2024-11-21

15:23

VIDEO: საქართველოს პრეზიდენტი - არჩევნები არ შედგა და აუცილებელია უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები

პოლიტიკა
19-11-2024 10:35

მოვისმინეთ არჩევნების შედეგების ერთი შემაჯამებელი ოქმი [ცესკოსგან], ახლა ჩემი, როგორც ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის, როგორც ერთადერთი დარჩენილი დამოუკიდებელი ინსტიტუტის არჩევნების შეჯამება უნდა წარმოგიდგინოთ, რაზეც ალბათ, ცესკოს ვერ ექნება ვერანაირი პრეტენზია. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების შედეგების ჩემი შემაჯამებელი შეფასება არის შემდეგი: უპირველესად, დაირღვა საქართველოს კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპებით და სტანდარტებით  არაერთ კონვენციაში ასახული, გარანტირებული, მთავარი უფლებები - ერთი, ხმის მიცემის ფარულობა და მეორე, ხმის მიცემის საყოველთაობა, რომლითაც ემიგრანტების საარჩევნო უფლებები იქნა უგულებელყოფილი. ამასთან ერთად, ყველამ ვიცით და ვნახეთ, რომ ადგილი ჰქონდა ფართოდ გავრცელებულ და სისტემური გაყალბების სქემებს, რომლებიც მოიცავდა როგორც წინასაარჩევნო ასევე, არჩევნების დღის პერიოდს. დაირღვა ასევე, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არჩევნებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლება - საარჩევნო საჩივრები განხილული ყოფილიყო სამართლიანად და დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ.

ამავდროულად, არჩევნებს არ აღიარებს პრეზიდენტი, თავად არცერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და მაშასადამე, არცერთი არ ცნობს ამგვარად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას, არ აღიარებს არჩევნებს საზოგადოების დიდი ნაწილი და განაგრძობს თავის სამართლიან პროტესტს და შეუგუებლობას. არ აღიარებს ამ არჩევნებს არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ თავს იკავებენ, რომ არჩევნებზე თქვან - ეს არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და თავისუფლად, და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გავიდა უკვე სამი კვირა და არცერთ ჩვენს მთავარ დემოკრატიულ პარტნიორს არ აქვს აღიარებული ეს არჩევნები, ხაზს უსვამენ პირიქით, დარღვევებსა და განიხილავენ სხვადასხვა ზეწოლის ზომებს.

ამდენად, განაჩენი გამოტანილია - ეს არჩევნები არ შედგა!

ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყანა ძალიან სერიოზულ მდგომარეობაში იმყოფება და მეტსაც ვიტყვი, ქვეყანას სერიოზული საფრთხეები ემუქრება. ერთი ასეთი საფრთხეა დესტაბილიზაცია, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ორხელისუფლებიანობას და პოლარიზაციის გაღრმავებას, რასაც როგორც ვხედავთ, ყოველდღიურად ხელს უწყობს უაღრესად აგრესიული ხელისუფლების და მისი მხარდამჭერების ორგანიზებული პროპაგანდა. პოლიტიკურ არასტაბილურობას შესაძლოა, მოჰყვეს ასევე გარე დესტაბილიზაცია გარე ფაქტორებიდან გამომდინარე. ამგვარი დესტაბილიზაციის საფრთხე იზრდება, როცა ქვეყანა პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობების მაგივრად, ირჩევს იზოლაციას, რაც ახასიათებს დღევანდელ ხელისუფლებას; ამავე დროს, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, რომელიც ყველა პარამეტრების მიხედვით კარზე მოგვადგა.

როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, არ მაქვს უფლება დავუშვა ეს, ამას არ და ვერ დავუშვებ!

ამიტომ, ამ თითქოს გარდაუვალი, ღრმა და საშიში კრიზისისგან გამოსავლის გზა უნდა მოვძებნოთ ერთად, უნდა შევთავაზო საზოგადოებას, პოლიტიკურ ძალებს, ჩვენს პარტნიორებს და მე მგონი, რომ ეს უნდა მოისმინოს თუნდაც, არსებულმა ხელისუფლებამ, როგორც ამ არსებული მდგომარეობიდან ერთადერთი სტაბილური და მშვიდობიანი გამოსავალი.

გეგმა როგორია, რას ვთავაზობ: უპირველესად, ცხადია, ახალი არჩევნები! როცა არჩევნები არ შედგა, აუცილებელია, უმოკლეს ვადაში განმეორდეს ეს არჩევნები, მაგრამ ეს ვადა დამოკიდებულია შემდეგი საკითხების გადაწყვეტაზე, რის გარეშეც ახალი არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს - ეს არის საერთაშორისო გამოძიება, არა იმისთვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა გვითხრან ის, რაც ყველამ კარგად იცის, რომ გაყალბდა და არ შედგა არჩევნები; არა, ეს საჭიროა იმისთვის, რომ გამოარკვიონ და დაამტკიცონ ის სისტემური ხარვეზები, რაც ამ არჩევნების დროს არსებობდა და რაც გამოსასწორებელია თუ გვინდა, რომ მივიღოთ და (გვინდა ნამდვილად) ახალი, სამართლიანი, თავისუფალი და არა გაყალბებული არჩევნები.

საერთაშორისო მხარდაჭერით, მაშასადამე, უნდა შევძლოთ ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, საარჩევნო კოდექსის ცვლილება იმ მიმართულებით და იმ გზავნილებით, რაც იყო თავის დროზე ეუთო/ოდირის მოთხოვნები, მაგრამ კიდევ დამატებით, მაგალითად, უცხოეთში უბნების გახსნის პროცედურების გამართვით, და ასევე, საარჩევნო დავების სპეციალური სასამართლოს შექმნა ამ ყველა ახალ ინსტანციებში, სასურველია და არ არის გამორიცხული, რომ ამაში ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ უშუალოდ ჩართულები.

როგორც ვთქვი, პირველი პუნქტი ახალი არჩევნებია - როგორც კი, ჩვენ დავკმაყოფილდებით იმით, რომ ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და პროცედურები საკმაოდ გაიმართება, მეორე პუნქტი იქნება, 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება. რამდენადაც არ შედგა არჩევნები, არაფერი ახალი არ შეიძლება შედგეს - არც პარლამენტი, არც მთავრობა, არც პრეზიდენტის არჩევნები. ანუ, ჩვენ ვაგრძელებთ იმ არსებული პარლამენტით, მთავრობით და თუნდაც, პრეზიდენტით, იმისთვის, რომ ეს გარდამავალი პერიოდი, ახალ არჩევნებამდე, იყოს მაქსიმალურად სტაბილური. ამიტომ, არავის არ ვიჭერთ, არავის არ ვაგდებთ, არავისთან არ გვაქვს დევნის მომენტი, უნდა მივიდეთ ახალ არჩევნებამდე რადგან არ არსებობს სტაბილური ქვეყანა, სადაც მისი მოსახლეობის, საზოგადოების ნება არ არის ასახული არჩევნებში და მაშასადამე, იმ პოლიტიკურ წყობაში, რომელიც არჩევნებს მოჰყვება.

ამ გეგმაზე აუცილებელია საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და მე ამაზე უკვე ვმუშაობ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მათთვის ყველაზე მიმზიდველია, რამდენადაც ეს ერთადერთი სტაბილური და მშვიდობიანი გზაა, იმისთვის, რომ ჩვენ ამ კრიზისიდან, რაც შეიძლება ჩვენ რყევების გარეშე გავიაროთ.

ახლა - ვინ რას აკეთებს ამ შემთხვევაში:

უპირველესად, ცხადია, საზოგადოებამ უნდა განაგრძოს შეუგუებლობა და პროტესტი. მინდა მივესალმო ამ საღამოს იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს და ალბათ, ამ ღამესაც ქუჩაში იქნებიან. უპირველესად, მინდა მივესალმო სტუდენტებს რადგან ისინი ნებისმიერ ქვეყანაში ის პროგრესის ძალაა, რომელსაც ქვეყანა თავის მომავლისკენ მიჰყავს.მინდა გითხრათ, რომ თქვენი პროტესტის გარეშე ჩემი ძალისხმევა არაფერი არ იქნება, რადგან ეს ამ გეგმის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია; ყველაზე მშვიდობიანი და პოლიტიკურად ძალიან მწიფე პროტესტი აუცილებელია.

პოლიტიკური პარტიები - ვხვდები და შევხვდი პოლიტიკურ პარტიებს და კიდევ ვაგრძელებ მათთან კონსულტაციებს, რათა გავაგებინო, რომ ამ გეგმაში მათი მონაწილეობა აუცილებელია და მე მგონი, რომ ეს კარგად ესმით, რომ სხვა ვარიანტი არც არსებობს, ამაში უნდა ვიყოთ ყველა ერთიანი თუ არა, ყოველ შემთხვევაში, შემჭიდროებულნი.

