2025-06-06

21:01

დიდიე ტღებიუკი საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი კოორდინატორის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა

პოლიტიკა
20-06-2024 21:15

დღეს დიდიე ტღებიუკმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ახალმა მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტს, მის აღმატებულებას ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს  რწმუნებათა სიგელი ოფიციალურად გადასცა.

ბატონმა ტღებიუკმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობისთვის და  კიდევ ერთხელ დაადასტურა გაეროს მზადყოფნა, განაგრძოს ქართველი ხალხის მხარდაჭერა ქვეყნის მდგრადი განვითარების გზაზე.

,,ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში გაეროს გუნდის ხელმძღვანელობა“, - განაცხადა მან. „მოუთმენლად ველი ჩვენს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობას, რათა ხელი შევუწყოთ  მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევასა  და  თითოეული ადამიანისთვის  უფრო სამართლიანი, მდგრადი და მშვიდობიანი მომავლის აშენებას“.

მანამდე, დიდიე ტღებიუკმა რწმუნებათა სიგელის ასლები  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ლაშა დარსალიას გადასცა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა, მასპინძელი მთავრობის თანხმობით, ფრანგი დიდიე ტღებიუკი საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივ კოორდინატორად 17 ივნისს დანიშნა.

დიდიე ტღებიუკს გაეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მდგრადი განვითარების, კლიმატის ცვლილების, სოციალური საკითხების, მშვიდობისა და განვითარების, კრიზისების პრევენციისა და ჰუმანიტარულ სფეროებში მუშაობის 24-წლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო დროს მუშაობდა გაეროს მუდმივ კოორდინატორად ბარბადოსსა და აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნებში,  სადაც გაეროს 20-ზე მეტი სააგენტოს, ფონდისა და პროგრამისგან შემდგარ ქვერეგიონულ გუნდს ხელმძღვანელობდა 10 ქვეყანასა და ტერიტორიაზე.

ბატონი დიდიე ტღებიუკი ადრე გახლდათ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ბრაზილიაში, ხოლო პერუსა და გაიანაში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე. აგრეთვე, მუშაობდა ინდოეთში გაეროს განვითარების პროგრამის კრიზისის პრევენციისა და აღდგენის ჯგუფის ხელმძღვანელად.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მუშაობის დაწყებამდე ბ-ნი ტღებიუკი საფრანგეთის წითელი ჯვრის დელეგაციას ხელმძღვანელობდა კოლუმბიასა და ეკვადორში. ის ასევე მუშაობდა ორგანიზაციაში „ექიმები საზღვრების გარეშე“ (Médecins Sans Frontières) ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში, მანამდე კი - საფრანგეთში, კერძო სექტორში.

ბატონმა ტღებიუკმა დაამთავრა ლონდონის იმპერიული კოლეჯი (დიდი ბრიტანეთი) და ფლობს მეცნიერების მაგისტრის ხარისხს მდგრადი განვითარების მიმართულებით, სპეციალობით – გარემოსდაცვითი ეკონომიკა. მას ასევე მოპოვებული აქვს ბიზნესადმინისტრირების და მართვის მაგისტრის ხარისხი საფრანგეთის მართვის ინსტიტუტიდან (Institut Français de Gestion), საფრანგეთი.

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

2025-05-21 05:51
სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს

ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

2025-05-19 11:31
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

2025-05-16 18:08
პოლიტიკა

ინდონეზიამ დააკავა გემი, რომელსაც 426 მილიონი დოლარის მეტამფეტამინი და კოკაინი გადაჰქონდა

საზღვაო ფლოტის განცხადებით, ხელისუფლებამ გემი მაშინ დააკავა, როდესაც ის ცდილობდა შუქების





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები