებით, ასევე - ანაკლიის პროექტი, რკინიგზის მოდერნიზაცია, შავი ზღვის კაბელის პროექტი. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს დამატებით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ზრდას.
ენერგეტიკის სფეროში გვაქვს ძალიან ამბიციური მიზნები. 4 წელიწადში 8 000 მეგავატს უნდა გადააჭარბოს ენერგეტიკულმა განვითარებამ და ელექტროენერგიის გამომუშავებამ. ეს არის ასევე ამბიციური, მაგრამ აბსოლუტურად განხორციელებადი მიზანი. ამასთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია მუშაობა და პროცესები, რა თქმა უნდა, გრძელდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, განათლების სისტემა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რაც ბოლოდროინდელმა მოვლენებმაც კიდევ ერთხელ აჩვენა.
„ძალიან დიდი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს სასკოლო, უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებებით. ამ კუთხით გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები. რაც შეეხება სკოლებს, იყო სერიოზული პრობლემა წლების განმავლობაში, როდესაც მაქსიმალურად იყო დაკნინებული სასწავლო პროგრამებში, ეროვნულ სასწავლო გეგმაში პატრიოტიზმის, პატრიოტული აღზრდის, საკუთარი ეროვნული იდენტობის გაცნობიერების მნიშვნელობები და ამან, სამწუხაროდ, შესაბამისი შედეგები გამოიღო. თუმცა არაფერი არ არის დაგვიანებული და ყველაფერი გაკეთდება, რათა სათანადო ყურადღება დაეთმოს ჩვენი ბავშვების, მოსწავლეების სათანადო აღზრდასა და განათლების მიწოდებას. ძალიან მნიშვნელოვანია სკოლების დეპოლიტიზება. ეს იყო წინა ხელისუფლების ხელწერა და ამით აგრძელებენ ახლაც მოქმედებას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ სასკოლო განათლების კუთხით გვქონდეს სერიოზული წინსვლა და არანაკლებ მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების განვითარება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, არის ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც უკავშირდება თბილისისა და ქუთაისის სახელმწიფო საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და სწავლების შინაარსის გაუმჯობესებას.
„4 წლის თავზე გვექნება თვისებრივად გაუმჯობესებული გარემო ჩვენი სტუდენტებისთვის და თვისებრივად ამაღლებული სწავლების ხარისხი, რასაც მივყვებით გეგმაზომიერად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის პროგრამები კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება.
„ჯანდაცვის სისტემის განვითარება არის განსაკუთრებული პრიორიტეტი და აქაც გვაქვს სერიოზული გეგმები, მათ შორის, ახალი ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით არსებული პროგრამების კიდევ უფრო მეტად დახვეწა და გაფართოება. ამაზეც 4 წლის განმავლობაში აქტიურად ვიმუშავებთ. სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი ასევე არის ერთ-ერთი სერიოზული პრიორიტეტი და ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები. განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ მულტიფუნქციური ცენტრების მნიშვნელობაზე, ეს არის პროექტი, რაშიც დაიხარჯება დაახლოებით 2 მილიარდი ლარი. ყველა მუნიციპალურ ცენტრს საბოლოო ჯამში უნდა ჰქონდეს მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურა თავისი საცურაო აუზით და სხვა სივრცეებით სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის, ამაშიც ძალიან სერიოზული ინვესტიცია ჩაიდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, სამართალდამცავ უწყებებზე დგას სახელმწიფოს სიძლიერე და შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა როგორც შესაბამისი რესურსების გაძლიერებას, ასევე ჯარისკაცებსა და პოლიციელებზე ზრუნვას.
„ყურადღება დაეთმობა მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებას, რაც იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი", - განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, მთავრობის მეთაურმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია.
„რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქ მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ამბიციური გეგმები და სერიოზული ამოცანები. ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის, რა თქმა უნდა, ევროკავშირში ინტეგრაცია. ჩვენი საარჩევნო პროგრამის თანახმად, 2028 წლისთვის უნდა გვქონდეს შესრულებული ასოცირების დღის წესრიგით და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი და ეს დაპირება პირნათლად შესრულდება.
