„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების" საგანგებო განცხადება

გვსურს, ქართულ საზოგადოებასა და ხელისუფლებას გავუზიაროთ ჩვენი შეშფოთება და გულისტკივილი იმ ნეგატიური გამოცდილების შესახებ, რომელსაც ყაზახეთის მოქალაქეები საქართველოში სტუმრობისას აწყდებიან. სამწუხაროდ, ყაზახი ვიზიტორების მიმართ ხშირად შეიმჩნევა უარყოფითი დამოკიდებულება, რაც, ერთი მხრივ, ზიანს აყენებს ქართულ-ყაზახურ ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს და, მეორე მხრივ, უარყოფითად აისახება საქართველოს იმიჯზე ქვეყნის გარეთ.
2024-2025 წლებში გახშირდა არაკორექტული მოპყრობა ყაზახი ტურისტებისადმი, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა მომსახურების სფეროში. ყაზახები არასათანადო და შეურაცხმყოფელ ქცევას აწყდებიან სხვადასხვა სიტუაციაში, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ყოველდღიური კონტაქტი უწევთ ადგილობრივებთან - კერძოდ, კვების ობიექტებში, საფინანსო დაწესებულებებში, სამარშრუტო ტაქსებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ამასთანავე, სასაზღვრო პუნქტებზე მკვეთრად გაიზარდა იმ შემთხვევათა რაოდენობა, როდესაც ყაზახეთის მოქალაქეები გაურკვეველი ან არაადეკვატური მიზეზით ვერ ახერხებენ ქვეყანაში შემოსვლას. მესაზღვრეების მხრიდან შეინიშნება ღირსების შემლახავი და არაკორექტული გამოკითხვის პრაქტიკაც. ეს ყოველივე იწვევს პროტესტს როგორც ჩვენი წევრი ორგანიზაციების თანამშრომლებისგან, ისე კერძო პირებისა და ფართო საზოგადოებიდან. მსგავსი სამწუხარო და შემაშფოთებელი ფაქტების სიმრავლეზე მიუთითებს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ორგანიზაციის წევრების თანამშრომელთა მხრიდან დახმარების ხშირი თხოვნები, მრავლობითი პრეტენზიები კერძო პირებისგან და სოციალურ მედიაში გავრცელებული არაერთი სტატია თუ პოსტი, რომლებიც ყაზახეთის მოქალაქეების ნეგატიურ გამოცდილებას ასახავს.
გვსურს მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადოთ: ყოველი სახის დამამცირებელი მოპყრობა, არაკორექტულად გამოხატული უარი და უპატივცემულო დამოკიდებულება უცხოელი მოქალაქეების მიმართ — სრულიად დაუშვებელია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, როგორიცაა ყაზახეთი — ერი, რომელიც მრავალი ათწლეულის განმავლობაში, ისტორიული, კულტურული და ადამიანური ურთიერთობებით მტკიცედ არის დაკავშირებული საქართველოსთან. ყაზახეთი არ არის მხოლოდ მეგობარი ერი — ის არის საქართველოს სტრატეგიული ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორი, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი ურთიერთობების მნიშვნელობას და პასუხისმგებლობას.
ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები წლიდან წლამდე მტკიცდება და ღრმავდება. ყაზახეთის მოქალაქეების ტურისტული ნაკადი საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდია. ტურიზმი კი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვან ნაწილს – დაახლოებით 7-8%-ს – შეადგენს. 2006-2025 წლებში ყაზახეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაშთი საქართველოში 350 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს და ქმნის მნიშვნელოვან წილს ეკონომიკაში. 2024 წელს საქართველოს ექსპორტის მოცულობა 6.5 მილიარდ დოლარს გასცდა, სადაც ყაზახეთში ექსპორტის წილმა 860 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ანუ 13%, რომლის 95%-ს ავტომანქანების ექსპორტი წარმოადგენდა.
ყოველი ზემოხსენებული ეკონომიკური პარამეტრი პირდაპირ კავშირშია ადამიანების თავისუფალ გადაადგილებასთან, ქვეყანაში შემოსვლის ხელშეწყობასთან და სტუმარ-მასპინძლობის სასიამოვნო გამოცდილებასთან. ამიტომ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მომსახურების კერძო სუბიექტებსა და ბიზნესს, გამოიჩინონ თავაზიანობა და კეთილგანწყობა, ხოლო სასაზღვრო გამშვები პუნქტების თანამშრომლებსა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს — პროფესიონალური დამოკიდებულება, იმოქმედონ კანონის ფარგლებში და საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, რათა არ დაზიანდეს ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, თავიდან იქნას აცილებული ტურისტული თუ ეკონომიკური ბოიკოტის საფრთხე და ხელი შეეწყოს სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებას.
ჩვენი მხრიდან კი, გაერთიანების და მისი წევრი მსხვილი კომპანიების სახელით, ვაცხადებთ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ სახელმწიფო სტრუქტურებთან აღნიშნული პრობლემის მოგვარებისა და ეფექტური მექანიზმების შემუშავების მიზნით.
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება, როგორც არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წევრები არიან საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით მოქმედი კომპანიები – „ჰალიკ ბანკი საქართველო", „რომპეტროლ საქართველო", „ბათუმის ნავთობის ტერმინალი", „კაპიტოლ მენეჯმენტი" და სხვანი – გმობს ბოლო წლებში საქართველოში ყაზახეთის მოქალაქეებთან მიმართებით დაფიქსირებულ დამამცირებელ და არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს. გაერთიანების მიზანია, ხელი შევუწყოთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, რაც უპირველესად ეფუძნება ადამიანურ ურთიერთობებს, ურთიერთპატივისცემასა და ღია, პოზიტიურ თანამშრომლობას.
ნანახია: 85
მსგავსი სიახლეები

„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების" საგანგებო განცხადება
ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები წლიდან წლამდე მტკიცდება და ღრმავდება. ყაზახეთის

თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმარ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჩინეთის დელეგაციის წევრებს საქართველოს მთავარი ეკონომიკური

აზიის განვითარების ბანკი საქართველოში პირველი სააკუმულატორო ქვესადგურის მშენებლობას დააფინანსებს
აზიის განვითარების ბანკის ცნობით, პროექტი გააუმჯობესებს სამართლებრივ და რეგულირების ჩარჩოებს, რომლებიც

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელსაც ტავ ჯორჯია მართავს ოპერირება დაიწყო ფრანგულმა ავიაკომპანი
პარიზიდან (Orly) თბილისში ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდმა პირველი მგზავრები უკვე ჩამოიყვანა.

გურთიადის ორგანიზებით გაიმართა სემინარი, რომელიც ეხებოდა თურქეთ-საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკურ ურ
მარიამ გაბუნია; სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ინვესტიციების დეპარტამენტის უფროსი, დავით ტავლალაშვილი
clickss