ნიუ-ორლეანში გუშინ მომხდარი თავდასხმის დროს გარდაცვლილთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა
აშშ-ს ქალაქ ნიუ-ორლეანში გუშინ მომხდარი თავდასხმის დროს გარდაცვლილთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" ავრცელებს ინფორმაციას.
ნიუ-ორლეანის სასამართლო ექსპერტმა, დოქტორმა დუაიტ მაკენამ განაახლა ინფორმაცია მსხვერპლთა რაოდენობის შესახებ, რომელიც თავდაპირველად 10 ადამიანს შეადგენდა.
მაკენამ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ ბურბონის პროსპექტზე მომხდარი თავდასხმის დროს გარდაცვლილთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა და რომ გარდაცვლილთა ვინაობა გამოქვეყნდება ავტოფსიის დასრულებისა და ოჯახის წევრებთან გასაუბრების შემდეგ.
გუშინ ღამით, დაახლოებით 03:15 საათზე, ნიუ-ორლეანის ბურბონის პროსპექტზე ავტომობილი დიდი სიჩქარით შევარდა ხალხმრავალ ადგილას, რის შედეგადაც თავდაპირველი ინფორმაციით 10 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 35 დაშავდა.
თავდამსხმელი ადგილზე პოლიციასთან შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად მოკლეს.
აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ თავდამსხმელი იყო ტეხასის შტატიდან, 42 წლის აშშ-ს მოქალაქე და ყოფილი სამხედრო მოსამსახურე შამსუდ დინ ჯაბარი.
ოფიციალურმა პირებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს, როგორც "ტერორისტული აქტი". მათ ასევე აღნიშნეს, რომ თავდამსხმელის მანქანაში აღმოჩენილი იქნა ტერორისტული ორგანიზაცია დეაშ-ის ეგრეთ წოდებული დროშა და მიმდინარეობს ამ პირის კავშირების გამოძიება ტერორისტულ ორგანიზაციასთან.
"ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ჯაბარი მარტო მოქმედებდა," - განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა და დასძინეს, რომ გრძელდება მუშაობა მისი კავშირების დასადგენად. მათ მოუწოდეს საზოგადოებას მხარდაჭერისკენ და აღნიშნეს, რომ ტერიტორიაზე ნაპოვნი ორი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გაუვნებლებულია.
ამასთან, ლუიზიანას შტატის გუბერნატორმა ჯეფ ლანდრიმ განაცხადა, რომ ნიუ-ორლეანში მომხდარი თავდასხმის შემდეგ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა ფედერალური, შტატისა და ადგილობრივი პარტნიორების მიერ ქალაქის უსაფრთხოების აღდგენის უზრუნველსაყოფად, რის ფარგლებშიც სამხედრო პოლიციაც ჩაერთო.
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავდასხმა "საზიზღარ" აქტად შეაფასა, გამოხატა თანაგრძნობა გარდაცვლილთა ოჯახების მიმართ და მადლობა გადაუხადა სამართალდამცავ ორგანოებს თავდამსხმელის განეიტრალებისთვის.
აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი მიანიშნა, რომ თავდასხმა განხორციელდა "ქვეყნის გარედან შემოსული დამნაშავის" მიერ.
ტრამპმა სოციალურ მედია "Truth Social"-ში დაწერა: "როდესაც მე ვამბობდი, რომ ქვეყნის გარედან შემოსული დამნაშავეები ბევრად უარესები არიან, ვიდრე ჩვენი ქვეყნის დამნაშავეები, დემოკრატები და ცრუ ახალი ამბების მედია ამას ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ აშკარაა, რომ ეს სიმართლეა." მან ასევე აღნიშნა, რომ დანაშაულის მაჩვენებელი აშშ-ში უპრეცედენტო დონემდე გაიზარდა.
ნანახია: 121
მსგავსი სიახლეები
clickss