კახა ოქრიაშვილი: „ზუსტად ვიცი, რომ დმანისში თავისუფალი, ამაყი ხალხი ცხოვრობს, რომელსაც ვერავინ დაიმონებს!“
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „დღეს შევხვდი დმანისელებს.
რას ნიშნავს, როცა თაღლითი, „გადამგდები“ „ოცნება“ ბოდიშს უხდის სისხლიან მტერს? ამ შემთხვევაში, ბოდიში ნიშნავს მონობის აღიარებას და მხოლოდ მონას შეუძლია, მადლობა გადაუხადოს მჩაგვრელს. დიახ, მონურ მორჩილებაზეა აგებული „მეოცნებეობა“.
რუსეთი 2012 წლის შემდეგაც განაგრძობს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ჩაგვრას და ჩვენი ხელისუფლებისგან იღებს მადლობებს. მონას არავინ არაფრად აგდებს. შეიძლება იყო სუსტი, მაგრამ მებრძოლი, დაიმსახურო პატივისცემა და მაინც მიაღწიო შენს მიზნებს. მონას კი მიზნები არ აქვს, მას აქვს მხოლოდ სურვილი, იყოს „მშვიდ ცახცახში“.
როგორ ცდილობს ხელისუფლება, მონური იდეოლოგია დანერგოს მოსახლეობაში?! მაგალითად, ხალხის ნაწილს ეუბნება, გაძლევ 300 ლარს და რასაც გეტყვი, იმას გააკეთებ, თავი არ გჭირდება, შენს მაგივრად მე ვიფიქრებ და ხმა მე მომეციო. მეორე ნაწილს ეუბნება, აი, შენ ხომ ხარ მასწავლებელი, თუ არ გინდა, ლუკმა-პურის გარეშე დარჩე და სამსახური დაკარგო, ხმა მე უნდა მომცეო. მესამე ნაწილს სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრება და ა.შ.
_________
ხმის მიცემა ფარულია და ვერავინ ვერასდროს დაადგენს, ვინ ვის მისცა ხმა, თუ თქვენ თვითონ არ გაამხელთ. თქვენი არჩევანის შესახებ მჩაგვრელი ხელისუფლება ვერაფერს გაიგებს!
_________
ეს ჩვენი ხალხის დამონების მცდელობაა და ყველა ის პირი, ვინც ამაშია ჩართული, პერსონიფიცირებული იქნება და პასუხს აგებს ამის გამო.
ასე რომ, ვერც ვერავის გააგდებენ სამსახურიდან და ვერც ვერავის მოუხსნიან სოციალურ დახმარებას - საქართველოს მოქალაქე არ არის მონა.
მეორეს მხრივ, ხელისუფლება ნერგავს ომის შიშს - ჩვენ თუ არ ვიქნებით სათავეში, ქვეყანაში ომი იქნებაო. ვის დარჩენია თაღლითი „ოცნება“?! ეს პარტია არავისთვის არანაირ ძალას არ წარმოადგენს, მას არავინ სცემს პატივს, რადგან ყველას თვალში მატყუარა, საკუთარი ხალხის მჩაგვრელი ხელისუფლებაა. აი საქართველოში კი ომი მართლაც არ იქნება და ამის თქმის უფლებას მაძლევს ის გეოპოლიტიკური რეალობა, რაც ჩამოიყალიბდა.
სამწუხაროდ, ჩვენ მშვიდობა გვაქვს და გვექნება უკრაინის ხარჯზე. სანამ რუსეთის ფედერაციას ევროპის ნაწილში აქვს ერთადერთი სატრანსპორტო მარშრუტი და ბოსფორს აკონტროლებს ნატოს წევრი ქვეყანა თურქეთი, რომლის საკუთრებაცაა ეს ენერგეტიკული და სარკინიგზო დერეფანი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის, მანამ ეს გეოპოლიტიკური ბალანსი ჩვენთვის, ამ ეტაპზე, მშვიდობას უზრუნველყოფს. ხოლო გრძელვადიანი მშვიდობა მიიღწევა ნატოსა და ევროკავშირის წევრობით.
2000 წელია, საქართველო ვერავინ დაიმონა და ვერც ივანიშვილი დაიმონებს! ხიფათიანი, მაგრამ შესაძლებლობებით აღსავსე ცხოვრება სჯობს „მშვიდობიან მონობაში“ ცახცახს. მე ზუსტად ვიცი, რომ დმანისში თავისუფალი, ამაყი ხალხი ცხოვრობს, რომელსაც ვერავინ დაიმონებს!
26 ოქტომბერს არ ტარდება კონკრეტული პარტიის ან პიროვნების არჩევნები. შესაძლოა, ვიღაცას კახა ოქრიაშვილი მოსწონდეს, ვიღაცას სხვა პიროვნება, მაგრამ 26-ში არჩევანი ასე არ დგას - ჩვენ უნდა ავირჩიოთ ღირსეული მშვიდობა, შვილების კეთილდღეობა, პროგრესი, განათლება, სულიერი სიმშვიდე, ხვალინდელი დღის რწმენა და ეს ყველაფერი ევროპაშია.
გვახსოვდეს, რომ ხმის მიცემა ფარულია და თქვენი თავისუფალი არჩევანის შესახებ ვერავინ ვერაფერს გაიგებს. მოგიწოდებთ ყველას, დმანისის თითოეულ მოქალაქეს, ასივე პროცენტს - მხარი დამიჭიროთ მე, კახა ოქრიაშვილს და მხარი დაუჭიროთ გზას ევროპისკენ!", - აღნიშნულია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.
ნანახია: 198
მსგავსი სიახლეები
clickss