ლევან დავითაშვილი საუდის არაბეთის ბიზნესდელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა
„საუდის არაბეთიდან ძალიან დიდი დაინტერესებაა საქართველოში სხვადასხვა სექტორში ინვესტირების მიმართულებით, მათთვის ძალიან შთამბეჭდავია ის ეკონომიკური პროგრესი, სტაბილური ვითარება და პროგნოზირებადობა, რომლებიც ბოლო წლებში ჩვენ ქვეყანას გააჩნია, შესაბამისად, ვისაუბრეთ კონკრეტულ პროექტებზე, რომლებიც შეეხება ინვესტირებას სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში, ასევე უძრავი ქონების, სტუმარ-მასპინძლობის, ნავთობისა და გაზის აღმოჩენების, ენერგეტიკის მიმართულებით“ - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საუდის არაბეთის ბიზნესდელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომლებიც თბილისში საუდის არაბეთის სამეფოს გაერთიანებული პალატების ფედერაციის თავმჯდომარესთან, ჰასან ალ-ჰუვაიზისთან ერთად იმყოფებიან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი პერტაია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე და სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გივი ზედელაშვილი.
პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, ბიზნესსაბჭო, რომელიც საქართველოსა და საუდის არაბეთის მთავრობების გადაწყვეტილებით, ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბდა, ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების წახალისებისთვის.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო მიმართულებით თანამშრომლობა. კონკრეტულ ბიზნესებთან ვისაუბრეთ საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობებზე და ვფიქრობ, ამ ინვესტიციების განხორციელებით შესაძლებელია დამატებითი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და დამატებითი ბიზნესშესაძლებლობების გაჩენა“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ლევან დავითაშვილთან შეხვედრამდე საქართველო-საუდის არაბეთის ერთობლივი ბიზნესსაბჭოს სხდომა, ასევე ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებმა ვაჭრობის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ტურიზმის, ტრანსპორტის, IT ტექნოლოგიების, მედიცინის, მშენებლობის და სხვა სექტორებიდან. ბიზნესფორუმის ფარგლებში Medical Bridge-ს, Polymer Solution-სა და Gulf Pharma-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელთა შედეგად საქართველოში ორმოცდაათ მილიონზე მეტი ევროს ინვესტიცია განხორციელდება. ორმხრივ ბიზნესფორუმში 70-მდე საუდელი ბიზნესმენი მონაწილეობდა.
ნანახია: 574
მსგავსი სიახლეები
clickss