ასევე ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ თვისებრივად გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც აშშ-სთან, ასევე ევროკავშირთან. 20 იანვარს შედგება დონალდ ტრამპის ინაუგურაცია, შესაბამისად, აშშ-ს, ევროკავშირს ეყოლება ახალი ლიდერი და ამ ლიდერობის პირობებში ვფიქრობთ, რომ ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მის გასაჯანსაღებლად. გასული ოთხი წლის განმავლობაში ამ ურთიერთობებს შეექმნა სერიოზული პრობლემა, რაც მოგეხსენებათ, არ ყოფილა ჩვენი ბრალი. ხელოვნური დაბრკოლებები იქმნებოდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. იყო სერიოზული, უხეში შანტაჟი. საქმე შანტაჟის ნაცვლად - ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ამ დამოკიდებულებით აუცილებლად უნდა განვაგრძოთ გზა იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროკავშირში", - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველოში „ნაცმაიდანი" არ შედგა და არც არასდროს შედგება.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ყველაფერი გამოჩნდა მათ შორის წელს, გაზაფხულის მოვლენების დროს და მიმდინარე დღეებშიც.
„მათ წინასწარ გაწერილი გეგმა ჰქონდათ და უცხოური დაფინანსება იყო ჩართული ამ გეგმის რეალიზებაში. სწორედ ამიტომ არ უნდოდათ ვიღაც-ვიღაცებს გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რომ ბუნდოვანი ფორმით ყოფილიყო დაფინანსებული რევოლუციური პროცესები საქართველოში. ჩვენ ამ ოთხი წლის განმავლობაში სამი რევოლუციური პროცესი ვიხილეთ და ეს ყველაფერი ხდებოდა, სამწუხაროდ, უცხოური დაფინანსებით, რაც არ არის სწორი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. ჩვენ ვართ ღირსეული ქვეყანა, ვამაყობთ საკუთარი დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით და, რა თქმა უნდა, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას ბოლომდე გავუფრთხილდებით. არავის მივცემთ უცხოური ჩარევით ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შერყევის შესაძლებლობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველოსთვის 2012 წლის შემდეგ მიტინგის დარბევა არის აბსოლუტურად უცხო მოვლენა, ყოველ ჯერზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებს უმაღლესი სტანდარტით ვახტანგ გომელაურის მინისტრობის პირობებში.
მთავრობის მეთაურმა პროცესების სწორად მართვაში სამართალდამცავი უწყებების განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს მადლობა გადაუხადა.
„თითოეული პოლიციელის როლი ამ პროცესების სწორად მართვაში იყო განსაკუთრებული და ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა თითოეულ პოლიციელს მოთმინებისთვის. ვიცით არაერთი ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რისი მოთმენა უწევდათ პოლიციელებს ამ დღეების განმავლობაში. ეს იყო უმძიმესი შეურაცხყოფა, უმძიმესი ფიზიკური თავდასხმები პოლიციელებზე, თუმცა საბოლოო ჯამში შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროცესები მართა ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით. თქვენ ნანახი გაქვთ ფრანგული, ჰოლანდიური, ამერიკული, გერმანული კადრები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ეპყრობიან დემონსტრანტებს იქაური პოლიციელები, როგორი უხეშია დაშლის ფორმები და ხშირად ეს დაშლა იღებს დარბევის სახეს. საქართველოსთვის 2012 წლის შემდეგ მიტინგის დარბევა არის აბსოლუტურად უცხო მოვლენა. ყოველ ჯერზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებს უმაღლესი სტანდარტით ვახტანგ გომელაურის მინისტრობის პირობებში. გვქონდა გარკვეული შუალედური პერიოდი, როდესაც ერთ-ერთი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც დღეს ოპოზიციის რიგებიდან ესვრის პიროტექნიკას პოლიციელებს, თავის დროზე თვალებს თხრიდა დემონსტრანტებს. ამას ის აკეთებდა თავის დროზე პატრონის დავალებით და დღეს უკვე პატრონის დავალებით ესვრის პოლიციელებს პიროტექნიკას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის შეფასებით, დღეს არის განსხვავებული ვითარება, რადგან შინაგან საქმეთა მინისტრი არის ვახტანგ გომელაური. მთავრობის მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა სხვა სამართალდამცავ უწყებებს, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
„ამერიკულზე და ევროპულზე ბევრად უფრო მაღალი სტანდარტით რეაგირებდა პოლიცია ყველა იმ კანონდარღვევაზე, რომლებიც ვიხილეთ გასული დღეების განმავლობაში. ასევე მადლობა სხვა სამართალდამცავ უწყებებს, განსაკუთრებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. მათი როლი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. იყო რისკები, მათ შორის, ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებაა, რომ მაქსიმალურად ყველა რისკი თავიდან იქნა არიდებული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი სწირავენ ადამიანებს, მათ შორის, ახალგაზრდებს ძალიან მძიმე სასჯელისთვის.
