2024-12-27

04:18

ირაკლი კობახიძე - ვინც მონანიებისა და შერიგების იდეას უპირისპირდება, ის შეგნებულად ეწინააღმდეგება მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რაც საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატია

პოლიტიკა
17-09-2024 17:07

მინდა, გამოვეხმაურო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ქართულ-ოსური შერიგების შესახებ და ამ განცხადების გარშემო ხელისუფლების ოპონენტების მიერ აგორებულ არაჯანსაღ აჟიოტაჟს.

ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ ორი გზით არის შესაძლებელი - ომით, ან შერიგებით. ძმათამკვლელი ომის შემდეგ შერიგება კი, ორმხრივი მონანიების გარეშე, დამეთანხმებით, შეუძლებელია. როდესაც ასეთ პირობებში მონანიებისა და შერიგების იდეას ისტერიკას უპირისპირებ, აშკარაა, რომ საკითხის გადაწყვეტის ერთადერთ გზად ომს განიხილავ. ასეთ დროს არ უნდა გიკვირდეს, როდესაც ომის პარტიად მოგიხსენიებენ.

ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაჩაღებული ომის გამო, ქართველებს ოსებთან ბოდიში გვაქვს მოსახდელი. იმას, რომ ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო, თვეზე მეტია, მთელი გუნდი აცხადებს და ამ მხრივ, ბიძინა ივანიშვილს ახალი არაფერი უთქვამს. ასევე თვეზე მეტია, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ომის დაწყების თემაზე ვერაფერს ამბობენ.

ვერც იტყვიან, რადგან სხვადასხვა დროს როგორც სამივე მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, ისე სალომე ზურაბიშვილს, მკაფიოდ აქვთ დადასტურებული, რომ ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო:

  • „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა 2008 წელს ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით ჩაიწერა, რომ აგვისტოში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ცხინვალის გაუფრთხილებელი დაბომბვით მათ დაიწყეს, რასაც რუსეთის საპასუხო შეტევა მოჰყვა. ისინი ასევე დაეთანხმნენ ტალიავინის დასკვნას, სადაც სააკაშვილის მიერ ომის დაწყების ქრონიკა კიდევ უფრო დეტალურად არის აღწერილი;

  • ევროსაბჭოს რეზოლუციასა და ტალიავინის დასკვნაში მოცემულ საბრალდებო დასკვნაზე პასუხისმგებლობას ინაწილებს გვარამიას პარტიაც, რომლის ლიდერები 2008 წელს მაშინდელ რეჟიმს წარმოადგენდნენ;

  • სააკაშვილის რეჟიმის მიერ ომის დაწყებას ეთანხმება „ლელოც", რომლის ლიდერები, ანა ნაცვლიშვილი და ანა დოლიძე, თავის დროზე, ცხინვალის დაბომბვის გამო, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოსაც კი უჩიოდნენ;

  • 2018 წლის არჩევნების წინ, სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ დასდო ბრალი სააკაშვილის რეჟიმს ომის დაწყებაში, რის გამოც „ნაცმოძრაობამ" ის მოღალატედ შერაცხა.

 

რომ შევაჯამოთ, „ნაციონალური მოძრაობა", „ახალი-გირჩი-დროა", „ლელო" და სალომე ზურაბიშვილი თანხმდებიან, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი „ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო. ასეთ პირობებში, გასაკვირი არაა, რომ მაშინდელი რეჟიმის წარმომადგენლებს თავის მართლების არავითარი რესურსი არ აქვთ.

შესაბამისად, რადიკალური ოპოზიცია არა ომის დაწყების საკითხმა, არამედ ურთიერთპატიებისა და შერიგების თემამ გამოიყვანა მწყობრიდან. ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს: ურთიერთპატიება და შერიგება სწორედ იმ მიზანს ეწინააღმდეგება, რომლისთვისაც „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმმა 2008 წელს გარედან მიღებული დავალება შეასრულა და ომი დაიწყო. სწორედ შერიგება და არა ომის დაწყების თემა არის ტრაგიკული რადიკალური ოპოზიციისთვის.

ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რატომ არის აუცილებელი „ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება. როგორც კი მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დადგება დღის წესრიგში, რადიკალური ოპოზიცია ისევ გარე დაკვეთას შეასრულებს, საკონსტიტუციო ცვლილებებს დაბლოკავს და ამით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გადამწყვეტ დაბრკოლებას შეუქმნის. მათი და მათი პატრონების ამოცანაა, საქართველო მუდმივად დარჩეს კონფლიქტის რეჟიმში, რათა მუდმივი რყევების პირობებში უწევდეს არსებობა, ზომაზე მეტად არ გაძლიერდეს და გარედან ადვილად მანიპულირებადი იყოს ჩვენი ქვეყანა.

მინდა, ასევე გამოვეხმაურო სპეკულაციურ გზავნილს, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ურთიერთპატიებისა და შერიგების თემაზე აჟღერებს. კერძოდ, ოპოზიცია აცხადებს, რომ არ შეიძლება, ბოდიში მოვუხადოთ ქართველების მკვლელებსა და მწამებლებს. ამ სპეკულაციის პასუხად, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ მკვლელებს და მწამებლებს ეროვნება არ აქვთ და მათთვის ბოდიშის მოხდას არც არავინ აპირებს. ქართველი გმირების მკვლელები და მწამებლები ზუსტად ისეთივე ოსები არიან, როგორი ქართველებიც არიან სააკაშვილი და მისი სისხლიანი რეჟიმის სხვა ლიდერები, რომლებმაც 2008 წელს ცხინვალის მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს.

სრულიად ცხადია, რომ როდესაც ურთიერთპატიებაზეა საუბარი, მხედველობაში გვყავს ცხინვალის რეგიონში მცხოვრები რამდენიმე ათეული ათასი მშვიდობიანი ოსი, რომლებთან შერიგების გარეშე მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უტოპიაა, შერიგება კი, ბუნებრივია, ორმხრივი მონანიების გარეშე ვერ შედგება.

არათუ ქართველი გმირების მკვლელებთან და მწამებლებთან არ გვაქვს ბოდიში მოსახდელი, ჩვენ, პირველ რიგში, თავად ჩვენი გმირების ოჯახის წევრებს უნდა მოვუხადოთ ბოდიში იმის გამო, რომ თავის დროზე ხელისუფლების სათავეში ომის გამჩაღებელი სააკაშვილი და მისი გარემოცვა მივუშვით. „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ზუსტად ისევე არიან პასუხისმგებელი სამშობლოსათვის თავდადებული ჩვენი გმირების სიკვდილზე, როგორც მათი უშუალო მკვლელები. ასეთ პირობებში, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის" მცდელობა, ფარად გამოიყენოს დაღუპულ გმირთა სახელები, მხოლოდ უკიდურეს უტიფრობად შეიძლება შეფასდეს.

საბოლოოდ, ყველაფერი შედეგებით იზომება. გარედან მართული სააკაშვილის რეჟიმის მიზანმიმართულმა ნაბიჯებმა - სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრების აღდგენამ, ცხინვალის რეგიონში ალტერნატიული სეპარატული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამ, აგრესიულმა რიტორიკამ, გამუდმებულმა სამხედრო პროვოკაციებმა და ბოლოს, 7 აგვისტოს ცხინვალის დაბომბვამ მოიტანა უმძიმესი შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის - დაიღუპა 400-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი, 30 ათასი ადამიანი იქცა დევნილად საკუთარ სამშობლოში, საქართველომ დაკარგა ტერიტორიების 20 პროცენტი და უმძიმესი ზიანი მიადგა ნდობას ქართველებსა და ოსებს შორის. ეს შედეგები უნდა გაიაზროს ყველამ, მათ შორის იმ ადამიანებმა, რომლებსაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა" დღეს ურთიერთპატიებისა და შერიგების წინააღმდეგ განცხადებების გაკეთებას სთხოვს.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლის აგვისტოში ქართული ჯარი იყო ის, ვინც, მაშინდელი ხელისუფლების ღალატის ფონზე, ქართულ სახელმწიფოს ღირსება შეუნარჩუნა. შესაბამისად, ჩვენი ვალია, ქედი მოვიხაროთ თითოეული ჯარისკაცის წინაშე, რიგითებით დაწყებული სამხედრო მეთაურებით დამთავრებული, რომელმაც ბრძანება ჯარისკაცის ფიცის შესაბამისად შეასრულა და 2008 წელს სამშობლოსთვის გმირულად იომა, განსაკუთრებით კი იმ გმირების წინაშე, რომლებმაც სამშობლოს ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე შესწირეს.

მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა. ეს ამოცანა კი, მხოლოდ შერიგების და შესაბამისად, ორმხრივი მონანიების პირობებში შეიძლება შესრულდეს. აქედან გამომდინარე, ვინც მონანიებისა და შერიგების იდეას უპირისპირდება, ის შეგნებულად ეწინააღმდეგება მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რაც საქართველოს ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატია.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

მსგავსი სიახლეები

2024-12-26 07:14
პოლიტიკა

ევროკომისიის წინადადება ქართველი ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ

ეს გადაწყვეტილება არ მოახდენს ნეგატიურ ზეგავლენას ადამიანთა შორის კონტაქტებზე, რადგან საქართველოს მოქალაქეები,

2024-12-25 18:38
პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს, პარლამენტში გაიმართება

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევნები 14 დეკემბერს, პარლამენტის სასახლეში ჩატარდა. მ. ყაველაშვილი

2024-12-24 12:58
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პრემიერ-მინისტრმა ბიზნესისთვის აქტუალურ ყველა კითხვას უპასუხა. მთავრობის

2024-12-24 12:46
პოლიტიკა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების განმეორებით ჩატარების შესახებ მთავრობას დიალოგისკენ მოუწო

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დედაქალაქ თბილისში მიმდინარე პროევროპულ დემონსტრაციაში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა

2024-12-23 12:14
სპორტი

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, ,,ბაკურიანი 2025“-ის მშვიდობის ცეცხლი საქართველოშ

მშვიდობის ცეცხლი" ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ძიუდოისტ ლაშა ბექაურს, გადაეცემა. დღეიდან





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები