პაციენტები იმედს არ კარგავენ, რომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამას თვალის ინექციებიც დაემატება
მკურნალობაზე პაციენტების ხელმისაწვდომობა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული უნდა იყოს!
მომდევნო 30 წლის განმავლობაში, მსოფლიოში 65 წლისა და მეტი ასაკის ადამიანთა რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება - ასეთია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგნოზი. ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის ამ ასაკის 1.4 მილიარდი ადამიანი იქნება. ამ ტენდენციიდან გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების გაფართოებისა და მედიცინის სხვადასხვა დარგის განვითარების კვალდაკვალ, სიცოცხლოს მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობა იზრდება. საქსტატის უახლესი მონაცემებით, ქვეყანაში დაბადებისას სიცოცხლის მოსალოდნელმა ხანგრძლივობამ 2012 წლის შემდეგ 1.6 პუნქტით მოიმატა და 2022 წელს 73.7-ს მიაღწია 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოში, ქალებში სიცოცხლის მოსალოდნელმა საშუალო ხანგრძლივობამ 75.4 წლიდან 78.1 წლამდე მოიმატა, კაცებში - 67.5 წლიდან 69.4 წლამდე.
დადებითი ტენდენცია, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო გაგრძელდება, რადგან, ჯანდაცვის გარდა, ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ჰაერის დაბინძურების, თამბაქოს მოხმარების და სხვა მავნე ფაქტორების შესამცირებლად, ასევე სურსათის უვნებლობისა და საგზაო უსაფრთხოების კუთხით.
სიცოცხლის ხანგრძლივობის მატება, ცხადია, დადებითი ტენდენციაა, თუმცა ის ქვეყნების წინაშე ახალ გამოწვევებს აყენებს. ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დღეგრძელობა, არამედ სიცოცხლის ხარისხი, რაც, წლებთან ერთად დიდი რისკების ქვეშ დგება და ჯანდაცვის სექტორს უფრო და უფრო სერიოზულ ამოცანებს უსახავს.
ასაკთან ასოცირებულ დაავადებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თვალის დაავადებებია. ამიტომ, სიცოცხლის ხანგრძლივობის მატებასთან ერთად ამ კუთხით გამოწვევების ზრდას უნდა ველოდოთ. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს თვალის დაავადებების პრევენცია, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
ამ დაავადებებს შორის უნდა გამოვყოთ მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სიბრმავის გამომწვევ მიზეზებს შორის მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია, კატარაქტისა და გლაუკომის შემდეგ, მესამე ადგილს იკავებს.
ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის ოფთალმოლოგის ელისო სიჭინავას განმარტებით,
მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია (AMD) არის ბადურის ცენტრალურ უბანში, მაკულაში მიმდინარე ქრონიკული დეგენერაციული პროცესი, რომელიც გვხვდება ასაკოვან მოსახლეობაში - 50-55წელს ზემოთ და იწვევს მხედველობის შეუქცევად დაქვეითებას. მაკულა ესაა ბადურა გარსის უკანა ნაწილში მდებარე უბანი, რომელიც ცენტრალური მხედველობის სიმახვილეს განსაზღვრავს. დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორებია:
ხანდაზმული ასაკი - 50-55 წელს ზემოთ, გენეტიკური განწყობა და ოჯახური ანამნეზი, თამბაქოს მოხმარება, მდედრობითი სქესი, არტერიული ჰიპერტენზია, კარდიო-ვასკულური დაავადებები, ჰიპერქოლესტერინემია, სიმსუქნე, არაბალანსირებული კვება.
რაც შეეხება სიმპტომებს, ელისო სიჭინავას თქმით, პაციენტები მაკულის ასაკობრივი დეგენერაციის ადრეულ ეტაპზე, როგორც წესი, ასიმპტომურები არიან, ამიტომაც ხშირად ამ ეტაპზე არსებული დაავადება მორიგი საკონტროლო ვიზიტის ან თვალის სრულიად სხვა ჩივილით მოსული პაციენტის თვალის ფსკერის დათვალიერების დროს გამოვლინდება ხოლმე. თუმცა დაავადების პროგრესირებასთან ერთად აღინიშნება მხედველობის დაბინდვა, კითხვის გაძნელება, სირთულეები სიბნელესა და სინათლესთან ადაპტაციის პროცესში, მეტამორფოფსიები - როდესაც სწორი ხაზები დაკლაკნილად ჩანს.
„გამოყოფენ მაკულის ასაკობრივი დეგენერაციის ორ ძირითად ფორმას: მშრალი და სველი. კვლევებმა აჩვენა, რომ უმეტეს შემთხვევაში დაავადება მიდის მშრალი ფორმით. ადრეულ ეტაპზე თვალის ფსკერის დათვალიერებისას კლინიკურად ვლინდება დაავადების ამ ფორმისთვის დამახასიათებელი ცვლილებები. თავისთავად ეს ცვლილებები არ იწვევენ მხედველობის გაუარესებას, მაგრამ დაავადების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირების საშუალებას იძლევიან და ასევე წარმოადგენენ რისკ-ფაქტორს მშრალი ფორმის შორსწასული ფორმის-გეოგრაფიული ატროფიის განვითარებისა, რა დროსაც მხედველობა მნიშვნელოვნად უარესდება, თუმცა სველი ფორმისგან განსხვავებით პროცესი გაცილებით ნელა მიმდინარეობს.
მაკულის ასაკობრივი დეგენერაციის სველი ფორმა იწვევს ცენტრალური მხდველობის მოკლე დროში მნიშვნელოვნად გაუარესებას. ამ დროს მაკულის არეში ახალწარმოქმნილი, პათოლოგიური სისხლძარღვების ჩაზრდა ხდება. - განმარტავს ოფთალმოლოგი.
რაც შეეხება მკურნალობას, ამ პროცესში მნიშვნელოვანი ფაქტორებია პაციენტის კვებითი რაციონის მოწესრიგება და თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა. ამასთანავე, შემუშავებულია ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია დაავადების ადრეული სტადიის და მშრალი ფორმის პროგრესირების რისკის 20-25 %-ით შემცირება. ეს კომბინაცია მოიცავს: C და E ვიტამინებს, ბეტა კაროტინს, ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს და სხვა კაროტინოიდებს.
სველი ფორმის დროს, საჭიროა თვალშიდა ინექციები, რომლებიც დაავადების პროგრესირების შეფერხებას იწვევს.
შესაძლებელია თუ არა მაკულის ასაკობრივი დეგენერაციის განვითარების თავიდან აცილება?
ამ კითხვაზე პასუხისას ელისო სიჭინავა აცხადებს:
„იმის გამო, რომ აღნიშნულ დაავადებას საწყის ეტაპზე აქვს მწირი სიმპტომატიკა, საჭიროა რეგულარული, ყოველწლიური ვიზიტი ოფთალმოლოგთან, განსაკუთრებით 50 წელს ზემოთ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რეგულარული კონტროლი იმ პაციენტებში, რომელთაც ერთ თვალზე უკვე დადგენილი აქვთ მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია, მიუხედავად იმისა არის თუ არა რაიმე ჩივილი მეორე თვალთან დაკავშირებით.
სახლის პირობებში ყველაზე მარტივი თვითკონტროლი შესაძლებელია ამსლერის ბადის მეშვეობით, რაც წარმოადგენს თეთრ ფონზე შავი ფერის (ან პირიქით) უჯრების ბადეს ცენტრში საფიქსაციო წერტილით. ტესტის დროს თითოეული თვალი მოწმდება ცალ-ცალკე, საკითხავ მანძილზე საკითხავი სათვალით. ამ დროს შეიძლება გამოვლინდეს ახალი მეტამორფოფსიები, სკოტომა და ცენტრალური მხედველობის სხვა ცვლილებები“.
