ევროკავშირის სპეციალური პრიზი, „ადამიანის უფლებები კინოში“, ორ ქართულ ფილმს გადაეცა
თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე ევროკავშირის სპეციალური პრიზი “ადამიანის უფლებები კინოში” ორ ქართულ ფილმს გადაეცა. გამარჯვებულები კინოთეატრ „ამირანში“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდროვიჩმა დააჯილდოვა.
წელს ევროკავშირის დელეგაციამ საქართველოში სპეციალური პრიზი World Vision Georgia-სთან თანამშრომლობით წარადგინა.
ევროკავშირის სპეციალური ჯილდო ორ კატეგორიაში გაიცა – მხატვრული და დოკუმენტური. საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში პრიზი გადაეცა რეჟისორ ელენე მიქაბერიძის ფილმს „ლურჯი მოცვი“, რეჟისორის ტატო კოტეტიშვილის ფილმმა „წმინდა ელექტროენერგია“ კი საუკეთესო მხატვრული ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა. გამარჯვებულები გამოავლინა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ პროფესიონალი კინემატოგრაფისტები და ექსპერტები ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.
ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდროვიჩმა განაცხადა:
“ევროკავშირი მხარს უჭერს პრიზს „ადამიანის უფლებები კინოში“ და ამაყობს ამით, რადგან ეს პრიზი დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ვგმობთ გადაჭარბებული ძალის გამოყენებას იმ ხალხის მიმართ, ვინც ქუჩაში იკრიბება და ხმამაღლა და გარკვევით ამბობს, რომ ისწრაფვის დემოკრატიისაკენ და რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია; ისეთი საქართველოსი, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია.“
ევროკავშირის სპეციალურ პრიზზე წელს ნომინირებული იყო 14 ფილმი, რომლებიც ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მწვავე თემებს ასახავს:
მხატვრული ფილმები
- April/ აპრილი – Dea Kulumbegashvili, Georgia/France/Italy, 2024/ დეა კულუმბეგაშვილი, საქართველო/საფრანგეთი/იტალია, 2024
- Holy Electricity/წმინდა ელექტროენერგია – Tato Kotetishvili, Georgia/Netherlands, 2024/ ტატო კოტეტიშვილი, საქართველო/ნიდერლანდები, 2024
- When You Are/17 როცა 17 წლის ხარ – Giorgi Mukhadze, 2024/ გიორგი მუხაძე, 2024
- Amaia’s Guests/ამაია’ს სტუმრები – George Todria, Georgia/Spain/ გიორგი თოდრია, საქართველო/ესპანეთი
- Bait/სატყუარა – Giorgi Mukhadze/Toby Andris, 2024/გიორგი მუხაძე/ტობი ანდრისი, 2024
- Elene Dariani/ელენე დარიანი – Elene Tavadze, 2024/ ელენე თავაძე, 2024
- Inhale/ჩაისუნთქე – Melana Sokhadze, Georgia/Switzerland, 2024/ მელანა სოხაძე, საქართველო/შვეიცარია, 2024
დოკუმენტური ფილმები
- Blueberry Dreams/ლურჯი მოცვი – Elene Mikaberidze, Georgia/France/ Belgium/Qatar, 2024/ელენე მიქაბერიძე, საქართველო/საფრანგეთი/ბელგია/კატარი, 2024
- Ever Since I Knew Myself/ რაც თავი მახსოვს – Maka Gogaladze, 2024/ მაკა გოგალაძე, 2024
- On The Way Home/იქ, სადაც სახლია – Giorgi Kvelidze, 2024/ გიორგი ქველიძე, 2024
- Bakhmaro 2050/ ბახმარო 2050 – Anka Gujabidze, 2024/ ანკა გუჯაბიძე, 2024
- Katarina and the Tiger/ კატარინა და ვეფხვი – Bakar Cherkezishvili, 2024/ ბაქარ ჩერქეზიშვილი, 2024
- Ode To Memorial/ ოდა მემორიალს – Giorgi Kvartskhava, 2024/ გიორგი ქვარცხავა, 2024
- The Flower by the Road/ ყვავილი გზის პირას – Giorgi Parkosadze, Georgia/Hungary/Belgium/Portugal, 2024/ გიორგი ფარქოსაძე, საქართველო/უნგრეთი/ბელგია/პორტუგალია, 2024
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სპეციალური ჯილდო – “ადამიანის უფლებები კინოში“ ადამიანის უფლებების დღესთან დაკავშირებით დაწესდა, რომელიც 10 დეკემბერს აღინიშნება. სპეციალური ჯილდო წელს უკვე მეექვსედ გაიცა.
კინოხელოვნების ცენტრი „პრომეთე“ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს 2000 წლიდან ატარებს. კინოფესტივალის მიზანია, გამორჩეული ახალი უცხოური და ქართული ფილმების წარმოჩენა.
ნანახია: 217
მსგავსი სიახლეები
clickss