„რაც ყველაზე სამწუხაროა, ისინი სწირავენ ადამიანებს, მათ შორის, ახალგაზრდებს, ძალიან მძიმე სასჯელისთვის. თქვენ წაიკითხავდით დილით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა კაცი არის დაკავებული ძალიან მძიმე სავარაუდო დანაშაულისთვის და მას ემუქრება 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იმის გამო, რომ მძიმედ დააზიანა ერთ-ერთი პოლიციელის ჯანმრთელობა. ეს არის ამ ავანტიურისტების პასუხისმგებლობა. არის ოთხი პარტია - სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები, მათ გუშინ პრაქტიკულად ღიად განაცხადეს, რომ ისინი დგანან ამ კოორდინირებული ძალადობის უკან, რა თქმა უნდა, ისინი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ამისთვის, შესაბამისად, ყველამ უნდა გაითვალისწინოს ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა თქმა უნდა, ისინი ვერ გასცდებიან პატრონის დავალებას, თუმცა მაინც კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, თუ რა პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს დაკავშირებული იმ მცდელობასთან, რასაც ჰქვია კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობა," - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც აქვს საზოგადოებას, ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, ეს ადამიანები არიან უმცირესობა საზოგადოებაში, მაგრამ ისინი მოქმედებენ ზუსტად ისეთივე აგრესიული ფორმებით, როგორც თავის დროზე, ზუსტად ერთი საუკუნის წინ, მოქმედებდნენ ბოლშევიკები.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ვერ გააცნობიერეს ამ ადამიანებმა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ვერავინ შეარყევს.
„ეს არის საწინააღმდეგო აზრის, პოლემიკის არდაშვება. უხეში აგრესია ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც განსხვავებულ აზრს გამოხატავს. ეს არის, მათ შორის, ტელევიზიებში შეჭრა. თქვენ გაიხსენეთ ალბათ მათი ხელწერა, როდესაც კეზერაშვილის ტელევიზიის ჟურნალისტები შეიჭრნენ საზოგადოებრივ მაუწყებელში. ეს მათი ხელწერაა, მათ გაიმეორეს მინიფორმებში ის, რაც გააკეთეს თავის დროზე, 7 ნოემბერს, როდესაც ძალის გამოყენებით შეიჭრნენ ტელეკომპანია „იმედში". ზუსტად იმის მცირე ანალოგი იყო, მათ უბრალოდ აღარ აქვთ საშუალება, გააკეთონ იგივე, რაც გააკეთეს 7 ნოემბერს, მადლობა ღმერთს, ისინი ვერ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, რასაც ასე ცდილობდნენ ზოგიერთები ქვეყნის შიგნით და გარეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რასაც ისინი აკეთებენ ახლა ამ ფორმით, მცირე ფორმით, ზუსტად იმავეს გააკეთებდნენ იმავე ფორმით, რა ფორმებსაც 2007 წლის 7 ნოემბერს იყენებდნენ. რა თქმა უნდა, მათ ამის საშუალებას არასდროს არავინ მისცემს. 4 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა რევოლუციის მოწყობის სამი მცდელობა უცხოური დაფინანსებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არ არის სწორი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. ვერ გააცნობიერეს ამ ადამიანებმა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ვერავინ შეარყევს. საქართველო არის სახელმწიფო ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით, ძლიერი სამართალდამცავი სტრუქტურებით, შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა, ავანტიურისტებმა და რევანშისტებმა მოაწყონ რაიმე ტიპის რევოლუცია, არის იმთავითვე წარუმატებლობისთვის განწირული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, სისტემა იწმინდება სხვადასხვა კუთხით, რაც არის კარგი ამ პროცესებში და ეს ბოლომდე იქნება მიყვანილი.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ გამოიკვეთა წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა საქართველოში.