ჯანმოს შეფასებით, 50 წელს გადაცილებულ ადამიანებში თვალთან დაკავშირებული გართულებები ყოველ მერვეს უფიქსირდება. ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ექიმ-ოფთალმოლოგის, ოფთალმოქირურგის შოთა თადუმაძის თქმით, საქართველოში პრობლემა ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს - იმაზე მეტს, ვიდრე დიაგნოსტირებულია, რადგან სათანადო სკრინინგის შემთხვევაში, დაავადება კიდევ უფრო ბევრ ადამიანს, საწყის ეტაპზე გამოუვლინდებოდა.
ამ ვითარებაში კი საგანგაშოა ის, რომ, მსოფლიოს უამრავი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში პაციენტების დიდი ნაწილისთვის სრულფასოვანი მკურნალობა ხელმისაწვდომი არ არის.
ახალი თაობის ინექციები, რომელთა გაკეთება მხედველობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია, არც სახელმწიფოს და არც კერძო სადაზღვევო კომპანიების მხრიდან არ ფინანსდება. შესაძლოა, მერიამ ან ჯანდაცვის სამინისტრომ პაციენტს თანხის მხოლოდ მცირედი ნაწილი, ერთჯერადად ან რამდენჯერმე აუნაზღაურონ, თუმცა როცა საქმე ქრონიკულ დაავადებას ეხება, როცა ადამიანისთვის მედიკამენტის მიღება რეგულარულად, სიცოცხლის ბოლომდეა საჭირო, ერთჯერადი შეღავათი პრობლემის მოხსნის გზა არ არის.
თადუმაძე საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე ამბობს, რომ მისი იმ პაციენტების 80%, რომლებიც აღნიშნული მედიკამენტებით მკურნალობას საჭიროებენ, პრეპარატების ფასიდან გამომდინარე, სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარებას ვერ ახერხებენ.
პაციენტი, მარინა მაისურაძე, რომლისთვისაც ამ ინექციების გარეშე დარჩენა დაბრმავების ტოლფასი იქნებოდა, დღეს საპენსიო ასაკისაა, ცალ თვალში მხედველობა აღარ აქვს, ამიტომ სამყაროს ახლა ერთი თვალით უყურებს, თუმცა თუ ინექციებს არ გაიკეთებს, სრული სიბრმავე გარდაუვალია. მარინა მაისურაძეს გაუმართლა, რადგან ინექციებს მას ოჯახის წევრები უფინანსებენ.
„ამ ნემსებს რომ არ ვიკეთებდე, მხედველობა ცალ თვალშიც დამეკარგებოდა. მხედველობას სწორედ ამ ნემსებით ვინარჩუნებ. მხოლოდ ერთ თვალში მაქვს მხედველობა დარჩენილი და ამიტომ მას განსაკუთრებით ვუფრთხილდები. მინიმუმ 2 თვეში ერთხელ მიწევს წამლების თვალში გაკეთება. სახელმწიფო ამ პროგრამას არ აფინანსებს. შეიძლება, ერთჯერადად დამაფინანსოს მერიამ ან ჯანდაცვის სამინისტრომ, მაგრამ ეს არაა გამოსავალი, რადგან ეს წამლები მთელი ცხოვრება უნდა ვიკეთო. მე ოჯახის წევრები მიხდიან ამ თანხას, მაგრამ უამრავ პენსიონერს, რომელსაც ეს დაავადება აქვს, არ შეუძლია ამხელა თანხების გადახდა და სახელმწიფო მათ აუცილებლად უნდა დაუდგეს მხარში, ისევე როგორც ეს გლაუკომის შემთხვევაში მოხდა. მე გლაუკომაც მაქვს და იანვრიდან წამლებს სახელმწიფო მიფინანსებს. ამ წამლებში თვეში 110-150 ლარს ვიხდიდი და ახლა ეს ჩემთვის უფასოა. ძალიან საჭირო და აუცილებელია, იგივე მოხდეს თვალის ნემსებთან დაკავშირებით და სახელმწიფომ ისინიც დააფინანსოს,“ - ამბობს მარინა მაისურაძე.
