2024-11-21

16:51

ბუდაპეშტში გაიხსნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა - „ქალი ხელოვანი - ეპოქის სახე“

კულტურა
31-05-2024 11:06
უნგრეთის დედაქალაქში, ცნობილ ხელოვნების ცენტრში „პეშტი ვიგადო“, საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და უნგრეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სახვითი ხელოვნების გამოფენა - „ქალი ხელოვანი - ეპოქის სახე“. გამოფენა წარმოაჩენს ქართველ ქალ მხატვართა ხელოვნებას ბოლო 100 წლის განმავლობაში.
გამოფენა ბუდაპეშტში დაგეგმილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავი ღონისძიებების ნაწილია, რომლის მთავარი საზეიმო დღეც, ივნისის თვეში, ამავე საგამოფენო სივრცეში უნდა აღინიშნოს.
გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ: თამარ ლილუაშვილი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში, ნიკა ახალბედაშვილი - საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, მუზეუმთა ჯგუფის დირექტორი, ზომბორ ნაგი - „პეშტი ვიგადოს“ დირექტორი, ალექსანდრა გაბუნია - საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფის საგამოფენო მიმართულების ხელმძღვანელი, გამოფენის კურატორები და ეროვნული გალერეისა და ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის წარმომადგენლები.
ხელოვნების ცენტრში მოწყობილმა ექსპოზიციამ გააერთიანა რამდენიმე თაობის მხატვარი ქალები: ქეთევან მაღალაშვილი, ელენე ახვლედიანი, თამარ აბაკელია, ესმა ონიანი, ლია შველიძე და სოფიო ჩერქეზიშვილი. წარმოდგენილი 45 ნამუშევარი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმის, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეისა და მხატვართა პირადი კოლექციების ნაწილია.
დამთვალიერებელი ნახავს ელენე ახვლედიანის ურბანულ პეიზაჟებს, ქეთევან მაღალაშვილისა და ესმა ონიანის პორტრეტებს, თამარ აბაკელიას გრაფიკის კოლექციას, მის ორ ქანდაკებას, ყოფილი „იმელის“ შენობის რელიეფური ფრიზის ესკიზებსა და ფოტომასალას. აღსანიშნავია, რომ თამარ აბაკელიას ნამუშევრები პირველად გამოიფინა, მათ შორის მისი ქანდაკებები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში იყო და ქართველი კურატორების ინიციატივითა და საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით ჩამოისხა პოლიესტერსა და ბრინჯაოში.
ასევე, გამოფენაზე წარმოდგენილია ლია შველიძის ფერწერული ტილოები, რომელთა მთავარი თემა ავტოპორტრეტია და სოფიო ჩერქეზიშვილის ფემინისტური შინაარსის ერთ-ერთი კონცეპტუალური სერია.
გამოფენის მთავარი მიზანია კონკრეტული ეპოქის ხელოვნების ფონზე წარმოაჩინოს ქალი ხელოვანები, მათი შემოქმედება და მათი მისწრაფება ემანსიპაციისაკენ. ქართველ მხატვართა შემოქმედებაში ასახულია ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება მოდერნიზმიდან სოციალისტურ რეალიზმამდე, ექსპრესიონიზმიდან ფემინისტურ ხელოვნებამდე, მოდერნისტული და პოსტმოდერნისტული ტენდენციები, რომლებიც თვალნათლივ წარმოაჩენს ევროპასთან საქართველოს მჭიდრო ისტორიულ კავშირს.
გამოფენის კურატორები არიან ალექსანდრა გაბუნია, მაია ჩიკვაიძე და მაკა ბეჟუაშვილი. მნიშვნელოვანია, რომ გამოფენასთან დაკავშირებით კატალოგიც გამოიცა ინგლისურ და უნგრულ ენებზე.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული გალერეის კურატორთა მიერ შექმნილი გამოფენის კონცეფცია და პროექტი უნგრეთის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საკონკურსო ჟიურიმ დაამტკიცა.
გამოფენა 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

2024-11-18 16:10
კულტურა

იტალიური სამზარეულოს მე-9 მსოფლიო კვირეული 17 ნოემბერს ემოციური და ხალისიანი ღონისძიებით დაიწყო

კვირეულის გახსნითი ღონისძიება, რომელიც ჩვენი საელჩოს მიერ, იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ICE-ITA) თბილისის

2024-11-13 13:27
კულტურა

#SCIM2024, იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული (2024 წლის 16-22 ნოემბერი)

იტალიური სამზარეულოს - მემკვიდრეობის, რომელიც ცოდნასა და ტრადიციებს აერთიანებს და ჩვენი

2024-11-13 12:51
კულტურა

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ილია თოფურიაზე გადაღებული დოკუმენტური ფ

ჩვენების დაწყებამდე ახალგაზრდა სპორტსმენებს შალვა გოგოლაძემ, ლაშა მაჭავარიანმა და ილია თოფურია

2024-11-07 15:04
კულტურა

ელენე ახვლედიანის განახლებული სახლ-მუზეუმი დამთვალიერებელს 7 ნოემბრიდან უმასპინძლებს

განახლებულ სახლ-მუზეუმში განხორციელდა მუზეოგრაფიის პროექტი, რომლის მიზანი იყო სრულად აღდგენილიყო ელენე ახვლედიანის

2024-11-06 11:09
კულტურა

იტალიის საელჩო: იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვედრა სტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორთა საბჭ

ცნობილმა ქართველმა რეჟისტორმა და სცენარისტმა მერაბ კოკოჩაშვილმა ელჩს გააცნო თავისი ახალი კინოსურათი „ტერცო მონდო“,





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები