2024-11-21

14:44

დაფინანსების შემთხვევაში, უამრავი ადამიანი მხედველობას შეინარჩუნებს - რას ითხოვენ პაციენტები და ექიმები

ჯანდაცვა
21-10-2024 10:19

როგორც ექიმი, ყველაზე უმწეო მაშინ ვარ, როცა პაციენტს ინექციებს ვუნიშნავ, ის კი მეუბნება, რომ ამხელა თანხას ვერ გადაიხდის. ვუშვებ სხვადასხვა ორგანიზაციაში და დაწესებულებაში, სადაც შესაძლოა ნაწილობრივი დაფინანსება მაინც მიიღოს, მაგრამ ეს სრული კურსის ჩატარებისთვის საკმარისი არ არის,“ - კლინიკა „ავერსის“ ოფთალმოლოგის ანა ფარულავას ეს სიტყვები იმ რეალობას ასახავს, რომლის წინაშეც თვალის სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანები და მათი ექიმები დგანან.

ანა ფარულავას თქმით, უსახსრობის გამო მკურნალობის ბოლომდე მიყვანას პაციენტების ნახევარზე მეტი ვერ ახერხებს, რადგან ხშირ შემთხვევაში საუბარია 55 წელს გადაცილებულ, საპენსიო ასაკის მოქალაქეებზე. ოფთალმოლოგს მოჰყავს ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა, როცა პენსიონერს ერთი ინექციისთვის საჭირო თანხის მესამედი თბილისის მერიამ დაუფინანსა, მაგრამ არ არსებობს გარანტია, რომ მუნიციპალიტეტი პაციენტს მომდევნო კურსების თუნდაც ნაწილს დაუფინანსებს. მკურნალობა კი ამ ადამიანებს გარკვეული პერიოდულობით, მუდმივად ესაჭიროებათ.

რატომ დგანან თვალის გარკვეული დაავადებების მქონე ადამიანები მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემის წინაშე? საქმე ისაა, რომ თვალის ინექციები, რომლებზეც ანა ფარულავა საუბრობს, არც სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება და პრაქტიკულად, არც კერძო სადაზღვევო პაკეტებით იფარება. 

არსებობს სიბრმავის გამომწვევი 4 მთავარი დაავადება: გლაუკომა, კატარაქტა, მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია და დიაბეტური რეტინოპათია (დიაბეტური მაკულის შეშუპება). განვითარებულ ქვეყნებში, როგორც სახელმწიფო, ისე სადაზღვევო სქემების საშუალებით, ყველა ამ დაავადების მკურნალობა და მედიკამენტები პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია. საქართველოში ამ კუთხით მდგომარეობა მხოლოდ სანახევროდ, პირველი ორი დაავადების შემთხვევაშია მოგვარებული: კატარაქტა ქირურგიული მეთოდით იკურნება, რასაც დაზღვევაც და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაც აფინანსებს. გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტები, რომლებიც პაციენტებისთვის ამ დრომდე საკმაოდ დიდი ფინანსური ტვირთი იყო, 2024  წლიდან ქრონიკული მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. მაკულის ასაკობრივი დეგენერაციისა და დიაბეტური რეტინოპათიის მკურნალობა კი პაციენტებისთვის ხელმიუწვდომელი რჩება. ეს დაავადებები ასობით პაციენტის ცხოვრებას რადიკალურად მხოლოდ იმის გამო ცვლის, რომ საჭირო მედიკამენტების შეძენა მათ მხოლოდ საკუთარი სახსრებით შეუძლიათ. ასეთი შესაძლებლობა კი მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს.

მკურნალობა გულისხმობს ანტიანგიოგენეზური პრეპარატების შეყვანას თვალშიდა ინექციების სახით, რათა დაავადების პროცესი დროულად შეჩერდეს. ამ მედიკამენტებს, ბადურის დაავადებების მკურნალობის კუთხით, პრაქტიკულად ალტერნატივა არ აქვს. ქირურგიული ჩარევა ამ ტიპის მკურნალობას ვერ ანაცვლებს. პრეპარატები ადამიანს მხედველობის გაუარესებისა და სიბრმავისგან იცავს და მათი მიღება გარკვეული პერიოდულობით, მუდმივადაა საჭირო.

ექიმები ამბობენ, რომ მათთვის მორალურად რთულია, როცა არსებობს ეფექტიანი მედიკამენტები და მათ პაციენტები იმის გამო ვერ იღებენ, რომ პრეპარატი სახელმწიფოსა და სადაზღვევო კომპანიების მხრიდან არ ფინანსდება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ უსახსრობის გამო ეს პაციენტები მხედველობის დაქვეითების ან სრულად დაკარგვის საფრთხის წინაშე დგებიან.

ანა ფარულავა ამბობს, რომ განვითარებულ ქვეყნებში ეს პრობლემა სრულად მოგვარებულია და მედიკამენტებს სახელმწიფო აფინანსებს.

„არა მხოლოდ ლიტერატურაზე დაყრდნობით, არამედ პირადი გამოცდილებით ვიცი, რომ უცხოეთში ასეთი პრობლემა არ დგას. ვყოფილვარ ევროპისა და სხვა ქვეყნების საუნივერსიტეტო კლინიკებში - იტალიაში, გერმანიაში, ინგლისში, ისრაელში. იქ პაციენტს არ უწევს იმაზე ფიქრი, საიდან მოიტანოს მკურნალობისთვის საჭირო თანხა. ამიტომ იქ არ ხდება მკურნალობის სქემების არევა, რაც ჩვენთან, პაციენტების 50%-ზე მეტის შემთხვევაში ხდება. პაციენტების დიდ ნაწილს მკურნალობის შეწყვეტა შუა გზაზე უწევს, რაც დისკომფორტია პირველ რიგში პაციენტისთვის და შემდეგ - ექიმისთვის. ამიტომ ამ მედიკამენტს, ისევე როგორც ეს სხვა ქვეყნებშია, სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს, იქნება ეს საყოველთაო ჯანდაცვის თუ სხვა პროგრამები,“ - აღნიშნავს ანა ფარულავა. მისი თქმით, იმ პაციენტების რიცხვი, რომლებსაც აღნიშნული ინექციები ესაჭიროება, იზრდება და, ჯანმოს მონაცემებით, კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ხანდაზმული მოსახლეობის წილი იმატებს, თვალის დაავადებების დიდი ნაწილი კი სწორედ მოსახლეობის ამ კატეგორიაზე მოდის.

„თვალი არის ცალკე სამყარო ჩვენს სხეულში“ – ეს სიტყვები ოფთალმოლოგ ნინო კარანაძეს ეკუთვნის, რომელიც  „ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია.

ამ „სამყაროში“, ექიმის თქმით,  თითოეულ ნაწილს თავისი დანიშნულება აქვს და ყველა მათგანი მნიშვნელოვანია, თუმცა ბადურა მათ შორის განსაკუთრებულია, რადგან მის ცენტრალურ ნაწილში თავმოყრილია უჯრედები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ფერებისა და ფორმების აღქმაზე.

ამიტომაც, ბადურის დაზიანების დროს, ადამიანისთვის სამყაროს ფერები იცვლება  - მაგალითად, ერთი თვალი მკაფიოდ აღიქვამს ფერებს, მეორე თვალში კი ეს ფერები შეცვლილია, ან ფორმების აღქმა ირღვევა (ერთი თვალით ხედავს სწორად, მეორეში კი კონტურები დარღვეულია), ანდაც მხედველობის არეში ჩნდება ბურუსის მსგავსი ლაქა, რომლის მოცილებასაც ადამიანი თვალის დახუჭვით ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს. 

თანამედროვე ცხოვრებაში, რომლის რიტმიც უაღრესად აჩქარებულია, ძალიან ხშირად პაციენტები მხედველობის ცვლილებებს საწყის ეტაპზე ვერ ამჩნევენ. არადა ცვლილების დაფიქსირება მარტივი მეთოდით - თითოეულ თვალზე, რიგრიგობით, თვალზე ხელის მიდებითა და ფერების შედარებითაა შესაძლებელი.

„თვალის ჩინის არქონა ძალიან მძიმე რამ არის. ისინი განსაკუთრებული ადამიანები არიან, რადგან მათ ჩამოყალიბებული აქვთ თავიანთი ცხოვრებისეული სტერეოტიპები, მაგალითები არიან სხვებისთვის, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა მხედველობის პრობლემებით,“ - აღნიშნა ოფთალმოლოგმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში.

მისი თქმით, არსებული პროგნოზით, 2030 წლისთვის დიაბეტი სიკვდილის გამომწვევ დაავადებებს შორის მე-7 ადგილს დაიკავებს და ყველა ის გართულება, რომელიც მას ახლავს - ერთ-ერთი კი თვალის დაავადებაა - კიდევ უფრო მომრავლდება. ამიტომ საჭიროა დროული ზომების მიღება და მოსახლეობისთვის იმის შეხსენება, რომ თავს მოუარონ, ისწავლონ ადრეულ ნიშნების ამოცნობა და დროულად მიმართონ ექიმს, რათა დიაბეტით გამოწვეულ, თვალის ბადურა გარსის უმძიმეს მდგომარეობამდე არ მივიდეთ.

