VIDEO: საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა და ერთა ლიგის B ლიგაში გააგრძელებს ასპარეზობას

საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრა „დინამო არენაზე“ გამართა. ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა და ორმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვების შედეგად ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონზე B ლიგაში გააგრძელებს ასპარეზობას.
მატჩის ანგარიში მე-4 წუთზე ოთარ კიტეიშვილის გოლით გაიხსნა, მე-14 წუთზე კი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, 23-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ, 27-ე წუთზე კი კიტეიშვილმა დუბლი გაიფორმა, რასაც 35-ე წუთზე მიქაუტაძის ასევე დუბლი მოჰყვა. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ 5:0 დასრულდა. მეორე ტაიმში სომხეთმა ერთი ბურთის გაქვითვა ედგარ სევიკიანის გოლით შეძლო, 62-ე წუთზე კი ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა.
პლეი-ოფის პირველ მატჩში ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთი სტუმრად ანგარიშით 3:0 დაამარცხა. სომხეთში გოლები გიორგი ქოჩორაშვილმა და გიორგი მიქაუტაძემ გაიტანეს.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2024-25 წლის ერთა ლიგის B დივიზიონის B1 ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. სულ ნაკრებმა ექვსი მატჩი გამართა - ორი შეხვედრა მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა, სამი კი დათმო.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "მნიშვნელოვანი იყო ამ თამაშების მოგება და B ლიგაში დარჩენა, რადგან მხოლოდ ძლიერ ნაკრებებთან თამაშით შეგვიძლია გავაგრძელოთ განვითარება. კმაყოფილი ვარ პირველი ტაიმით, სადაც მაღალი ინტენსივობით ვითამაშეთ, მათ შორის თავდასხმაში. მეორე ტაიმი განსხვავებული იყო, რთული იყო 5:0-ის შემდეგ ინტენსივობის შენარჩუნება. ბევრი ცვლილება განვახორციელეთ და საინტერესო იყო მოედანზე შემოსული ფეხბურთელების ხილვა.
გიორგი მიქაუტაძე ჯერ კიდევ ახალგაზრდა მოთამაშეა და იმედი მაქვს, მომავალში კიდევ უფრო უკეთ ითამაშებს. ვფიქრობ, ასეც იქნება, როდესაც საკლუბო დონეზე მეტი სათამაშო დრო ექნება. ევროპის ჩემპიონატმა მას დიდი თავდაჯერება მისცა.
რთულია იმის თქმა, დავუბრუნდებით თუ არა 3 ცენტრალური მცველით თამაშს. ამ ტაქტიკაზე გადასვლის გადაწყვეტილება 3-4 წლის წინ მივიღეთ. მაგ პერიოდის შემადგენლობიდან გამომდინარე, ეს საუკეთესო არჩევანი იყო და ამან შედეგი მოგვიტანა, ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე. ახლა, გვყავს ლუკა ლოჩოშვილი და საბა გოგლიჩიძე, რომელთაც იტალიაში სათამაშო პრაქტიკა აქვთ. განსხვავებული ტიპის მოთამაშეები არიან და უფრო მეტი დინამიკა ახასიათებთ. ეს შესაძლებლობას გვაძლევს ვითამაშოთ განსხვავებული დაცვის ხაზით. ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, როგორ ვითამაშებთ სექტემბერში. თუმცა, რამდენიმე სათამაშო სქემის გამოყენება მეტ შესაძლებლობას გვაძლევს თამაშისთვის მოსამზადებლად. ეს კარგია ჩვენთვის და მომავალში უფრო მეტად გაგვაძლიერებს".
ნანახია: 393
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნ
ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის იყო შესაძლებლობა თავი ეჩვენებინათ არა მხოლოდ

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფში იასპარეზებს
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად 2024 წელს გერმანიაში

საქართველო 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე A ჯგუფში იასპარეზებს
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გასვლის შანსი აქვს

პარაძიუდოისტები საბა ბაღდავაძე და გიორგი ქალდანი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ!
ასევე პარაძიუდოისტმა გიორგი ქალდანმა (-70 კგ) ფინალში იაპონელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა

თბილისში მიმდინარე პარაძალოსნობის მსოფლიოს თასის მეორე დღეს ქართველმა პარაათლეტებმა 12 მედალი მოიპოვ
ჩემპიონობა აკაკი ჯინჭარაძემ (+ 107კგ) იზეიმა. მან ინდივიდუალურ ასპარეზობაში 240 კილოგრამი ასწია
clickss