სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ილია თოფურიაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო
კულტურა
13-11-2024 12:51
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დამწყების სპორტსმენებისთვის „კავეა გალერეაში“ UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას, შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „თოფურია - მატადორი“ ჩვენება მოეწყო. ფილმის ჩვენებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე შალვა გოგოლაძე, SMH Sports-ის დამფუძნებელი ლაშა მაჭავარიანი, ილია თოფურიას ოჯახის წევრები, ოლიმპიური ბრინჯაოს მედლის მფლობელი მოკრივე ლაშა გურული და მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში გიორგი სარდალაშვილი ესწრებოდნენ.
ჩვენების დაწყებამდე ახალგაზრდა სპორტსმენებს შალვა გოგოლაძემ, ლაშა მაჭავარიანმა და ილია თოფურიას დედამ, ინგა ბენდელიანი-თოფურიამ, მიმართეს.
დოკუმენტური ფილმი ასახავს ილია თოფურიას კარიერის პირველ ნაბიჯებს, სირთულეებს, რომელთა დაძლევის შედეგად მან შეძლო გამხდარიყო მსოფლიოს ჩემპიონი. ფილმის ჩვენების მიზანი დამწყები სპორტსმენებისთვის მოტივაციის ამაღლება და იმის ჩვენება იყო, თუ როგორ შეიძლება შრომისმოყვარეობით, ბრძოლისუნარიანობითა და საყვარელი საქმისადმი ერთგულებით ყველა მიზნის მიღწევა.
სპორტის სამინისტროს ინიციატივით დოკუმენტური ფილმის „თოფურია - მატადორი“ ჩვენება საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ფილმის წარმდგენი და ოფიციალური პარტნიორია SMH Sports, რომლის მხარდაჭერითაც რამდენიმე დღის წინ ფილმის პრემიერა მოეწყო.
ილია თოფურიამ MMA-ს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ჩემპიონის ტიტული ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხებით მოიპოვა. მიმდინარე წლის ოქტომბერში აბუ-დაბიში UFC 308-ის ღონისძიების ფარგლებში ქვემსუბუქი წონის ქართველმა ჩემპიონმა ამერიკელ მაქს ჰოლოუეის სძლია და UFC-ის ჩემპიონის ქამარი დაიცვა. აღსანიშნავია, რომ MMA-ში ჩატარებული 16 შეხვედრიდან ილია თოფურიამ ყველა ბრძოლა მოიგო.
ნანახია: 125
მსგავსი სიახლეები
clickss