მისივე ინფორმაციით, მსოფლიოში 285 მილიონი ბრმა ადამიანია და მათ შორის 4,2 მილიონის შემთხვევაში მიზეზი დიაბეტია. ბოლო პერიოდში ჯანმო ყურადღებას ამახვილებს, რომ მოხდეს მოსახლეობის სკრინინგი. ოფთალმოლოგი საქართველოში მცხოვრებ ადამიანებსაც მოუწოდებს, ჩაერთონ სკრინინგის პროგრამებში, მათ შორის უფასო გასინჯვებში, რომებსაც სხვადასხვა კლინიკა პერიოდულად ახორციელებს და მათ შორისაა „ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკაც“.

გარშემომყოფები უნდა ვხედავდეთ ადამიანებს, რომლებიც თავად ვერ ან ცუდად გვხედავენ. ეს მხოლოდ თანაგრძნობას არ ნიშნავს. ამ სიტუაციაში მთავარია ქმედითი დახმარება და საზოგადოების აქტიურობა, რადგან რიგ შემთხვევებში ამ ადამიანებისთვის მხედველობის მდგომარეობის გაუმჯობესება სავსებით შესაძლებელია. ეს კი ძვირადღირებულ მედიკამენტებზე წვდომაზეა დამოკიდებული. მსოფლიო მედიცინამ უკვე შექმნა პრეპარატები, რომლებიც პაციენტს თვალშიდა ინექციების სახით უკეთდება და რომელთაც შეუძლიათ მხედველობის გაუარესების პროცესის შენელება, მხედველობის შენარჩუნება და აღდგენაც კი. საქართველოს, მართალია, არ აქვს ისეთი ფინანსური შესაძლებლობები, როგორიც განვითარებულ ქვეყნებს გააჩნია, თუმცა მისი რესურსების ფარგლებშიც კი, არსებობს არაერთი პროგრამა, რომელიც სხვადასხვა დაავადების პაციენტს საკმაოდ ძვირადღირებულ მედიკამენტებს უფინანსებს. მთავარი ასეთი პროგრამაა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა, რომელიც წლიდან წლამდე ფართოვდება.

და ბოლოს, არის პოზიტიური მოლოდინის კიდევ ერთი საფუძველი:

სიბრმავის გამომწვევი ორი დაავადების - გლაუკომისა და კატარაქტას მკურნალობა ქვეყანაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. საყოველთაო ჯანდაცვა ორივე მიმართულებას ფარავს. კატარაქტას ოპერაციას საყოველთაო ჯანდაცვა წლებია, აფნანსებს, გლაუკომის პრეპარატები კი, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამას 2024 წლიდან დაემატა და მათ სახელმწიფო შესაბამის კატეგორიაში შემავალ პირებს სრულად უფინანსებს.

გარდა ამისა, თვალის ინექციების პროგრამა არსებობს აჭარაში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პაციენტები არ კარგავენ იმედს, რომ ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობა - მხედველობა - შეუნარჩუნდებათ. ამისთვის კი საჭიროა საზოგადოების აქტიურობა, რათა გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე ამ პაციენტების ხმამ მიაღწიოს და მათი უფლებების დაცვაში საქართველო წამყვანი ევროპული ქვეყნების რიგში ჩადგეს.

მსგავსი სიახლეები

2024-11-15 16:16
ჯანდაცვა

„გოგოები მოქმედებენ“ - პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა გოგონებისა და ბიჭების გაძლიერებას

გარდა ზემოაღნიშნულისა, 2022 წლიდან AHF საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ

2024-11-14 16:08
ჯანდაცვა

შიდსის ჯანდაცვის ფონდი AHF საქართველო - როცა თქვენი ჯანმრთელობა პრიორიტეტია!

AHF საქართველოში ფუნქციონირებს ახალგაზრდული ცენტრი, რომლის მიზანია ახალგაზრდებს შეუქმნას უსაფრთხო, კომფორტული სივრცე,

2024-11-06 14:51
ჯანდაცვა

PSP-ს ბლოგი: გრიპი — ყველაფერი, რაც ინფექციის შესახებ უნდა ვიცოდეთ!

საწყის სტადიაზე გაციებისა და გრიპის ერთმანეთისგან გარჩევა შეიძლება რთული იყოს — ორივე მათგანი რესპირატორული დაავადებაა.

2024-10-21 10:19
ჯანდაცვა

დაფინანსების შემთხვევაში, უამრავი ადამიანი მხედველობას შეინარჩუნებს - რას ითხოვენ პაციენტები და ექიმ

ანა ფარულავას თქმით, უსახსრობის გამო მკურნალობის ბოლომდე მიყვანას პაციენტების ნახევარზე მეტი ვერ ახერხებს, რადგან ხშირ შემთხვევაში

2024-10-07 18:19
ჯანდაცვა

ცოცხალი ჯაჭვის აქცია ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტთა მხარდასაჭერად

ცოცხალ ჯაჭვში ასევე მონაწილეობენ პაციენტები, ექიმები, მხარდაჭერი კომპანიების წარმომადგენელები და მედია, რომლებიც კიდევ ერთელ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები