კახა ოქრიაშვილი: იმედს ვიტოვებ, ახალ წლამდე ბატონი ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ!
საზოგადოება
23-12-2024 16:36
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი დღეს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
„გასულ კვირას ეუთო-ოდირის ოფისმა არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ფართოდ იყო გამოყენებული არჩევნებზე ზემოქმედების ყველა ბერკეტი: დაშინება, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, მოსყიდვა და მრავალი სხვა. განსაკუთრებით ხაზგასმულია არჩევნების დღეს გამეფებული შიშის ატმოსფერო, რადგან ამომრჩევლებს „წართმეული ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეცათ ხმა შურისძიების შიშის გარეშე“. ხოლო საარჩევნო კომისიებში და სასამართლოში სარჩელების განხილვის არარსებობამ, „ძირი გამოუთხარა საარჩევნო პროცესის სათანადოდ ჩატარებას და მისი გამოსწორების შესაძლებლობას“.
ამავდროულად, დასკვნაში წერია, რომ არჩევნების დღეს ადმინისტრირება იყო კარგი. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა უწყებების და ადამიანების მიერ კარგად იყო ორგანიზებული გაყალბებისკენ მიმართული კომპლექსური ქმედებები, რასაც ერთიანი სტრატეგიის სახე ჰქონდა. შედეგად, საქართველოს მართავს დე-ფაქტო ხელისუფლება!
ასე ვერ გაგრძელდება. განვითარების სცენარი შეიძლება იყოს რამდენიმე, მათ შორის რევოლუციური, მაგრამ ჩემი აზრით, ქვეყანას სჭირდება ცვლილებები მხოლოდ არჩევნების გზით. იმედს ვიტოვებ, ახალ წლამდე ბატონი ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ.
P.S. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ახალ წელს ჩვენი ქვეყნის მეკვლე მრავალი ასეული ათასი ადამიანი იქნება რუსთაველის გამზირზე", - აღნიშნულია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.
ნანახია: 48
მსგავსი სიახლეები
clickss