ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წლის იუბილე
დღეს, ჩვენ აღვნიშნავთ საქართველო - ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წლის იუბილეს.
· 2014 წლის 27 ივნისს, ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. ასოცირების შესახებ შეთანხმება წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მთავარ სამართლებრივ ჩარჩოს.
· ასოცირების შეთანხმება საქართველოს დემოკრატიის, თავისუფალი და კონკურენტული ეკონომიკის პრინციპებითა და რეფორმირებით შემდგარ და ამ პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის დეტალურ და დროში კარგად გაწერილ გეგმას წარმოადგენს, რაც ასევე, მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს (DCFTA).
· ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ დაიწყო აქტიური მუშაობა ხელშეკრულებაში გაწერილი შესაბამისი ვალდებულებების შესრულების მიზნით, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებას, ეკონომიკურ ინტეგრაციას და ევროკავშირის სტანდარტებთან და ნორმებთან ქვეყნის დაახლოებას ყველა სფეროსა და მიმართულებაში.
· საქართველომ წარმატებით განახორციელა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი რეფორმები, კერძოდ შეთანხმებით წინასწარ განსაზღვრულ ვადებში განახორციელა, როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციურ დონეზე ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება. დღეისათვის შესრულებული გვაქვს ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების 55 % და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) სივრცის კომპონენტის 65 %.
· სწორედ ამ რეფორმების შედეგად:
Ø საქართველოში წარმოებული პროდუქციისათვის გაიხსნა ევროკავშირის 450 მილიონიანი ბაზარი, რამაც ბიძგი მისცა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას;
Ø საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ვიზის გარეშე მოგზაურობენ;
Ø მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა დემოკრატიის და ადამიანის უფლებების, საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის, საჯარო შესყიდვების, ფინანსური კონტროლის, განათლების ხარისხის გაუმჯობესების, დასაქმების ხელშეწყობის და შრომითი უფლებების დაცვის, გარემოს დაცვის, სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, საბაჟო და საგადასახადო სისტემის მოდერნიზაციის და სხვა მიმართულებებით.
Ø საქართველომ მიიღო არაერთი მილიონი ევროს ფინანსური დახმარება სხვადასხვა სფეროს განვითარებისთვის, იქნება ეს სოფლის მეურნეობა და პროდუქციის წარმოება, განათლება, კულტურა, მეცნიერება, ინოვაციები და სხვა მიმართულებები;
Ø ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით დამატებითი იმპულსი მიეცა ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებში მონაწილეობას (ERASMUS+, ჰორიზონტი 2020, შემოქმედებითი ევროპა) და ევროპულ სააგენტოებთან თანამშრომლობას (FRONTEX, EUROPOL, EUROJUST და ა.შ.).
Ø საქართველო იკავებს მე-6 ადგილს ERASMUS-ის პროგრამაში მონაწილეობის მხრივ, პროგრამაში მონაწილე 141 პარტნიორ ქვეყანას შორის განხორციელებული მობილობების რაოდენობის მხრივ.
Ø ასოცირების შეთანხმებამ ხელი შეუწყო საქართველოს კულტურის სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობას, მათ შორის ქართული კულტურის წარმოჩენას და პოპულარიზაციას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
Ø ასოცირების შეთანხმებამ ხელი შეუწყო საქართველოს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას, კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტირებისა და პროდუქციის წარმოების შემთხვევაში, ინვესტორებს ეძლევათ შესაძლებლობა ტარიფების გარეშე მოახდინონ საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე.
ასოცირების შეთანხმების პარალელურად, ჩვენ ევროკავშირთან თანამშრომლობის სრულიად ახალ და ხარისხობრივად უფრო მაღალ საფეხურზე გადავედით - 2023 წლის 14 დეკემბრის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და იგი უკვე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მყოფ ქვეყანას წარმოადგენს.
- ამ ეტაპზე საქართველო აქტიურად მუშაობს იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რაც აუცილებელია ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნისათვის. აღნიშნული თავის მხრივ, ასევე, მოიაზრებს ასოცირების შეთანხმების წარმატებით განხორციელების გაგრძელებას.
ნანახია: 279
მსგავსი სიახლეები
clickss