2024-11-21

16:01

ოფთალმოლოგიური დაავადების მქონე პაციენტები სახელმწიფოს თანადგომის იმედზე არიან

ჯანდაცვა
22-04-2024 12:13

ხარ მასწავლებელი, ექიმი ან ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანი, გყავს ოჯახი, ახლობლები, იხდი გადასახადებს ბიუჯეტში, აქტიურად ხარ ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სჭირდები მეგობრებსა და ახლობლებს. გარკვეულ ეტაპზე კი გეწყება მხედველობის გაუარესება - პრობლემები მოულოდნელად და ერთბაშად, ან თანდათანობით ჩნდება. იცი, რომ არსებობს წამალი, რომელიც მხედველობას და მასთან ერთად ცხოვრების ჩვეულ რიტმს შეგინარჩუნებდა, მაგრამ მედიკამენტსვერ ყიდულობ.

...ან იწყებ მკურნალობას, მაგრამ ფინანსების გამო მის გაგრძელებას ვერ ახერხებ. ამასობაში კარგავ კითხვის, გადაადგილების, სრულფასოვანი კომუნიკაციის შესაძლებლობას, რჩები სამსახურის გარეშე ... ამ მძიმე გზას საქართველოში ასობით პაციენტი გადის. მიზეზი მედიკამენტების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ან სათანადო სადაზღვევო სისტემის არარსებობაა, რომელიც ამ ადამიანებს სრულფასოვანი მკურნალობისა და მხედველობის შენარჩუნების საშუალებას მისცემდა.

არსებობს სიბრმავის გამომწვევი 4 დაავადება: გლაუკომა, კატარაქტა, მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია და დიაბეტური რეტინოპათია (დიაბეტური მაკულის შეშუპება). განვითარებულ ქვეყნებში, როგორც სახელმწიფო, ისე სადაზღვევო სქემების საშუალებით, ყველა ამ დაავადების მკურნალობა და მედიკამენტები პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია. საქართველოში ამ კუთხით მდგომარეობა მხოლოდ სანახევროდ, პირველი ორი დაავადების შემთხვევაშია მოგვარებული: კატარაქტა ქირურგიული მეთოდით იკურნება, რასაც დაზღვევაც და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაც აფინანსებს. გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტები, რომლებიც პაციენტებისთვის ამ დრომდე საკმაოდ დიდი ფინანსური ტვირთი იყო, 2024  წლიდან ქრონიკული მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. მაკულის ასაკობრივი დეგენერაციისა და დიაბეტური რეტინოპათიის (დიაბეტური მაკულის შეშუპების) მკურნალობა კი პაციენტებისთვის ხელმიუწვდომელი რჩება. ეს დაავადებები ასობით პაციენტის ცხოვრებას რადიკალურად მხოლოდ იმის გამო ცვლის, რომ საჭირო მედიკამენტების შეძენა მათ მხოლოდ საკუთარი სახსრებით შეუძლიათ. ასეთი შესაძლებლობა მხოლოდ ერთეულებს აქვთ.

მკურნალობა გულისხმობს ანტიანგიოგენეზური პრეპარატების შეყვანას თვალშიდა ინექციების სახით, რათა დაავადების პროცესი დროულად შეჩერდეს. ამ მედიკამენტებს, ბადურის დაავადებების მკურნალობის კუთხით, პრაქტიკულად ალტერნატივა არ აქვს. ქირურგიული ჩარევა ამ ტიპის მკურნალობას ვერ ანაცვლებს.

ექიმები ამბობენ, რომ მათთვის მორალურად რთულია, როცა არსებობს ეფექტიანი მედიკამენტები და მათ, პაციენტებს ვერ უნიშნავენ, ვინაიდან პრეპარატი არ ფინანსდება სახელმწიფოსა და სადაზღვევო კომპანიების მხრიდან. 

 პრობლემაზე jandacva.ge-სთან საუბრობს ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ ,,მზერას’’ ექიმი-ოფთალმოლოგი თინათინ ჯიქურაშვილი, მისი თქმით, მხედველობის პრობლემებისგან და უეცარი სიბრმავისგან არცერთი ჩვენგანი არაა დაზღვეული. ეს, გარდა იმისა, რომ  ადამიანისთვის თავისთავად უმძიმესი მდგომარეობაა, საქართველოს რეალობაში ნიშნავს ქმედუნარიანი მოქალაქეების უსამსახუროდ, უფუნქციოდ დარჩენას. ეს კი ტრაგედიაა არა მხოლოდ ამ ადამიანებისთვის, არამედ დანაკლისია სახელმწიფოსთვისაც, რომელიც კარგავს საზოგადოების აქტიურ წევრებს, დოვლათის შემქმნელებსა და  გადასახადების გადამხდელებს.   თინათინ ჯიქურაშვილის თქმით, სწორედ ასეთი ხედვა აქვთ ამერიკაში და ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც ამ დაავადების სამკურნალო მედიკამენტები სრულად ფინანსდება.

„ექიმები ძალიან განვიცდით პაციენტების მდგომარეობას, როცა ჯანმრთელი, აქტიური და დასაქმებული ადამიანი უცბად ვეღარ ხედავს, ვერ კითხულობს, საგნების ხედვას დამახინჯებულად იწყებს, მხედველობის არეალში უჩნდება შავი ლაქა, რომელსაც ვერ იშორებს... შედეგად, იძულებული ხდება, თავი დაანებოს მუშაობას, ხდება დაუსაქმებელი და უფუნქციო. ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდა ერთ-ერთი ექიმი. სადაზღვევომ მას ერთი ინექცია დაუფინანსა, ამის შემდეგ კარგად იყო, მაგრამ მომდევნო პროცედურების დაფინანსებაზე სადაზღვევო კომპანიამ უარი უთხრა და ამ ეტაპზე ვერ იტარებს მკურნალობას, ამიტომ არსებობს რისკი, რომ პროცესი მეორე თვალშიც დაიწყოს და ამ ექიმმა სამსახური დაკარგოს. საუბარია დასაქმებულ ადამიანზე, ექიმზე,  მაგრამ მკურნალობის სრული კურსის ჩატარება ექიმისთვისაც რთულია საკუთარი ჯიბიდან გადახდის პირობებში. ეს მედიკამენტები ადამიანს მუდმივად, გარკვეული ინტერვალებით სჭირდება, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ არა გამოჯანმრთელებაზე, არამედ დაავადების მართვაზე, სტაბილიზაციასა და მხედველობის შენარჩუნებაზე. ეს ადამიანები ამ წამლების დახმარებით ხედავენ და მათზე არიან დამოკიდებულნი. ამის ფინანსური რესურსი კი მხოლოდ ერთეულებს აქვთ. საშუალო შემოსავლის მქონე პაციენტისთვის, რომელსაც ოჯახი ყავს, ეს რთულად გადასახდელი თანხაა,“ - ამბობს ოფთალმოლოგი.

მისივე თქმით, დიაგნოზის დასმის შემდეგ თითქმის ყველა პაციენტი იწყებს მკურნალობას - იკეთებს 3-4 ინექციას, მაგრამ მკურნალობის პროცესის ბოლომდე მიყვანას 50%-ც კი ვერ ახერხებს. ინექციების შემდეგ ამ ადამიანების მდგომარეობა უმჯობესდება, ისინი კმაყოფილები არიან და მკურნალობის მომდევნო კურსს, რომელიც პირველი 3-4 თვის შემდეგ, გარკვეული ინტერვალი შემდეგ ისევ ინიშნება, ვეღარ იტარებენ. ამის გამო იწყება რეციდივი. პაციენტების ნაწილი მიდის სხვა ექიმთან ხელმისაწვდომი მკურნალობის დანიშვნის იმედით, მაგრამ კარგი შედეგის მისაღწევად თანამედროვე მედიკამენტებია საჭირო. ამიტომ ხდება მკურნალობის კურსის და გაიდლაინების დარღვევა. როცა პაციენტი მკურნალობის სქემას ვერ მიჰყვება,  მხედველობის მდგომარეობა უარესდება. როცა ამის შემდეგ პაციენტი ექიმთან ისევ მიდის, თვალის ფსკერი უკვე ძალიან დაზიანებულია.

საქართველოში, დასახელებული ინექციების დაფინანსებაში პაციენტებს მხოლოდ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო უდგას მხარში, სადაც შესაბამისმა პროგრამამ ათეულობით ადამიანი გადაარჩინა მხედველობის დაკარგვას ან დაქვეითებას.

აჭარაში მკურნალობას ადგილობრივი ბიუჯეტი ყველა იმ მოქალაქეს უფინანსებს, რომელსაც შესაბამისი დიაგნოზი და ჩვენება აქვს. ქვეყნის დანარჩენ ნაწილში მცხოვრები პაციენტები კი მხოლოდ საკუთარი და ახლობლების იმედად არიან დარჩენილები. თუმცა ისინი ოპტიმიზმს არ კარგავენ, რადგან ხელისუფლებისგან რამდენიმე საიმედო სიგნალი უკვე მიიღეს: ერთი აჭარის პრეცედენტი და მეორე - გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსება. ეს უკანასკნელი ქრონიკული მედიკამენტების პროგრამას დაემატა. საქართველო განვითარებადი ქვეყნების კატეგორიას მიეკუთვნება და, ძლიერ ქვეყნებთან შედარებით, მისი რესურსები შეზღუდულია. თუმცა აჭარისა და გლაუკომის მედიკამენტების მაგალითები ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ თვალის დაავადებების მიმართულებით პროგრამების გაფართოება დაიწყო. პაციენტებისთვის მნიშვნელოვანია, დროულად გამოინახოს შესაბამისი თანხები და ქრონიკული მედიკამენტების პროგრამას თვალის ინექციებიც დაემატოს. ეს ასობით ადამიანისთვის სრულფასოვანი ცხოვრების შენარჩუნების ან დაბრუნების ერთადერთი გზაა.

მსგავსი სიახლეები

2024-11-15 16:16
ჯანდაცვა

„გოგოები მოქმედებენ“ - პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა გოგონებისა და ბიჭების გაძლიერებას

გარდა ზემოაღნიშნულისა, 2022 წლიდან AHF საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ

2024-11-14 16:08
ჯანდაცვა

შიდსის ჯანდაცვის ფონდი AHF საქართველო - როცა თქვენი ჯანმრთელობა პრიორიტეტია!

AHF საქართველოში ფუნქციონირებს ახალგაზრდული ცენტრი, რომლის მიზანია ახალგაზრდებს შეუქმნას უსაფრთხო, კომფორტული სივრცე,

2024-11-06 14:51
ჯანდაცვა

PSP-ს ბლოგი: გრიპი — ყველაფერი, რაც ინფექციის შესახებ უნდა ვიცოდეთ!

საწყის სტადიაზე გაციებისა და გრიპის ერთმანეთისგან გარჩევა შეიძლება რთული იყოს — ორივე მათგანი რესპირატორული დაავადებაა.

2024-10-21 10:19
ჯანდაცვა

დაფინანსების შემთხვევაში, უამრავი ადამიანი მხედველობას შეინარჩუნებს - რას ითხოვენ პაციენტები და ექიმ

ანა ფარულავას თქმით, უსახსრობის გამო მკურნალობის ბოლომდე მიყვანას პაციენტების ნახევარზე მეტი ვერ ახერხებს, რადგან ხშირ შემთხვევაში

2024-10-07 18:19
ჯანდაცვა

ცოცხალი ჯაჭვის აქცია ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტთა მხარდასაჭერად

ცოცხალ ჯაჭვში ასევე მონაწილეობენ პაციენტები, ექიმები, მხარდაჭერი კომპანიების წარმომადგენელები და მედია, რომლებიც კიდევ ერთელ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები