2024-09-19

04:15

ლევან დავითაშვილი: თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ამოქმედებით, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მდგრად ეკონომიკურ ზრდას

ბიზნეს ნიუსი
12-09-2024 15:40

„მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაცია საქართველოსთვის უმთავრესი პრიორიტეტია, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციას. მომსახურებით ვაჭრობაზე ბარიერების შემცირებით, ჩვენ ბიზნესს ვაძლევთ უფრო დიდ წვდომას ბაზარზე და ვიზიდავთ უფრო მეტ ინვესტიციას ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორებიცაა ICT, ფინანსები, ლოგისტიკა და ტურიზმი. ლიბერალიზაციის ამ პროცესს ხელი შეუწყო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებმა. ისინი მოიცავს ყოვლისმომცველ თავებს სერვისების შესახებ, რაც საშუალებას იძლევა გაძლიერდეს თანამშრომლობა და ბაზრის შესაძლებლობები,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჩინეთის მომსახურებით ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენის (CIFTIS) ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, ჩინეთის დედაქალაქში მიმდინარე გამოფენა ერთ-ერთი უმსხვილესი პროფილური ღონისძიებაა მსოფლიოში და კარგი შესაძლებლობაა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებისთვის თანამშრომლობის განვითარებისთვის.  

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ამოქმედებით, რომელიც როგორც საქონლის, ასევე მომსახურებით ვაჭრობის მიმართულებებსაც მოიცავს, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მდგრად ეკონომიკურ ზრდას როგორც ტრადიციული, ისე განვითარებადი მომსახურების სექტორებში. „ეს დარგები ეკონომიკური ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნისა და ინოვაციების ხერხემალია, ავითარებენ რა გლობალურ ვაჭრობას მომავლის ფორმირებისთვის. სერვისების შესაძლებლობები უზარმაზარია, დაწყებული ციფრული ვაჭრობიდან ტურიზმამდე და ეს ხაზს უსვამს სერვისების მნიშვნელოვან როლს თანამედროვე ცხოვრების ყველა ასპექტში,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.   

პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ასევე ჩინეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობას მომსახურებით ვაჭრობის მიმართულებით, მათ შორის, „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში. ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა 2017 წელს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთახმებას, რომელიც ერთ-ერთი პირველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება იყო ჩინეთსა და ჩვენი რეგიონის ქვეყანას შორის. მისი თქმით, აღნიშნული შეთანხმება, რომელმაც მნიშვნელოვნად გააძლიერა სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადები ორ ქვეყანას შორის, ხელი შეუწყო თანამშრომლობას ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ტელეკომუნიკაციები, ფინანსური მომსახურება, ტურიზმი და სხვ. „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის მზარდი სტრატეგიული პარტნიორობის დასტურია და ჩვენ ამ თანამშრომლობის გაღრმავებას მომავალშიც ვგეგმავთ,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.  

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს ასევე აქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), თურქეთთან, ჰონგ კონგთან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან (UAE). მისი თქმით, ამ შეთანხმებებმა გააფართოვა საქართველოს წვდომა მომსახურებით ბაზრებზე და ხელი შეუწყო სერვისებით ვაჭრობის ზრდას გლობალურ პარტნიორებთან. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმებები წარმოადგენს საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ ხედვას, გახდეს რეგიონში ვაჭრობის ძირითადი ჰაბი, განსაკუთრებით იმ სერვისებით, რომლებიც გადამწყვეტია დღევანდელი ციფრული და ურთიერთდაკავშირებული სამყაროსთვის. ამ მიზნით, მთავრობა ახორციელებს ინვესტიციას ინფრასტრუქტურაში, ინოვაციებსა და განათლებაში, რათა უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა და მზაობა მომავლის გლობალურ ბაზრებზე წარმატებული მონაწილეობისთვის.  

გამოსვლაში ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, ხელი შევუწყოთ მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობას და ინვესტიციებს.  „მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციის მზარდი აუცილებლობის გათვალისწინებით, საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი სულ უფრო მეტად არის აღიარებული, როგორც სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა, რომელიც გთავაზობთ უფრო მოკლე მოგზაურობის დროს და ფართო წვდომას სხვადასხვა რეგიონებსა და ბაზრებზე. საქართველო ახორციელებს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ტრანსპორტის ყველა სახეობაში, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალისა და რკინიგზის მოდერნიზაციაში. როგორც არსებული, ისე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია,“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.  

„საერთაშორისო თანამშრომლობა მომსახურებით ვაჭრობაში ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები მოითხოვს ერთად ვიმუშაოთ, გავუზიაროთ ცოდნა და მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ყველა ჩვენგანს სარგებელს მოუტანს. CIFTIS გვთავაზობს სრულყოფილ პლატფორმას ამისათვის და საქართველო ამაყობს, რომ არის ამ დინამიური მიმოცვლის ნაწილი,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები

2024-09-17 15:09
ბიზნეს ნიუსი

ირაკლი კობახიძე - სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ბიზნესის თავისუფლება, მშვიდობა და სტაბილურობა თანაბრად

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ ზრდაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანაა ეკონომიკური

2024-09-12 15:40
ბიზნეს ნიუსი

ლევან დავითაშვილი: თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ამოქმედებით, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ა

პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ასევე ჩინეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობას მომსახურებით ვაჭრობის მიმართულებით, მათ

2024-09-11 17:53
ბიზნეს ნიუსი

IWSC საქართველოში რიგით მესამე ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსს ჩაატარებს

ჟიურის შემადგენლობას უხელმძღვანელებს ქართული ღვინის ცნობილი ექსპერტი და IWSC-ის ჟიურის

2024-09-10 16:57
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალზე მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულდა

სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე

2024-09-10 15:43
ბიზნეს ნიუსი

ირაკლი კობახიძე - 2030 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებამ უნდა გადააჭარბოს მოხმარებას და დარწმუნ

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2025 წლის ბოლომდე ბუნებრივი გაზი დამატებით 400-მდე დასახლებულ პუნქტში შევა, რის შედეგადაც





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები