2025-10-29

10:37

მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენ ძალიან ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას ევროკავშირის და ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში, დიდი მადლობა თქვენი პოზიციის გამო

პოლიტიკა
24-03-2025 16:46

ჩვენ ძალიან ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას ევროკავშირისა და ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში, დიდი მადლობა თქვენი პოზიციის გამო, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთში, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-უნგრეთს შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ, რადგან მომეცით შესაძლებლობა, ვყოფილიყავი დღეს აქ, ბუდაპეშტში და მიმემართა ამბასადორიალისადმი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა დიპლომატიური წრეებისთვის. ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. დიდი მადლობა ასევე უნგრეთის მხარდაჭერისთვის საქართველოს მიმართ, თქვენი პოზიციის გამო გიხდით მადლობას. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას ევროკავშირის ფარგლებშიც და, რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში. წელს ინტენსიური ორმხრივი ურთიერთობები გვაქვს, მომავალი კიდევ უფრო უკეთესია. ჩვენ ძალიან მალე გვექნება ეკონომიკური საბჭოს სხდომა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა გავაძლიეროთ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები და გამოვავლინოთ ახალი შესაძლებლობები. რა თქმა უნდა, მაჩვენებლები კარგია, მაგრამ მათი გაუმჯობესებაც შეიძლება. ამ მიმართულებით ვიმუშავებთ და დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი შედეგები გვექნება მომდევნო წლებში ეკონომიკური თანამშრომლობის გაუმჯობესების კუთხით. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ჩვენს შემდგომ მთავრობათაშორის შეხვედრას ბუდაპეშტში, საქართველოს მთავრობა და უნგრეთის მთავრობა შეხვდებიან. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა იმაზე სასაუბროდ, რა შეიძლება გაკეთდეს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის კონტექსტში. ეს ძალიან მკაფიო მაგალითია, როგორ უნდა თანამშრომლობდნენ ქვეყნები ერთმანეთთან და როგორ უნდა მუშაობდნენ ერთად, რათა გაძლიერდეს თანამშრომლობა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა შუა დერეფნის პროექტზეც და აღნიშნა, რომ საქართველო დიდ ყურადღებას აქცევს ამ პროექტს.

„კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ითამაშოს საკუთარი როლი შუა დერეფანში, ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ პროექტს სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეობით. აქ, უნგრეთში უნდა ვახსენო ჩვენი კარგი თანამშრომლობა, როდესაც საუბარია დაკავშირებადობაზე, თანამშრომლობაზე საქართველოს, უნგრეთს, რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. მნიშვნელოვანია ამ კუთხით ევროკომისიასთანაც მუშაობა და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ჩვენ ვთავაზობთ. ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი ევროსტრუქტურებში, რათა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს ევროპის უსაფრთხოებისთვის, მე ასე ვიტყოდი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამავდროულად, მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა ოკუპაციის პრობლემასა და მშვიდობის მნიშვნელობაზე.

„მშიდობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო კვლავ დგას რუსეთის მხრიდან ოკუპაციის პრობლემის წინაშე ორ რეგიონში. ეს კვლავ გარკვეულ საფრთხეებს ქმნის და ჩვენ მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე ვმუშაობთ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს სამომავლო განვითარებისთვის, ეკონომიკური თანამშრომლობისთვის და ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონში. ჩვენ ამ კუთხით ვიზიარებთ ჩვენს საერთო მომავლის ხედვას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

გარდა ამისა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ, ევროპაში ინტეგრაციის მიმართულებით, საქართველო მადლობელია უნგრეთის მხრიდან ექსპერტული დახმარებისთვის.

„რაც შეეხება ევროპაში ინტეგრაციას, თქვენ ბრძანეთ, რომ მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი ეს გახლავთ. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, რომელსაც უზრუნველყოფთ ექსპერტული დახმარების კუთხით. ეს ძალიან ქმედითი დახმარებაა. უნგრელი ექსპერტები ჩვენ ძალიან გვეხმარებიან და ამისთვის მადლობას გიხდით, ეს სამოქალაქო საზოგადოების დახმარებაც არის. შესანიშნავი თანამშრომლობა გვაქვს, ამისთვის დიდი მადლობა. მადლობა ასევე იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც მომეცა აქ ყოფნის გამო. ეს ჩემთვის დიდი პატივია და მოუთმენლად ველოდები თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

წყარო: 1tv.ge

მსგავსი სიახლეები

2025-10-21 10:15
პოლიტიკა

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

2025-10-20 14:52
პოლიტიკა

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდ

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა

2025-10-20 10:08
პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

2025-10-16 10:47
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა,

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა

2025-10-14 10:32
პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები