შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროა, რომ სააკაშვილის მფარველი პოლიტიკური ჯგუფები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას, უკვე რა ხანია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად იყენებენ

სამწუხაროა, რომ სააკაშვილის მფარველი პოლიტიკური ჯგუფები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას, უკვე რა ხანია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად იყენებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი წერს, 2022 წელს, ამ ჯგუფების ჩართულობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადა და მისი გათავისუფლება მოითხოვა.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას რაც შეეხება, სამწუხაროა, რომ სააკაშვილის მფარველი პოლიტიკური ჯგუფები მას, უკვე რა ხანია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად იყენებენ. შეგახსენებთ, ჯერ კიდევ 2022 წელს, ამ ჯგუფების ჩართულობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, თავისი რეზოლუციით, ადამიანების წამებისა და ბიზნესის რეკეტის კორუფციული სისტემის შემქმნელი სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადა და მისი გათავისუფლება მოითხოვა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, არცერთი გადაწყვეტილება თუ რეზოლუცია უკვე გასაკვირი არ არის. ასევე, შეგახსნებეთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ქართველი ხალხის სუვერენიტეტის შემლახველი რეზოლუციის მიღების შემდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ყველა წევრმა დელეგაცია დატოვა. დღეს საქართველოს პარლამენტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაცია არ ჰყავს. ასე რომ, რა თქმა უნდა, დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხიც განხილული ვერ იქნება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
ამასთან, პაპუაშვილი აქვეყნებს წერილს, რომელიც 5 თებერვალს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, თეოდოროს რუსოპულოსს გაუგზავნა.
„გიზიარებთ წერილს, რომელიც ამ საკითხზე და საქართველოს პარლამენტის პოზიციაზე თებერვლის დასაწყისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მივწერე:
პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო, გწერთ, რათა გაცნობოთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა პარლამენტის დელეგაციის წევრობიდან გადადგომის წერილით მომართეს. შესაბამისად, დელეგაცია არ არის დაკომპლექტებული და ვერ წარმოადგენს საქართველოს პარლამენტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ასევე, მსურს, რამდენიმე განმარტება გავაკეთო პარლამენტის დელეგაციის გაუქმებასთან დაკავშირებით. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2025 წლის 29 იანვრით დათარიღებულ ბოლო რეზოლუციაში (2585 (2025) წამოაყენა საქართველოს დელეგაციის რწმუნების აღიარების პირობები. ამით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შელახა ქართველი ხალხის სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება, ვინაიდან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის აღიარების წინაპირობად საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარება დაადგინა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მცდელობა, უარი თქვას ქართველი ხალხის არჩევანის აღიარებაზე, ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტსა და თავად ევროპის საბჭოს ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს, არამედ წარმოადგენს პრეცედენტს, თუ როგორ შეიძლება, რომ პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებამ უგულებელყოს არსებული რეალობა და ამით გაამწვავოს პოლიტიკური პოლარიზაცია. ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მცდელობა, თავიანთი პარტიკულარისტული ინტერესების იარაღად გამოიყენონ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ქმნის სახიფათო პრეცედენტს, რომელსაც შეუძლია, ძირი გამოუთხაროს თავად ევროპის საბჭოს ღირებულებებსა და პრინციპებს. ამგვარი ქმედებები მიკერძოებულ პოლიტიკურ ჯგუფებს აძლევს პოლიტიკური ანგარიშსწორების შესაძლებლობას, რაც წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის ისეთ საფუძვლებთან, როგორიცაა სახალხო სუვერენიტეტი, და ევროპის საბჭოს პრინციპებთან, როგორებიცაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. თავისთავად ცხადია, რომ ამგვარი გადაწყვეტილებები, უპირველეს ყოვლისა, არღვევს ინკლუზიურობის პრინციპს და თავად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას აზიანებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო მსგავსი მცდელობა, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს ლახავდა, იყო 2022 წლის 13 ოქტომბრის 2463 (2022) რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, „პოლიტიკურ პატიმრად“ აცხადებდა და მოითხოვდა მის გამოშვებას კანონიერი და ლეგიტიმური პატიმრობიდან. ბატონო პრეზიდენტო, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას დელეგაციის გაუქმების მიუხედავად, საქართველო კვლავ რჩება ევროპის საბჭოს ძირეული ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულად, რომლებიც გულისხმობს ხალხის არჩევანის პატივისცემას, უმრავლესობის მმართველობას უმცირესობის უფლებების დაცვით და კანონის უზენაესობას“, – ნათქვამია შალვა პაპუაშვილის წერილში.
ნანახია: 417
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის
უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ
თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს
ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

ინდონეზიამ დააკავა გემი, რომელსაც 426 მილიონი დოლარის მეტამფეტამინი და კოკაინი გადაჰქონდა
საზღვაო ფლოტის განცხადებით, ხელისუფლებამ გემი მაშინ დააკავა, როდესაც ის ცდილობდა შუქების
clickss