საერთაშორისო პარტნიორები - როგორც გითხარით, მე პრაქტიკულად ყოველდღიურად სხვადასხვა ლიდერთან ამ თემებზე საუბარი მაქვს. მათი მხრიდან არის ძალიან დიდი მოლოდინი იმისა, რომ მხოლოდ ის კი არ ვუთხრათ რომ გაყალბდა არჩევნები (რაც საკმაოდ კარგად ესმით), არამედ როცა გაყალბდა არჩევნები, საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნა ყოველთვის არის, რომ მოიძიოს რაღაცა გზა, რომლითაც ქვეყანაში კრიზისი გადაწყდება. არავის არ აქვს სურვილი, რომ ახალი კრიზისი დაიწყოს. ამდენად, მგონი რომ ასეთი გეგმა მათთვისაც, რაც პირველივე საუბრებიდან გავიგე, მისაღებია.

და ბოლოს, „ქართული ოცნება" - მე მათ ვურჩევდი, კარგად დაფიქრდნენ. ეს რაღაც თამაში - მე გავხსნი ახალ პარლამენტს, დავნიშნავ მთავრობას და რაღაც, ეს ყველაფერი არასერიოზულია, როცა არ მოგყვება არც შენი ქვეყანა და არც შენი მთავარი პარტნიორები. გარდა, თუ შენ მართლა მიდიხარ სხვაგან. ამდენად, სტაბილურობა, კრიზისი გადაჭრა და იყოს გასული პარლამენტი, 2020 წლის პარლამენტი და იყოს ბატონი კობახიძის ან სხვისი მთავრობა, რომ ჩვენ მივიდეთ მშვიდობიანად ახალ არჩევნებამდე. მგონი რომ უნდა დაფიქრდნენ და მე მინდა ეს დავუტოვო საფიქრელად.

და ბოლოს, მე მინდა ისიც გამცნოთ, რომ ხვალ დილით, საკონსტიტუციოში შემაქვს სარჩელი, სწორედ იმ ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევის გამო, რომელსაც ჰქვია ფარულობა და საყოველთაობა. და ეს არა იმიტომ, რომ მე მჯერა საკონსტიტუციოსი, ჩვენ უკვე ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არც ერთი ინსტიტუტი აღარ არის დამოუკიდებელი და ამისი მტკიცებულება უკვე არაერთხელ მივიღეთ. მაგრამ ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ ქვეყანაში არც ერთი სამართლებრივი დავა მაინც არ უნდა დარჩეს ისე რომ ბოლომდე არ ვცადოთ და ბოლომდე არ გამოვცადოთ, და ესეც არის ამ ჩემი სარჩელის მიზანი, ბოლომდე გამოვცადოთ იმ მოსამართლეების სინდისი, რომლებიც დადგებიან თავიანთ თავთან იმ არჩევანის წინაშე - როგორი ქვეყანა მინდა, ვისთან ერთად მინდა ეს ქვეყანა და საითკენ უნდა წავიდეს ეს ქვეყანა. ამაზე მათი პასუხი იქნება არანაკლებ მნიშვნელოვანი.  მინდა მათ და ჩვენს თავს ვუსურვო, რომ ამ საკონსტიტუციო სასამართლოში აღმოჩნდეს რამდენიმე მოსამართლე მაინც, რომლებიც, როგორც ერთმა მოსამართლემ უკვე გვაჩვენა, თავადაც შეძლებენ გვაჩვენონ, რომ ღირსეული მოსამართლეები მაინც გვყავს ამ ქვეყანაში.

მსგავსი სიახლეები

2024-11-21 13:07
სპორტი

შალვა გოგოლაძემ საქართველოს 23 წლამდე ასაკის ძიუდოისტთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატე

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით 14 სპორტსმენი ასპარეზობდა. საქართველოს ნაკრებმა

2024-11-21 12:59
ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა

აღინიშნა, რომ 2024 წლის იანვარი - ოქტომბრის პერიოდში ქვეყნებს შორის ორმხრივმა სავაჭრო

2024-11-20 17:08
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს

ევროპის ჩემპიონატზე გასვლა პენალტების სერიით გადაწყდა. პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 7:6 იმარჯვა.

2024-11-20 17:05
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჰონგ-კონგს სამუშაო ვიზიტით ეწ

შეხვედრებზე ქართულმა მხარემ ჰონგ-კონგის მთავრობის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებული

2024-11-19 16:46
სპორტი

ქართველი ცხენოსანი მსოფლიოს თასის ფინალში პირველად იასპარეზებს

აღსანიშნავია ისიც, რომ ცენტრალური ევროპის ლიგის მსოფლიოს თასის შესარჩევ ეტაპზე ქართველი მხედარი კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები