ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებას „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს

ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, საქართველოს პარლამენტმა „დიდი პროტესტისა და საერთაშორისო საზოგადოების ცალსახა მოწოდების“ მიუხედავად, მესამე მოსმენით მიიღო.
განცხადებაში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკომისიის სახელით გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლება, რომ კანონის მიღება „უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირისკენ წინსვლაზე“.
„წინსვლასთან დაკავშირებით არჩევანი საქართველოს ხელშია. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი, დარჩეს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისადმი ერთგული და განახორციელოს აუცილებელი რეფორმები, რომლებიც დეტალურად არის აღწერილი 9 ნაბიჯში“, — ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული 9 ნაბიჯი ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციაში ჩამოაყალიბა. „ეს ნაბიჯები მოითხოვს ადამიანის უფლებების დაცვას და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის თავისუფლად მოქმედების საშუალების მიცემას. ისინი ასევე დეპოლარიზაციასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის აუცილებლობას ეხება“, — აღნიშნა ბორელმა.
მან დასძინა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხსა და მათ არჩევანს დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ: „მიუღებელია დაშინება, მუქარა და ფიზიკური თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე, პოლიტიკურ ლიდერებსა და ჟურნალისტებზე — ისევე, როგორც მათ ოჯახებზე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს ეს დოკუმენტირებული ქმედებები“.
გარდა ამისა, 14 მაისს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის (EaP CSF) მმართველმა კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც მკაცრად დაგმო კანონის მიღება და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სასწრაფო მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„ქართველ ხალხს და მის სამოქალაქო საზოგადოებას ესაჭიროება გადაუდებელი დახმარება, რათა მათ დაიცვან ქვეყნის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, შეინარჩუნონ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და მედია და დარჩნენ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, — აღნიშნა EaP CSF-ის მმართველი კომიტეტის წევრმა და საქართველოს ეროვნული პლატფორმის ეროვნულმა ფასილიტატორმა, ნათია კუპრაშვილმა.
დამატებითი ინფორმაცია
ნანახია: 680
მსგავსი სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში - „პარ
ის აკავშირებდა ევროპას აზიასთან, დასავლეთს აღმოსავლეთთან, მათ შორის ეკონომიკურ განზომილებაში

ქართველი მოჭიდავე სოლომონ მანაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ფინალამდე სოლომონ მანაშვილმა მოლდოველი გეორგ ერჰანი, საბერძნეთის სახელით მოასპარეზე აზამატ ხოსონოვი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
რეზოლუციის ტექსტში ხაზგასმულია, რომ ამჟამად ასამბლეაში საქართველოს დელეგაცია არ არის წარმოდგენილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
2025 წლის ფორუმის მთავარი თემაა „დიპლომატიის აღდგენა ფრაგმენტულ სამყაროში" და ის უკვე მეოთხედ იმართება

VIDEO: გივი მაჭარაშვილი ევროპის სამგზის ჩემპიონია!
მეოთხედფინალში გივი მაჭარაშვილმა პოლონელი რადოსლავ ბარანი, ნახევარფინალში კი უნგრელი რიჩარდ ვეგი დაამარცხა
clickss