იგივე მოსაზრება აქვთ ექიმებს. მათი თქმით, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ქრონიკული დაავადებების სახელმწიფო პროგრამას, გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტების შემდეგ დაემატოს თვალშიდა ანუ ინტრავიტრეალური ინექციებით მკურნალობაც.
სპეციალისტებსა და პაციენტებს იმედი აქვთ, რომ ქრონიკული მედიკამენტების პროგრამის გაფართოება გაგრძელდება და მასში დასახელებული ინექცებიც შევა. კლინიკა „ახალი მზერის“ ოფთალმოლოგი, ვიტრეო-რეტინალური ქირურგი, ბადურის სპეციალისტი შალვა სხირტლაძე ამბობს, რომ დღეისათვის იმ პაციენტების 90%, რომლებსაც ინექციები ესაჭიროება, იკეთებს არა ახალი, არამედ წინამორბედი თაობის მედიკამენტს. ასეთი არჩევანისკენ კი პაციენტებს ფინანსური მხარე უბიძგებს, რადგან დასახელებული მედიკამენტი რამდენჯერმე იაფია ახალი თაობის პრეპარატებთან შედარებით. ოფთალმოლოგი განმარტავს, რომ ეს წამალი, გარდა იმისა, რომ მისი ინექციის სახით გაკეთება პაციენტს უფრო ხშირად უწევს, რაც დიდი დისკომფორტია, ახალი თაობის მედიკამენტებს ეფექტიანობითაც ჩამოუვარდება.
შალვა სხირტლაძის თქმით, რომ იმისთვის, რათა პაციენტებმა დაფინანსება მოიპოვონ, აუცილებელია აქტიურობა როგორც მათი, ისევე პაციენტების, მედიის და ზოგადად, საზოგადოების მხრიდან.
ასეთია პაციენტებისა და ექიმების საერთო მოსაზრება. მათ იმედი აქვთ, რომ დაფინანსების პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდება და მხოლოდ აჭარაში მცხოვრებთათვის არ იქნება ხელმისაწვდომი. შეგახსენებთ, რომ აჭარა ერთადერთი რეგიონია საქართველოში, სადაც ამ ძვირადღირებულ ინექციებს პაციენტებს ბიუჯეტი უფინანსებს. თუმცა ასეთ მიდგომას პაციენტებში დისკრიმინაციულად მიიჩნევენ, რადგან ჯანმრთელობის უფლებას გეოგრაფიული ფაქტორი არ უნდა განსაზღვრავდეს.
საკითხის დადებითად გადაჭრის იმედებს ახალი მინისტრის მიხეილ სარჯველაძის მიერ თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე დღეებში გაჟღერებული მესიჯები იძლევა. მინისტრმა განაცხდა, რომ მისთვის მთავარი პრიორიტეტი მკურნალობაზე პაციენტების ხელმისაწვდომობა და ექიმების ინტერესებია. გარდა მესიჯებისა, სარჯველაძე მინისტრის პოსტზე პირველივე სამუშაო დღეს შეხვდა ონკოპაციენტებს, რომლებიც მედიკამენტებზე ხელმისაწდვომობას ითხოვდნენ და ამით მოქალაქეებთან აქტიური კომუნიკაციის მზაობა დააფიქსირა. ეს ყოველივე იძლევა დამატებით იმედებს, რომ პაციენტების მოთხოვნა შედეგს გამოიღებს და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამას თვალის ინექციებიც დაემატება.
ნანახია: 69
მსგავსი სიახლეები
clickss