პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება!

პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გუშინ განცხადება გააკეთა, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "საზოგადოება თვალყურს ადევნებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომებს და პირველივე სხდომებიდან კარგად გამოჩნდა, რომ წარსულში ჩადენილი გაუგონარი დანაშაულების ავტორები, მათი თანამზრახველები, ქვეყნის წინაშე საერთო, მტრული მიზნით მოქმედი პოლიტიკური პარტიები უნდა ჩამოშორდნენ პოლიტიკას.
სულ რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს სხვადასხვა ადამიანის გამოკითხვა და პირველივე დღეებში არა მხოლოდ ინფორმაციულად, არამედ უკვე მტკიცებულების დონეზეც აშკარად გამოიკვეთა, რამდენად ღრმა ფესვები აქვს იმ ბოროტებას, რომელსაც დღემდე ებრძვის ქართული საზოგადოება და მის მიერ არჩეული ხელისუფლება; რამდენად დიდი გამოწვევების წინაშეა ჩვენი ქვეყანა და რა მასშტაბის საშიშროების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი, გარედან მართული და ყველანაირ დანაშაულზე წამსვლელი ე.წ. პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები კვლავ იქნებიან უფლებამოსილნი, იწოდებოდნენ პოლიტიკოსებად, პოლიტიკურ პარტიებად და ამ სახელდების ქვეშ განაგრძობდნენ საქართველოს წინააღმდეგ მორალური, პოლიტიკური თუ სისხლისსამართლებრივი დანაშაულების ჩადენას. თეორიულად რომ დავუშვათ მათი ხელისუფლებაში დაბრუნება, ისინი კიდევ უფრო დიდი ძალისხმევით გააგრძელებენ საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ ბრძოლას. საგამოძიებო კომისიის პირველივე სხდომებიდანვე კარგად გამოჩნდა, რომ წარსულში ჩადენილი გაუგონარი დანაშაულების ავტორები და მათი თანამზრახველები – ქვეყნის წინაშე საერთო, მტრული მიზნით მოქმედი პოლიტიკური პარტიები უნდა ჩამოშორდნენ პოლიტიკას.
საბოლოოდ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვეძლება, ვისაუბროთ ჩვენი სამშობლოს გადარჩენის, განვითარების, გამთლიანების, ევროპული მომავლის, კულტურის და იდენტობის შენარჩუნების რეალურ პერსპექტივებზე.
ამავე დროს, ამ გადაწყვეტილების გარეშე შეუძლებელია, გაჩნდეს რეალური, საქმეზე, ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული, ძლიერი ოპოზიცია, რომელიც არ იქნება დაკავებული ქვეყნის გარედან მიღებული დავალებების შესრულებით. წარსულის ცოდვებით დამძიმებულ ე.წ. პოლიტიკოსებს დღეს მთლიანად აქვთ ათვისებული ოპოზიციური ველი და შანსს არ უტოვებენ სხვას, ხელისუფლების ოპონენტად ჩაერთოს დემოკრატიულ პროცესებში, მაშინ როდესაც ამ ქვეყანას ჰყავს უამრავი ნიჭიერი, განათლებული და პატრიოტი ადამიანი, მათ შორის, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები, რომლებიც ვერც კი ფიქრობენ პოლიტიკაში ჩვენს ოპონენტებად შემოსვლასა და შემდგომ განვითარებაზე, რადგან იციან, რომ მინიმალურ კონკურენციასაც კი ვერ გაუწევენ უცხოელპატრონიან და გარედან დიდი თანხებით დაფინანსებულ ვითომ პოლიტიკოსებს.
შეგახსენებთ, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო.
უკვე აშკარაა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა მოგვცემს მყარ საფუძველს, მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩვენ უკვე დავაინიცირეთ კანონის პროექტი, რომელიც ეხება ხსენებული პარტიების მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, თუ პარტიის საქმიანობის არსი, გადაწყვეტილების მიმღებთა პერსონალური შემადგენლობა თუ საწესდებო მიზნები კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის არსის, პერსონალური შემადგენლობის თუ საწესდებო მიზნების იდენტური იქნება.
ასევე, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობისას აშკარად გამოიკვეთა 2012 წლის შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებული ქმედებების გამოძიების საჭიროებაც. აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლებმა რაც წარსულში ჩაიდინეს, იმისი გაგრძელებაა, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ჩადიან. მეტიც, მუდმივად არიან დაკავებულები მცდელობებით, დაამხონ ან ძალადობით შეცვალონ საქართველოს კონსტიტუციური წყობილება და სხვა ფორმებით დაუპირისპირდნენ საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს. ერთი სიტყვით, 2012 წლის შემდგომაც მათ აქვთ ჩადენილი უამრავი ისეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომლებიც შესაბამის სამართლებრივ შეფასებასა და რეაგირებას საჭიროებს. ამასთან დაკავშირებით გვქონდა კონსულტაცია კომისიის შემადგენლობასთან და იმ მიზნით, რომ კომისიის საქმიანობის სფერო არ იყოს შეზღუდული მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილი ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიების ფარგლებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, მისი მანდატი გაფართოვდეს და, ახალი დადგენილებით, გავრცელდეს 2012 წლის შემდგომ, ანუ, საერთო ჯამში, 2003 წლიდან მოყოლებულ დღემდე პერიოდზე.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამ საკითხებზე საქართველოს პროკურატურაშიც მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. დაველოდებით პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების შედეგებსაც, რაც, არ გამოვრიცხავთ, რომ ასევე გახდეს აგენტურული პარტიების მხილების და მათი აკრძალვის მიზნით კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის დამატებითი საფუძველი“, – აღნიშნა მდინარაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, უკანასკნელ პერიოდში ხშირად ისმის კითხვა, მიიღებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები. მდინარაძის განცხადებით, ქართული სახელმწიფო და მისი კონსტიტუციური წესრიგი უზრუნველყოფს, რომ ისინი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
„აგენტურული ძალები ყოველთვის ისე მოიქცევიან, როგორც დამფინანსებელი უფროსები დაავალებენ. მათი დავალებით ისინი ჯერ კიდევ ლაპარაკობენ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. სინამდვილეში, განა არ მიიღებენ, ვერ მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ამას უზრუნველყოფს ქართული სახელმწიფო და მისი კონსტიტუციური წესრიგი.
ამ ეტაპზეც კი მკაფიოდ იკვეთება, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა იქნება ამ პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების მყარი სამართლებრივი საფუძველი და საკონსტიტუციო სასამართლოც, დარწმუნებულები ვართ, გამოიტანს ობიექტურ გადაწყვეტილებას. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არათუ თვითმმართველობის არჩევნებში, არამედ ამ ქვეყანაში ჩატარებულ ვერცერთ არჩევნებში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას. როგორც ანტიქართული, ანტიკონსტიტუციური, ანტიეროვნული და დანაშაულებრივი პარტიები, ისინი არაკონსტიტუციურ პარტიებად გამოცხადდებიან და აეკრძალებათ საქმიანობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ნანახია: 260
მსგავსი სიახლეები

ისტორიაში პირველად საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე
ჩემპიონატზე, რომელსაც ყოველ მეორე წელიწადს ტოკიო მასპინძლობს, ექვსი ქვეყნის გუნდი მონაწილეობს

ლატვიის დედაქალაქ რიგაში ევროპის 2025 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრის ცერემონ
ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპები 2025 წლის 27 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გაიმართება, ფინალურ შეხვედრებს

საქართველომ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე პირველი ლიცენზია მოიპოვა
წელს ლუკა ბერულავასა და ანასტასია მატელკინას წყვილმა იუნიორთა შორის მსოფლიოს პირველობაზე ჩემპიონობა

პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება!
საბოლოოდ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვეძლება, ვისაუბროთ ჩვენი სამშობლოს გადარჩენის, განვითარების

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა
შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოს მრავალწლიანი თანამშრომლობა გაერო-სა
clickss