„კიდევ ერთი პრობლემა, რასაც ხაზი უნდა გაესვას არის განათლებასთან დაკავშირებული. აშკარად გამოიკვეთა ის, რაც იკითხებოდა თავის დროზე PISA-ს ტესტებიდან. საქართველოში არის წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა. როდესაც რიგითი ადამიანი ვერ იაზრებს წაკითხულს ან მოსმენილს, შეიძლება კიდევ იყოს ნაკლები პრობლემა, მაგრამ როდესაც წაკითხულის გააზრება უჭირთ, მაგალითად, კონკრეტულ საჯარო მოსამსახურეებს, პედაგოგებს სკოლებში ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი პრობლემაა.
მინდა შევთავაზო ყველას, ვისაც გაუჭირდა წაკითხულის ან მოსმენილის გააზრება, აბსოლუტურად ყველასთან მზად ვართ დისკუსიისთვის, თუმცა აქაც იმედი ნაკლებად შეიძლება გვქონდეს. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ რამდენიმე თვის წინ შევთავაზეთ საზოგადოების წარმომადგენლებს ღია დისკუსია გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ამოქმედდა ლიბერალური ფაშიზმი და ყველას აუკრძალეს აქ მოსვლა დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად. დღეს ვართ ჩვენ ასევე გახსნილი დისკუსიისთვის, ნებისმიერ გულწრფელ ადამიანს, რომელმაც სხვანაირად გაიგო ის, რაც ჩვენგან ითქვა, ვთავაზობთ, მობრძანდნენ და გავმართოთ გნებავთ საჯარო ან არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებულია ჩვენს განცხადებასთან. აქაც დარწმუნებული ვარ, ამოქმედდება ლიბერალური ფაშიზმი და არცერთ ასეთ ადამიანს, მათ შორის გულწრფელ ადამიანს, არ მისცემენ დისკუსიაში მონაწილეობის საშუალებას იმიტომ, რომ ასეთია ლიბერალური ფაშიზმის ბუნება.
თითოეული მოქალაქე არის ჩვენთვის ძვირფასი და განსაკუთრებული ყურადღებით მივუდგებით ნებისმიერი ადამიანის აზრს, მით უმეტეს როდესაც საუბარია გულწრფელ ადამიანებზე. დღეს პროტესტს გამოხატავს ადამიანების ის ნაწილიც, რომლებიც არიან გულწრფელები. არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ძალადობრივ დაჯგუფებებზე. არიან გულწრფელი ადამიანები და სწორედ მათთვის არის ჩვენი შეთავაზება ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ ფორმატში გავმართოთ დისკუსია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. თუ გაირკვევა, რომ არიან მართლები, რა თქმა უნდა, არაფერი უდგას წინ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა, პირველ რიგში, ამისათვის საჭიროა ჯანსაღი დისკუსია და არა ლიბერალური ფაშიზმი და არა ძალადობა, რასაც ვერავითარი წარმატება ვერ ექნება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა" დღეს არის თვითლიკვიდაციის რეჟიმში.
„ჩვენ ვსაუბრობდით არჩევნების წინ პოლიტიკური პარტიების შესაძლო არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე, ამას ვუკავშირებდით ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას, თუმცა ისე მიჰყავთ პროცესები ამ ადამიანებს, რომ შეიძლება, საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც მოხდეს ასეთი პროცესის ინიცირება. ისინი ღიად დაუპირისპირდნენ ამ დღეებში მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, რაც იძლევა პირდაპირ პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველს. დანარჩენს დაველოდოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები, ყველაფერი არის ჩვენს ხელში.
კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, როგორ ვითარდებოდა გარედან პროცესები, რაც დაკავშირებულია მიმდინარე მოვლენებთან. მინდა, შეგახსენოთ კანვასის ტრენინგები, მაშინ ვიღაც-ვიღაცები ირონიულად საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები იყვნენ ჩართული, მაგალითად, რევოლუციურ პროცესებში. ფაქტი არის სახეზე, არიან ადამიანები, რომლებსაც ეწოდებათ ხელოვანები, ისინი წინა პლანზე გამოიყვანეს ამ რევოლუციურ პროცესში, რაც სამწუხაროა. იყო ფრანკლინის კლუბი, სადაც ხდებოდა ახალგაზრდების ორგანიზება ძალადობრივი ქმედებებისთვის და შედეგიც არის სახეზე. ეს ყველაფერი ხდებოდა უცხოური დაფინანსებით და საბოლოო ჯამში, კიდევ ერთხელ შეგვიძლია, გავიხსენოთ ის, თუ როგორ უპირისპირდებოდნენ იგივე ადამიანები, იგივე ძალები უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას, რატომ? იმიტომ, რომ საქართველოში რევოლუცია უნდა მომხდარიყო გაუმჭვირვალედ. მინდა, ყველას კიდევ ერთხელ ვუთხრა, ვერც გამჭვირვალედ და ვერც გაუმჭვირვალედ საქართველოში ვერავითარი რევოლუცია ვერ მოხდება, საქართველო არის სახელმწიფო ძლიერი ინსტიტუტებით, ყველას უნდა შევახსენოთ ეს ყველაფერი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, შანტაჟი და უსამართლო, არაჯანსაღი მიდგომა საქართველოს მიმართ უნდა დასრულდეს, რასაც ემსახურებოდა რამდენიმე დღის მიღებული გადაწყვეტილება.
„საქმე შანტაჟის ნაცვლად, რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას - არ შეიძლება ეს საკითხი გამუდმებით გამოიყენებოდეს შანტაჟის ინსტრუმენტად, ისევე როგორც წელიწად-ნახევრის განმავლობაში გამოიყენებოდა კანდიდატის სტატუსი. დადონ მაგიდაზე, ვაწერთ ხელს, მაგრამ კიდევ ერთხელ - საქმე შანტაჟის ნაცვლად. ჩვენ ვართ ღირსეული ხალხი, ღირსეული ქვეყანა და არავის მივცემთ საშუალებას, რომ წლების განმავლობაში გვამყოფონ შანტაჟისა და უსამართლობის რეჟიმში. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მოლდოვა, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა ევროპაში უსუსტესი ინსტიტუტებით. ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ განვითარებული ქვეყანა, სადაც ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების მხოლოდ 45% უჭერს მხარს ევროინტეგრაციას და 55% არის წინააღმდეგი. ეს არის ფაქტი. მოლდოვა არის დსთ-ს წევრი ქვეყანა და ის არ შეერთებია სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის ის, რის გამოც უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. არის ასეთი ქვეყანა - კორუფცია, სუსტი ინსტიტუტები, დსთ-ს წევრი და მას ანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, საქართველოს - არა. უხსნიან მოლდოვას მოლაპარაკებებს, საქართველოს - არა. ეს არ არის ჯანსაღი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. საქმე შანტაჟის ნაცვლად. სამართლიანობა უსამართლობის ნაცვლად. ეს უნდა ვიხილოთ ჩვენ ევროკავშირის სტრუქტურებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ევროკავშირში მოვლენები უფრო ჯანსაღი მიმართულებით განვითარდება. ურთიერთობების გადატვირთვა არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა, მაგრამ ამისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანობა.
კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების წინაშე შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ჩვენ ერთგულად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, მოსახლეობისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე და ამით იქნება დაკავებული საქართველოს მთავრობა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
ნანახია: 81
მსგავსი სიახლეები
clickss